Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების კანონს მასწავლებლები აკრიტიკებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი შეიძლება ითქვას, საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები კანონებიდან არც ერთი არ იწვევს ისეთ ვნებათაღელვას, როგორც კანონპროექტი ზოგადი განათლების შესახებ.

სამშაბათს, 21 სექტემბერს, ამ პროექტის განხილვაში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებიც ჩაერთვნენ. გაიმართა თბილისის სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების შეხვედრა პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის წევრებთან.

როგორც ჩანს, კანმონპროექტს, არსებული სახით, კანონად ქცევა არ უწერია - კინოთეატრ “ქოლგაში” შეკრებილ მასწავლებელთა შორის მე ვერ ვნახე მისი თუნდაც ერთი, ბოლომდე მხარდამჭერი ადამიანი. ერთი წუთით ვიგულისხმოთ, რომ მასწავლებელთა აზრი აინუნში ჩასაგდები არ არის - არც პარლამენტის წევრები, მასწავლებლებს რომ ხვდებოდნენ, არ გამოიყურებოდნენ კანონპროექტის გულმხურვალე მომხრეებად.

თბილისის მე-12 სკოლის დირექტორმა ნანა ჯუღელმა მითხრა, რომ ზოგადი განათლების კანონპროექტისადმი პრინციპულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს:

[ჯუღელის ხმა] “ეს არ არის კანონპრექტი ზოგადი განათლების შესახებ. ეს არის კანონპროექტი ზოგად განათლებაში მართვისა და დაფინანსების აგრესიული მეთოდების შესახებ. შემოთავაზებული მოდელი არ გულისხმობს დეცენტრალიზაციას და სკოლის დემოკრატიულ მართვას. აქ არის მკაცრად ცენტრალიზებული მართვა, ჩადებულია დევნისა და გასაჩივრების მექანიზმები. თან ეს ყველაფერი ეხება ბავშვს; მას, უნდა თუ არა, ხდება ამ აგრესიის თანამონაწილე. მას ეძლევა უფლება, გამოთქვას ეჭვი მასწავლებლის კომპეტენტურობის შესახებ და დაწეროს საჩივარი, მაგრამ როგორი უნდა იყოს ბავშვი - უცნობია. მისი მოვალეობები კანონში ფიქსირებული არ არის. აღზრდის მექანიზმებზე პროექტში საერთოდ არ არის ლაპარაკი.”

ნანა ჯუღელი ირწმუნება, რომ პროექტში ჩადებული ნორმების ამოქმედება შუღლს გააღვივებს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის: ასეთ გარემოში ბავშვი არ გაიზრდება - ასკვნის ნანა ჯუღელი.

სკოლის მართვის საკითხებს კანონპროექტში თითქმის 90% ეთმობა, მიაჩნია პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დავით ზურაბიშვილს. როცა ამ 90%-ის შემდეგ წერია, რომ უნდა გაუქმდეს ძველი კანონი განათლების შესახებ, ეს აბსოლუტურად ანგრევს ყველაფერს. დავით ზურაბიშვილი კანონპროექტის სხვა, არსებით ნაკლსაც უთითებს:

[ზურაბიშვილის ხმა] “მთავარი სხვაა: არაფერია ნათქვამი მასწავლებელთა ატესტაცია-გადამზადებაზე. ლაპარაკია ვიღაც შემფასებელზე, რომელმაც მასწავლებელი უნდა შეაფასოს; ვინ არის - არ წერია! გაურკვეველია დაფინანსების პრობლემები. ამიტომ ეს კანონპროექტი შეიძლება თავისუფლად დაიწუროს იქამდე, რომ იყოს შესწორება უკვე არსებულ კანონმდებლობაში, რომელიც გაითვალისწინებს ფინანსურ დამოუკიდებლობას, დეცენტრალიზაციას, დირექტორების დანიშვნის ახალ წესს. თავისუფლად შეიძლება ამ შეთანხმებამდე მივიდეთ სამინისტროსთან ერთად.”

სკოლების დაფინანსების პროექტით გათვალისწინებულ წესს კრიტიკულად ეხმაურება თბილისის მე-4 საშუალო სკოლის მასწავლებელი მაყვალა ჩხაიძე. ის შიშობს: თუ სახელმწიფო მოსწავლეებს მისცემს ვაუჩერებს და უფლებას, ამ ვაუჩერით, სადაც უნდათ, იქ მივიდნენ, მოსწავლეები აირჩევენ კერძო სკოლებს. ეს ხელს შეუწყობს კერძო სკოლათა მომრავლებას და სახელმწიფო სკოლათა დახურვას, რაც შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს დააზარალებს.

მოკლედ, პარლამენტარებმა კრიტიკული შენიშვნები დიდი რაოდენობით წაიღეს. პასუხი მათ, უწინარესად, განათლების სამინისტრომ უნდა გასცეს. ზოგი არგუმენტი ძლიერია, ზოგიც - შეუმდგარი. დისკუსია, მასწავლებელთა ღია დიალოგი ხელისუფლებასთან სამშაბათს დაიწყო და, როგორც ჩანს, დიდხანს გასტანს.
XS
SM
MD
LG