Accessibility links

logo-print

სახელმწიფო მუზეუმი დმანისის აღმოჩენების გამოფენით გაიხსნა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ოთხწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი.

უფრო ზუსტად, ჯერჯერობით გაიხსნა მხოლოდ არქეოლოგიის სექცია. მუზეუმში მისულებს პირველსავე დარბაზში შეუძლიათ ნახონ დმანისის სახელგანთქმული ჰომინიდების - ზეზვას და მზიას - თავის ქალები. უნიკალური აღმოჩენის რეპრეზენტაციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ორგანიზატორთა ვარაუდით, ამ გამოფენის შედეგად, ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის უფრო გასაგები გახდება დმანისში აღმოჩენილი ნაშთების მნიშვნელობა:

[აბესალომ ვეკუას - რეზიკოს ხმები] “დმანისელი ადამიანის უძველესი წინაპარი ცხოვრობდა აფრიკაში. ამის შემდეგ მთელ ევრაზიაში ყველაზე უძველესი სწორედ დმანისელი ადამიანია, დმანისშია ნაპოვნი მათი ნაშთები. ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირველი ევროპელები ჩვენ ვართ, ქართველები. - დიახ, წიგნში მაქვს წაკითხული. - ძალიან კარგი.”

ასე უხსნიდა დმანისის ჰომინიდების ერთ-ერთი აღმომჩენი, არქეოლოგი აბესალომ ვეკუა 9 წლის რეზიკო ჭანიშვილს აღმოჩენების მნიშვნელობას. მეოთხეკლასელი რეზიკოს გამომეტყველება ადასტურებდა, რომ ნანახით აღფრთოვანებული იყო. ზეზვად და მზიად მონათლული ჰომინიდების თავის ქალების გარდა, გამოფენილია დმანისშივე ნაპოვნი უძველეს პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ბინადარი სპილოს, მარტორქას, ხმალკბილა ვეფხვისა და ჟირაფის ძვლები. “მეცნიერება მხოლოდ მეცნიერებისთვის არ უნდა იყოს, ის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს,“ - ასე აგვიხსნა გამოფენის მიზანი მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით ცვარიანმა.

[დათო ცვარიანი] “ხაზი გავუსვით, რომ ახალგაზრდობისთვის, ბავშვებისთის საინტერესო ყოფილიყო, დაინტერესებულიყვნენ მეცნიერებით. მეცნიერება აქამდე იყო მეცნიერებისთვის. მე, მაგალითად, პატარა რომ ვიყავი, არ ვიცოდი რას ნიშნავდა პალეონტოლოგია. შენ იცოდი? ბავშვებმა იციან გათხარონ ძვალი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვმა უფრო კარგად აღიქვას, ჩაუჯდეს თავში.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფო მუზეუმში, დმანისის ნაშთების გარდა, არქეოლოგიის სხვა დარბაზებიცაა გახსნილი. თუმცა თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ გახსნისთანავე მუზეუმისადმი ინტერესი, პირველ რიგში, სწორედ დმანისის სტენდებითაა განპირობებული. ციალა ღუდუშაური პირველივე დღეს დამთვალიერებელთა რაოდენობამ გააკვირვა კიდეც:

[ციალა ღუდუშაური] “ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. გუშინვე უკვე შეეტყო, რომ ხალხი - ბავშვები, ახალგაზრდობა - მოდიოდა კიდეც. ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით, იმიტომ რომ ასე უცბად, პირველ დღეს, თუ ასეთი ნაკადი მოვიდოდა, არ გვეგონა.”

სასიამოვნოდ გაოცებულ მუზეუმის ადმინისტრაციას იმედი მიეცა, რომ მიღებული შემოსავლებით წლის ბოლომდე სხვა დარბაზების გახსნასაც მოახერხებს, რადგან სწორედ უსახსრობა იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ თითქმის ოთხი წლის მანძილზე, ოქროს ფონდის გარდა, ყველა დარბაზი დახურული იყო. დმანისის ნაშთების დათვალიერებას კი ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი დეკემბრის ბოლომდე მოახერხებს.
XS
SM
MD
LG