Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციებმა რეგიონებიდან დედაქალაქში გადაინაცვლა


გონიო, გარდაბანი, ქუთაისი, თბილისი - ასეთია იმ საპროტესტო აქციების გეოგრაფია, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს რეგიონებსა თუ დედაქალაქში იმართება.

თუმცა, ადგილმდებარეობის გარდა, ამ შემთხვევაში განსხვავებულია აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიც: აჭარლები, მაგალითად, გონიოში მდებარე რუსული სამხედრო პოლიგონის გაუქმებას მოითხოვენ, გარდაბნელები ადგილობრივ ჩინოვნიკთა კორუმპირებულობამ აღაშფოთა, ქუთაისსა და თბილისში კი იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოწინააღმდეგენი გააქტიურდნენ.

[ისმის აქციის მონაწილეთა ხმები]

2003 წლის ნოემბრის მოვლენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ის ხალხი, ვინც პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში იყო გასული, კვლავ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მოქმედებითაა უკმაყოფილო. ნათქვამის დასტურად თუნდაც სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე შიმშილობის აქცია გამოდგება. “მუმლაძე, გადაშენდი!” - ასეთია იმ ლოზუნგის შინაარსი, რომელიც მოშიმშილე ადამიანების, ხუთჯვრიანი დროშებისა და სახელმწიფო კანცელარიის ფონზეა გაშლილი. ვინ არიან აქციის მონაწილენი და რას ითხოვენ ისინი?

[ზაურ გურგენიძის ხმა] “ყველა ესენი, უმეტესობა, დაახლოებით 200-300 კაცი, იდგა ფეხმოუცვლელად აქ ნოემბრის მოვლენების დროს და აქ მიდგას მეგობარი, რომელიც პირველი შეჰყვა პარლამენტში მიშას და მერე ჩვენ შევყევით. ახლა კი ვითხოვთ, რომ ქვეყანა დალაგდეს, იმერეთი დალაგდეს და არ იყოს ის პრობლემები, რაც ადრე გვქონდა და რაც ამჟამადაც გვაწუხებს.”

ეს თერჯოლის რაიონის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი ზაურ გურგენიძე იყო. მისი თქმით, ყველა ის პრობლემა, რომელიც რაიონს აწუხებს, პირდაპირ თუ ირიბად, ერთ პიროვნებას - მხარის გუბერნატორს - უკავშირდება. აქციის მონაწილეები ამ მოსაზრებას დოკუმენტების მოშველიებით ამტკიცებენ. ისინი საკადრო პოლიტიკაში პროტექციონიზმსა და საეჭვო ფინანსურ ოპერაციებზე ამახვილებენ ყურადღებას:

[მამაკაცის ხმა] “ეს თანხები იკარგებოდა… სად უნდა დაკარგულიყო? ბუნებაში არაფერი არ იკარგება. ლამაზი თვალებისთვის თანხებს არავინ იძლევა. აქ მე მაქვს ერთი ფაქტი, სერიოზული, სხვათა შორის… 100 ტონა ღვინომასალა, რომელიც გადაიტანეს…”

უნდა ითქვას, რომ დავით მუმლაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. თერჯოლის ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში ჩასვლა ადგილზე რამდენიმეთვიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა. მუმლაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულად იმართება ქუთაისშიც. 22 სექტემბერს, რწმუნებულის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის აქცია იქაც დაიწყო.

[მამაკაცის ხმა] “იმერეთს მუმლაძისნაირი პიროვნებები დაღუპავენ.”

ოპონენტებს დავით მუმლაძე, ტრადიციულად, ასე უპასუხებს:

[დავით მუმლაძის ხმა] “არიან ხელმოცარული ადამიანები, რომელთა საქმიანობით, სხვათა შორის, საგამოძიებო ორგანოები კარგა ხანია დაინტერესდნენ და დარწმუნებული ვარ, გაააქტიურებენ მუშაობას. ასეთი შემთხვევა გვაქვს ერთი თერჯოლაში - 100 ათასი ლარი გაფლანგა.”

თუმცა აქციის მონაწილენი - ქუთაისშიც და თბილისშიც - უკან დახევას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ კანცელარიის წინ დარჩებიან მანამ, ვიდრე მუმლაძეს თანამდებობიდან არ მოხსნიან.

[მამაკაცის ხმა] “ძაან მოხარული ვიქნები, თუ დატოვებს იმერეთს, ძალიან! და თუ არ დატოვებს, აქედან მაინც არ ავდგებით ცოცხალი თავით.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “ჩვენ აქ დავიხოცებით, ვინც დავიწყეთ. ორმოც კაცამდე ვართ… დავასრულებთ ან სიცოცხლით, ან სიკვდილით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება.”

თბილისისა და ქუთაისის გარდა, 22 სექტემბერს საპროტესტო აქციები გონიოში, გარდაბანსა და ზუგდიდშიც გაიმართა. აჭარლები რუსული სამხედრო პოლიგონის გაუქმებას, გარდაბნელები კი რაიონში არსებული კორუფციის შესასწავლად თბილისიდან საგანგებო კომისიის ჩასვლას ითხოვენ. რაც შეეხება ზუგდიდს, იქ გამოსვლების მიზეზად რაიონის “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა იქცა. ზუგდიდელი ნაციონალები პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის მიერ წარდგენილ ვახტანგ ცხადაიას კანდიდატურას აპროტესტებდნენ.

[აქციის მონაწილე ქალბატონის ხმა] “ჩვენ არ გვინდა მოღალატეები! ჩვენ არ გვინდა კორუმპირებული ძველი თანამშრომლები!”

ქუთაისელებისა და თერჯოლელების არ იყოს, ზუგდიდელებიც იმუქრებიან, რომ საპროტესტო აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. მიხეილ მაჭავარიანი კი გამოსავალს მმართველი პარტიის წევრთა ხელახალ რეგისტრაციაში ხედავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG