Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ახერხებს რუსეთის საბანკო სისტემა აფხაზეთში საქმიანობას


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ასტანის სამიტის დასკვნით დოკუმენტში, სხვა სამიტების გადაწყვეტილებათა მსგავსად, კიდევ ერთხელ ჩაიწერა,

რომ აკრძალულია სეპარატისტულ აფხაზეთთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ურთიერთობა ოფიციალური თბილისის თანხმობის გარეშე. თუმცა ამ აკრძალვას არც წლების წინ და, მით უმეტეს, არც ახლა ხელი არ შეუშლია რუსული ბიზნესისთვის. ბოლო 2 წლის მანძილზე აფხაზეთის ბუნებრივი რესურსებითა და კურორტებით რუსული კაპიტალის დაინტერესება იმდენად დიდი გახდა, რომ აფხაზეთში მუშაობა რუსულმა საბანკო სისტემამაც კი დაიწყო.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ სეპარატისტული აფხაზეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ქმედითი მხოლოდ 1996-97 წლებში იყო. მაშინ აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის გატანასაც კი ვერ ახერხებდნენ თბილისის თანხმობის გარეშე. ახლა ვითარება სრულიად სხვაგვარია. რუსი ბიზნესმენები აფხაზეთიდან ბუნებრივ რესურსებსაც ეზიდებიან და საკურორტო დაწესებულებათა პრივატიზებითაც არიან დაკავებულნი.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1996 წლისა და ახლანდელი გადაწყვეტილებები შეზღუდვებს არ აწესებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კომერციულ საქმიანობაზე.”

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს სიტყვები 16 სექტემბერს, ასტანის სამიტის დასრულებისას, წარმოთქვა. სწორედ ეს სიტყვები აძლევს დიდ სტიმულს აფხაზეთში რუსული ბიზნესის გააქტიურებას. არავისთვის საიდუმლო არ არის არც ის, რომ რუსული ბიზნესი მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან და ყოველთვის ითვალისწინებს მის პოლიტიკურ ინტერესებს.

[პაატა დავითაიას ხმა] ”ხაჯიმბას წარმომადგენლები ღიად აფიქსირებენ გალის რაიონის მოსახლეობასთან, გულრიფშის რაიონის სომხურ მოსახლეობასთან, რომ თუ გავა ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად, თავისუფლად მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას - პასპორტი ეღირება 1000 რუბლი და მათ ექნებათ უფლება სააქციო საზოგადოებების შექმნისა...”

პაატა დავითაიამ, აფხაზეთის დევნილი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ეს განცხადება 22 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ის სქემა ახსნა, რომლითაც რუსული ბიზნესი აფხაზეთის ქონებას ეპატრონება. დავითაიას თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები ქმნიან სააქციო საზოგადოებებს, რომლებიც შემდეგ ნებაყოფლობით უერთდებიან რომელიმე რუსულ, დახურული ტიპის, სააქციო საზოგადოებას. სწორედ ამ სქემით გაერთიანდა სოხუმში მოქმედი ”გარანტ ბანკი” რუსულ დახურულ სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც ”ზალატაია კარონა” ჰქვია.

მე შევეცადე “გარანტ ბანკისგან” შემეტყო, თუ როგორ მოახერხეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სანქციების გადალახვა, და სოხუმში დავრეკე, მაგრამ “გარანტ ბანკში” მითხრეს, ხელმძღვანელი მივლინებაშია და მხოლოდ 2 დღის შემდეგ დაბრუნდებაო. თუმცა სანქციების დაძლევის მექანიზმი დავითაიას მონათხრობიდანაც კარგად ჩანს:

[პაატა დავითაიას ხმა] ”... ნელ-ნელა ხდება ამ სამართლებრივი ბაზის მომზადება იმისთვის, რომ რუსეთმა დაიცვას თავისი ეგრეთ წოდებული მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მოქალაქეობის მინიჭება ხდება დანაშაულებრივი გზით, იმიტომ რომ დარღვეულია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონი მოქალაქეობის შესახებ...”

რუსეთის ასეთ ქმედებებს ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს. საქართველოში ახლა უკვე მზად არიან აფხაზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მზადყოფნა უკვე დაგვიანებულია.
XS
SM
MD
LG