Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მეთოთხმეტე წლისთავი მოკრძალებულად აღნიშნეს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი წინა წლებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის მეთოთხმეტე წლისთავთან დაკავშირებით თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში არც სამხედრო აღლუმი გამართულა და არც სახალხო ზეიმი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა კინოსაკონცერტო დარბაზ “ჩერმენში”, სადაც ედუარდ კოკოითიმ საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლებაზე გამარჯვება მიულოცა და აგვისტოს მოვლენების აქტიური მონაწილეები დააჯილდოვა. ყველაზე საპატიო სტუმარი შერეული სამშვიდობო ძალების ახლად დანიშნული სარდალი მარატ კულახმეტოვი იყო.

20 სექტემბერს ცხინვალში დამოუკიდებლობის იუბილეს და საქართველოზე მორიგ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. თუმცა, ბესლანის ტრაგედიისა და კონფლიქტის ზონაში გამწვავებული ვითარების გამო, ედუარდ კოკოითის მთავრობას პომპეზურ ღონისძიებებზე უარის თქმა მოუხდა. დიდი ლიახვის ხეობიდან საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ ვახტანგაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური აქცია ცხინვალის შესასვლელთან არსებულ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან გამართული შეკრება იყო:

[გურამ ვახტანგაშვილის ხმა] “მაგათ, თავიანთი აზრით, 14 წლის დამოუკიდებლობა გადაუხდიათ. ცხინვალის შესასვლელში არის მემორიალი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებისა და მაგათი გმირების. იქ ერთი ასი, ასორმოცდაათი კაცი შეკრებილა და აღუნიშნავთ. როგორც ასეთი, ქალაქში მსვლელობა და ზეიმი და რაღაც არ ყოფილა.” (სტილი დაცულია)

ქართველ ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ ცხინვალის კინოსაკონცერტო დარბაზ “ჩერმენში” გამართულ საზეიმო მიღებას, სადაც ედუარდ კოკოითიმ შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ფაშისტურ რაზმებზე მორიგი გამარჯვება მიულოცა. ამ შეხვედრის დეტალები სატელეფონო ინტერვიუში გაგვიმხილა კოკოითის პირადმა წარმომადგენელმა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ვაჟა ხაჭაპურიძემ:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “მიულოცა ყველას ეს უდიდესი გამარჯვება, - როგორც ფიზიკური, ასევე პოლიტიკური და დიპლომატიური, - რომ განდევნილი იქნა ქართული ფაშისტური რაზმები და ამასთან დაკავშირებით მოხდა დაჯილდოება. დააჯილდოვეს როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, ვლადიკავკაზის, ასევე ბესლანის მებრძოლები. ოსეთის ჯარების მთავარსარდალს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.” (სტილი დაცულია)

ვაჟა ხაჭაპურიძე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დამოუკიდებლობის აღნიშვნაში ვერაფერ ცუდსა და ქართული მხარისათვის გასაღიზიანებელს ვერ ხედავს. მისი აზრით, მთავარია საბრძოლო მოქმედებები არ განახლდეს:

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] “რა გინდათ, საერთოდ არაფერი გააკეთონ? - არ აღნიშნონ არც რელიგიური, არც სახელმწიფოებრივი? გაუშვი, რა გინდათ. ჯობია, იცით, რომ დაწყნარდეს, ბრძოლა არ იყოს, სიმშვიდე იყოს. მთავარია ომი არ დაიწყოს.” (სტილი დაცულია)


ოფიციალურ თბილისს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მიერ დამოუკიდებლობის მეთოთხმეტე წლისთავის აღნიშვნაზე. თუმცა ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ერთი წლის შემდეგ ცხინვალის თავზე ქართული დროშის აღმართვის პირობა დადო.
XS
SM
MD
LG