Accessibility links

logo-print

დივერსიამ ელექტროსისტემაში მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვა


წელს, საქართველოში მოსული ჭარბი ნალექის წყალობით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავები გაცილებით უკეთაა შევსებული, ვიდრე შარშან,

თუმცა ეს სულაც არ არის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების საფუძველი. ელექტროსისტემას ახლაც კი სერიოზული პრობლემები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიაზე მოთხოვნა გაცილებით დაბალია და კლიმატური პირობებიც უკეთესი, ვიდრე ზამთარში. ენერგოსისტემის მესვეურები თავის გასამართლებლად 20 სექტემბერს საქართველოში დაწყებულ ენერგოკრიზისს დივერსიას აბრალებენ. რამ გამოიწვია თითქმის მთელი საქართველოს ელექტროსისტემის ამჟამინდელი პარალიზება და როგორ ემზადება სისტემა ზამთრისთვის?

დივერსიები უცხო არ არის საქართველოს ელექტროსისტემისთვის, თუმცა, თუ ბოლო დრომდე მათი უმრავლესობა სვან მონადირეებს ბრალდებოდათ ხოლმე, ამჯერად დივერსიების გეოგრაფია შეიცვალა და 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება გორის მახლობლად მოხდა. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის ორი ანძა 20 სექტემბერს, აფეთქების შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები, ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით, იუწყებიან: ანძების აღდგენა 21 სექტემბრის საღამომდე დამთავრდება და საქართველოც განათდებაო. თუმცა ირკვევა, რომ საქმე ასე მარტივად არ არის:

[ელიზბარ ერისთავის ხმა] ”თუ წაქცეულია ანძები, მაშინ დიდი დრო დასჭირდება - 1 კვირა, მინიმუმ. 500 კილოვოლტიანი ხაზი ეს ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობაა. ანძები ძალიან რთულია და მასზე გაჭიმული ელექტროსადენები, თუ ისინი ჩამოყრილია მიწაზე, მის აწევას ან შეცვლას გარკვეული დრო და თანხები სჭირდება.” (სტილი დაცულია)

ეს იყო ელიზბარ ერისთავი, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი. ანძების აღდგენას რომ არა ერთი და ორი დღე სჭირდება, ამას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგურიც აღიარებს და ავარიას ისიც დივერსიას აბრალებს:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] ”ანძა ხო თავისით არ ფეთქდება. ახლა არკვევენ, რა დრო დასჭირდება აღდგენას, იმიტომ რომ ანძები მინდორში გადის და იქამდე გზებია მისაყვანი...”

ამ ავარიას თან დაერთო ენგურის ჰიდროელექტროსადგურის 2 ელექტროტურბინის მწყობრიდან გამოსვლა, რაც საქართველოს ენერგეტიკის უწყებას კიდევ უფრო უძლიერებს ეჭვს სისტემაში მომხდარი დივერსიის შესახებ. ენერგეტიკოსებს იმედი აქვთ, რომ ენგურჰესის აგრეგატებს 21-22 სექტემბერს აამუშავებენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული საქართველოს ელექტროენერგიით სრულფასოვანი მომარაგება როგორც ახლა, ისევე ზამთარში, მაშინ როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება ერთიორად იზრდება.
თუმცა ელიზბარ ერისთავს მიაჩნია, რომ, ჰიდრორესურსების სიჭარბის მიუხედავად, ენგურჰესის სიმძლავრეებს გაფრთხილება სჭირდება:

[ელიზბარ ერისთავის ხმა] ”ეს არის გარკვეული შეღავათი, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს დიდხანს არ ეყოფა, თუ არ განხორციელდა თბილსრესის ბლოკების ამუშავება, რასაც სჭირდება გარკვეული თანხები, რათა შეძენილი იქნას ბუნებრივი აირი მათი მუშაობისათვის. მეორე გზა არის დენის იმპორტი.”

ჯერჯერობით საქართველოს ელექტროსისტემის სუბიექტებს არც ელექტროენერგიის იმპორტზე აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები და არც თბილსრესისთვის საჭირო ბუნებრივი აირის შემოტანაზე. უფრო მეტიც, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მითხრა, რომ თბილისის თბოელექტროსადგურის ამუშავებას საერთოდ არ აპირებენ, რადგან მის მიერ გამომუშავებული ენერგია ძალიან ძვირი ღირს.
XS
SM
MD
LG