Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერა წიგნაძე - 80


24 სექტემბერს ბალეტის მოყვარულები ვერა წიგნაძეს

დაბადების დღეს მიულოცავენ – საქართველოს სახალხო არტისტი, ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი 80 წლის ხდება. ახალგაზრდები ვერა წიგნაძის ოსტატობაში დარწმუნდებიან, თუ ნახავენ 50-იანი წლების მიწურულს გადაღებულ ფილმს “ქართული ბალეტის ოსტატები” და, რა თქმა უნდა, ფილმ-ბალეტს “ოტელო”, რომელშიც წიგნაძე დეზდემონას პარტიას ასრულებს. თუმცა განსხვავებული თაობის მოცეკვავეები, ისინი, ვინც პირადად იცნობენ დიდ ბალერინას, აღნიშნავენ, რომ ვერა წიგნაძის ნიჭი, მისი განსაკუთრებული პლასტიკა ყველაზე უკეთ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს ვერა წიგნაძის შემოქმედებით ბიოგრაფიას გავიხსენებთ.

ვერა წიგნაძე ბაქოში დაიბადა. ომის დროს იგი იქაურ ქორეოგრაფიულ სკოლაში სწავლობდა. სწორედ ომის დროს ჩავიდა ბაქოში გასტროლებზე ვახტანგ ჭაბუკიანი, დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა მარინა სიმიონოვასთან ერთად. წიგნაძემ სთხოვა თავის პედაგოგებს, წერილით მიემართათ ჭაბუკიანისთვის. ისინი წერდნენ, რომ მათ სკოლაში სწავლობს ნიჭიერი ქართველი გოგონა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. წიგნაძემ თვითონ მიუტანა წერილი ჭაბუკიანს, მაგრამ გოგონამ ვერ გაბედა ჭაბუკიანთან დალაპარაკება და წერილი მარინა სიმიონოვას გადასცა. სიმიონოვას წიგნაძის პედაგოგებისთვის უთქვამს, ჭაბუკიანმა წერილი წაიკითხა, მაგრამ მხოლოდ გაიღიმა და არაფერი უთქვამსო. ორი წელი ისე გავიდა, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ვერა წიგნაძის პედაგოგთა თხოვნას არ გამოხმაურებია. ამასობაში ახალგაზრდა ბალერინამ დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო ცეკვა. აზერბაიჯანულ ბალეტის სამყაროში მას “თავისად” მიიჩნევდნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღნიშნა, იმხანად წიგნაძე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებასა და თბილისის ოპერის თეატრში ცეკვაზე ოცნებობდა. ომი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ვერა წიგნაძემ ჭაბუკიანისგან დეპეშა მიიღო: ქართული ბალეტის მაესტრო მას თბილისში ეპატიჟებოდა.

[მუსიკა]

1946 წლიდან ვერა წიგნაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გახდა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა დებიუტანტი კორდებალეტში არ დააყენეს და თავიდანვე მთავარი პარტიების შესრულება შესთავაზეს. ჟიზელი, დედოფალი ირემა “გორდაში”, კატრი “დონ-კიხოტში”, ცისნამზე “სინათლეში”, ტაო-ხოა “წითელ ყაყაჩოში”, ოდეტა “გედის ტბაში” – ეს არასრული სიაა იმ პარტიებისა, რომელიც ვერა წიგნაძემ ვახტანგ ჭაბუკიანის დასში შეასრულა.... იმ დასში, რომელიც ძირითად აქცენტს მამაკაცის პარტიაზე, ე.ი. თავად ვახტანგ ჭაბუკიანზე, აკეთებდა. თუმცა ჭაბუკიანმა კარგად იცოდა, რომ რეფორმა, რომელიც მან თანამედროვე ქორეოგრაფიაში განახორციელა, რეფორმა, რომელიც მამაკაცის როლს მნიშვნელოვანს და ზოჯერ უფრო მნიშვნელოვანსაც ხდიდა, არ გულისხმობდა ქალის პარტიის შეზღუდვას. ვახტანგ ჭაბუკიანს კარგი პარტნიორი სჭირდებოდა... ის, ვინც არა მარტო საკუთარ, არამედ თავად ჭაბუკიანის შესაძლებლობებს წარმოაჩენდა... ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ხელს არ შეუშლიდა ბალეტის მაესტროს სცენაზე. წიგნაძე, თავისი შეუდარებელი ტექნიკით, ბრწყინვალე ფუეტეთი, მსუბუქი ნახტომითა და ჰაეროვანი პლასტიკით, ჭაბუკიანისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე პარტნიორი. მათ თავიდანვე კარგად გაუგეს ერთმანეთს.

ვერა წიგნაძის კოლეგა, თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ახლა უკვე ყოფილი დირექტორი თამაზ ვაშაკიძე აღნიშნავს: იმ პერიოდში ვერა წიგნაძეს არა თბილისში, არამედ დიდ თეატრში რომ ეცეკვა, მას საბჭოთა ბალეტის პრიმა-ბალერინად აღიარებდნენო. მაგრამ წიგნაძემ ჭაბუკიანი არ მიატოვა... არ მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბალერინები ხშირად ერიდებოდნენ ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად ცეკვას, ამბობდნენ, რომ იგი მათ თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევს, მათ შესაძლებლობებს ზღუდავს, რომ კლასიკურ ბალეტში ძნელია ცეკვა იმ მამაკაცთან ერთად, რომელიც სცენაზე მაყურებლის ყურადღების ცენტრშია. მაგრამ, თამაზ ვაშაკიძის თქმით, ვერა წიგნაძე გამონაკლისი იყო ჭაბუკიანის შემოქმედებით ბიოგრაფიაში:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “ვერასი არ დაჩრდილა, მაგრამ ვახტანგისგან დიდი იმპულსი მოდიოდა. რომ ვუყურებ ახლა “ოტელოს”, ვახტანგის შემოქმედებას, ძალიან ძნელია ამას გაუძლო.” (სტილი დაცულია)

1947 წელს ანდრია ბალანჩივაძის ბალეტი “მთების გული”, ზურაბ კიკალეიშვილისა და ვერა წიგნაძის მონაწილეობით, ჩეხოსლოვაკიაში წარმოადგინეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე უზამაზარი ყვავილების კალათი შემოიტანეს -–ეს იყო ჯორჯ ბალანჩინის ანსამბლის სოლისტების საჩუქარი. ბალანჩინი ახალგაზრდა ქართველ მსახიობებს შეერთებულ შტატებში ეპატიჟებოდა. ამერიკაში გამგზავრება, ცხადია, ვერ მოხერხდა, თუმცა ამ წარმოდგენის შემდეგ ვერა წიგნაძის ოსტატობაზე მსოფლიო პრესა ალაპარაკდა. ბალეტის კრიტიკოსები აღნიშავდნენ, რომ ვერა წიგნაძე არა ჰგავს სხვა საბჭოთა ბალერინებს, რომლებიც, როგორც წესი, კლასიკური ბალეტის ტექნიკის დემონსტრირებას ცდილობენ და არა აქვთ სურვილი ჩასწვდნენ როლის არსს, განსაკუთრებით მაშინ, როცა როლი, დრამატურგიული თვალსაზრისით, პრიმიტიულია. 50-იან წლებში ყველა დარწმუნდა, რომ ვერა წიგნაძე ერთნაირად ბრწყინვალედ ასრულებს როგორც დრამატულ, ისე ლირიკულ პარტიებს; უფრო მეტიც, შეუძლია ჩვენ თვალწინ გარდაქმნას ლირიკული დრამატულად – ითამაშოს, მაგრამ დაიცვას ქორეოგრაფიული ხელოვნების საზღვრები და ბალეტი პანტომიმად არ გადააქციოს... ყველაფერი ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვახტანგ ჭაბუკიანს მაჭავარიანის ბალეტ “ოტელოზე” დაეწყო მუშაობა... ჭაბუკიანს ჰყავდა თავისი დეზდემონა – ვერა წიგნაძე... ბალერინა, რომელიც პლასტიკით ახერხებდა პუბლიკის ატირებას, ბალერინა, რომელიც სინაზის, ჰაეროვნების, სიმსუბუქის სიმბოლო გახდა ქართულ ქორეოგრაფიაში.

ქართული ბალეტის წარმატება საბჭოთა “ქორეოგრაფიულ მაფიას” ყოველთვის აღიზიანებდა. კაგებეში არ მოსწონდათ არც ჯორჯ ბალანჩინის დაინტერესება ქართველი მოცეკვავეებით. მას შემდეგ, რაც საქართველოს კომპარტიას შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში, ოპერის თეატრის საბალეტო დასს, პირადად ვახტანგ ჭაბუკიანსა და მის ფავორიტებს, ხელისუფლებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ეს ის დროა, როცა თბილისში სულხან ცინცაძის ბალეტი “დემონი” დაიდგა, თანამედროვე ბალეტი, რომელშიც მთავარი პარტია ვერა წიგნაძემ შეასრულა. პრემიერის შემდეგ, ცეკას დაკვეთით, პრესაში თითქმის ყოველდღე ქვეყნდებოდა კრიტიკული წერილები, რომელთა ავტორები ვერა წიგნაძეს “პენსიაზე გასვლას” ურჩევდნენ. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ვერა წიგნაძეს ცეკვაზე უარი ეთქვა. ასე დარჩა იგი ლეგენდად. სცენა დაატოვებინეს, თუმცა მისი გამოცდილება გაითვალისწინეს და პედაგოგიური მუშაობის საშუალება მისცეს. მისი მოწაფეები დღეს ცეკვავენ მოსკოვის, პეტერბურგის, ზაგრების, ვარშავის, ანკარის, აგრეთვე შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქის საბალეტო ანსამბლებში... მისი მოწაფეა თამაზ ვაშაკიძეც, რომლის თქმით, ვერა წიგნაძის ხელოვნება დღესაც არ მოძველებულა და “ქართველი დეზდემონასგან” ახალგაზრდა თაობას ბევრი რამ შეუძლია ისწავლოს:

[თამაზ ვაშაკიძის ხმა] “ვერა წიგნაძეს როცა უყურებ დღეს, ის უძლებს აბსოლუტურად დროს... რომ უყურებ, როგორ ცეკვავენ ის ძველი მოცეკვავეები, ყველა შეჭამა დრომ.”(სტილი დაცულია)

1994 წელს, როცა საქართველო აფხაზეთის ომის ჭრილობებს იშუშებდა, როცა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დახურვის საშიშროება შეექმნა, ბალეტის მოყვარულებმა ვერა წიგნაძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს. ქართული ბალეტის პრიმა-ბალერინა ისევ ვახტანგ ჭაბუკიანს უხდიდა მადლობას... ხალხი ამბობდა, ჭაბუკიანის გვერდით მას არასდროს უცდია ყურადღების მიპყრობა, ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობითო... მაგრამ ქორეოგრაფიის ისტორიაში ხშირად ყოფილა ასე: მაყურებელი უფრო მეტად იმას აქცევდა ყურადღებას, ვინც სხვისთვის ცეკვავდა... ასეთი ბალერინა საქართველოში ვერა წიგნაძე იყო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG