Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო პანკისის ხეობაში კონტროლს აძლიერებენ


21 სექტემბერს პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეუმოწმეს. ეს ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა

და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მათი განცხადებით, ხეობაში ტერორისტები, მით უფრო, საერთაშორისო ტერორისტები არ არიან. შემოწმება პანკისის ხეობაში მოსკოვის ახალი ბრალდების ფონზე ჩატარდა. უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის თაობაზე მოსკოვის ბრალდებები აბსურდულია. “პანკისი პრობლემას აღარ წარმოადგენსო,” - თქვა მან ჩვენი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას შეუდგა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ამ კუთხეში?


პანკისის ხეობა კარგა ხანია პრობლემას აღარ წარმოადგენს, იქაურობას სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენო, - ირწმუნებიან საქართველოს ხელისუფლებაში. აღნიშნულის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო ხეობის კონტროლს აძლიერებენ. ამ უწყებების წარმომადგენლებმა სამშაბათს პანკისის ხეობას შეფარებულ ჩეჩენ ლტოლვილებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შეუმოწმეს. ამას გარდა, მიღებულია გადაწყვეტილება ხეობის 24 საათიანი პატრულირების შესახებ.

ხეობაზე კონტროლის გაძლიერება პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებაა. საქართველოს ხელისუფლება ამ ღონისძიებით მოსკოვის ბრალდებას გამოეხმაურა, აჩვენა, რომ პანკისის ხეობის მიმართულებით ყურადღებას არ ადუნებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ტერორისტები არ ეგულება. უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას თქმით, რუსეთიდან წამოსული ახალი ბრალდებების აბსურდულობის დამადასტურებელი იყო 21 სექტემბრის პრევენციული ღონისძიებაც. პანკისის ხეობაში ჩატარებული ღონისძიების შესახებ ჩვენთან საუბრისას მან შემდეგი განაცხადა:

[გიგი უგულავას ხმა] “ ღონისძიების ნაწილი, რასაც მედია დაესწრო, მოიცავდა ლტოლვილების შემოწმებას, თუმცა იქ ღონისძიებების მთელი წყება ტარდება, მათ შორის, დაუსახლებელი ტერიტორიების შემოწმება. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე სერიოზული პრობლემა პანკისის ხეობაში არ ყოფილა და დღეს პანკისის ხეობის თემის წინ წამოწევა რუსი პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციაა. “

პანკისის ხეობაში ამჟამად 2000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს, საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო მათ ხელახალ რეგისტრაციას აწარმოებს. ეს პროცესი 26 სექტემბერს უნდა დასრულდეს.


ჩეჩენ ლტოლვილებს მათ მიმართ სამართალდამცავების გადამეტებული ყურადღება აღიზიანებს. ავტომატიან პირებთან ურთიერთობისას, თუნდაც მხოლოდ დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით, ისინი ომის საშინელებას ხელახლა განიცდიან. “ ჩვენ შორის არც ერთი ბოევიკი არ არის, ბოევიკები არიან ჩეჩნეთში და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. ჩვენ, უბრალოდ, გამოვექეცით საშინელ ომსო,” - 21 სექტემბრის შემოწმებასთან დაკავშირებით თქვა ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას პანკისში მყოფმა ჩეჩენმა ქალმა.


ნანა კაკაბაძე, წარმომადგენელი არასამთავრობო ორაგნიზაციისა “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის”, აცხადებს, რომ ლტოვილთა შემოწმების პროცესმა პანკისის ხეობაში ამჯერად ადრინდელზე გაცილებით უფრო ცივილიზებული ფორმით ჩაიარა. აღნიშნულ არასამთავრობო ორაგნიზაციას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს პანკისის ხეობაში. “ჩვენი ინორმაციით, 21 სექტემბერს პანკისის ხეობაში სამართალდამცავები შემოწმების პროცესს ნორმალურად წარმართავდნენო,” - გვითხრა ნანა კაკაბაძემ. მისი ნათქვამი დუისის გამგებელმა ჯარაბ ხანგოშვილმაც დაადასტურა:

[ჯარაბ ხანგოშვილის ხმა] “პროფილაქტიკის მიზნით ჩაატარეს ეს ყველაფერი, მხოლოდ საბუთები შეუმოწმეს, სხვა არაფერი არ ყოფილა. კულტურულად ჩაატარეს ეს შემოწმება. “

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები მოხსნილია, პანკისის ხეობაში პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდებაო, - აცხადებენ ძალოვან სტრუქტურებში.
XS
SM
MD
LG