Accessibility links

logo-print

მინდა შემოგთავაზოთ რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის მიმოხილვა და გაგაცნოთ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი მინდა შემოგთავაზოთ რუსეთის ბოლოდროინდელი პრესის მიმოხილვა და გაგაცნოთ საქართველოში არსებული კონფლიქტებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის

პრობლემის ირგვლივ გამოქვეყნებულ წერილები.

16 სექტემბრის გაზეთ “კურანტის” თქმით, “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იძლევიან დაპირებას, რომ აღიარებენ თბილისისა და ცხინვალის ერთობლივ გადაწყვეტილებას, განურჩევლად იმისა, თუ როგორი იქნება ის.”

თუმცა, როგორც გაზეთი მიიჩნევს, “კომპრომისის მიღწევა იოლი არ იქნება: თბილისი კვლავინდებურად მოითხოვს სამხრეთ ოსეთის ჩართვას საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებებით, სამხრეთი ოსეთი კი დამოუკიდებლობას მოითხოვს. რუსეთის საგარეო უწყების საგანგებო დავალებათა ელჩის ლევ მირონოვის თქმით, “დეტალებზე ამჟამად არავინ საუბრობს. გაუგებარია, რას გულისხმობს თბილისი ფართო ავტონომიაში. საქართველო უნიტარული სახელმწიფოა და ეს სამართლებრივ გართულებებს იწვევს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, გაუგებარია, რა სურთ ცხინვალში - აბსოლუტური დამოუკიდებლობა თუ ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება. ეს მოლაპარაკებების პროცესში გაირკვევა.”

ყოველკვირეული “არგუმენტი ი ფაკტი” აქვეყნებს ინტერვიუს პოლიტოლოგ ალეკსეი პუშკოვთან. მისი თქმით, “ამიერკავკასიაში, უბრალოდ, რაღაც მიწებისთვის როდი მიდის ბრძოლა. საუბარია იმაზე, თუ როგორ წარიმართება საბჭოთა იმპერიის დაშლის მეორე ტალღა: ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს - რუსეთი თუ მას გარედან მოახვევენ თავს გადაწყვეტილებებს, როგორც ეს 90-იან წლებში იყო.”

პოლიტოლოგი აგრეთვე აცხადებს: “რასაკვირველია, ავტონომიების მიერთება საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი პრობლემაა. მაგრამ, ამასთან, სააკაშვილმა თითქოს დაივიწყა, რომ მთავარია ეკონომიკის აღორძინება, სიღარიბესთან ბრძოლა. ის კი თანამოქალაქეების ყურადღებას იპყრობს იმით, რომ ყველა უბედურებაში “გარეშე მტერს”, რუსეთს, ადანაშაულებს.”

არადა, საქართველოს რომ არაერთი მტერი ჰყავს რუსეთში, ამას 17 სექტემბრის გაზეთ “იზვესტიას” პუბლიკაციაც ადასტურებს. ამჯერად გაზეთმა ანდრანიკ მიგრანიანს დაუთმო ადგილი. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დაკავშირებით მოსკოველი პოლიტოლოგი, მაგალითად, აცხადებს: “ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე ვერანაირ საერთაშორისო- სამართლებრივ წინააღმდეგობებს ვერ ვხედავ. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, ანუ როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებმა გააკეთეს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისა და იუგოსლავიის მიმართ. და ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნება არ შეიძლება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ცნებამ დაკარგა თავისი აზრი და მნიშვნელობა.”

21 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტას” თქმით, “თბილისში იმედოვნებენ, რომ არსებითად გაზრდიან ქვეყნის საჰაერო სივრცის მაკონტროლებელი სისტემის ეფექტურობას.”

გაზეთი წერს: “ამასთან, ამ ამოცანის გადაწყვეტაში საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ ამერიკული დახმარების, არამედ საკუთარი ფინანსური რესურსების იმედი აქვს. კერძოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს სათანადო სახსრები ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შესაძენად. ეს სისტემა ნატოს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, საჰაერო საზღვრების განმტკიცების აუცილებლობა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საჰაერო სივრცის ხშირი დარღვევებითაა განპირობებული.”
XS
SM
MD
LG