Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი უზენაეს სასამართლოს უტევს


საქართველოს ახლად დანიშნული ომბუდსმენი სოზარ სუბარი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გადახედვას და ამ საქმეებზე რეაგირებას გეგმავს.

მის მიერ შედგენილ სტრატეგიულ სიაში სავარაუდოდ აღმოჩნდება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმეც. თუმცა მანამდე ახალი სახალხო დამცველის სამიზნე უკვე გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვალერი ხრუსტალი. სოზარ სუბარმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე ხრუსტალის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. რატომ?

დანაშაული, რომლის გამოც, ომბუდსმენის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აპარატის დასკვნით, ვალერი ხრუსტალი თანამდებობიდან გათავისუფლებას იმსახურებს, სამი წლის წინ ყაჩაღობისთვის დაპატიმრებული ზაზა ცეცხლაძის საქმეს უკავშირდება.

[ბაჩო ახალაიას ხმა]” მე ჯერ არ მსმენია სამთვიანი უკანონო პატიმრობა რომ დააკანონა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ჯერ არ მსმენია. ყოველ შემთხვევაში, როცა აკეთებდა სასამართლო ეგეთ რაღაცას, ფორმალობებს ყოველთვის იცავდა. ეს არის საშინელი უკანონობა, ეგეთი არ ყოფილა, პირველი პრეცედენტია.”(სტილი დაცულია)

ამ სიტყვებით ომბუდსმენის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ იმ გარემოების ახსნა სცადა, თუ რატომ აღმოჩნდა ახლად არჩეული სახალხო დამცველის პირველ სამიზნედ სწორედ უზენაესი სასამართლო და სწორედ ზაზა ცეცხლაძის საქმე. იმ დროს, როდესაც ცეცხლაძეს “კანონიერად” შეუფარდეს უკანონო პატიმრობა, მოსამართლე ხრუსტალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. თავად ცეცხლაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალებსა და სიმძიმეზე კი ომბუდსმენის აპარატში ბევრი არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ იგი ყაჩაღობისთვის დააკავეს.
ცეცხლაძეს 24 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის მაისში გაუვიდა. 17 აგვისტოს, ანუ წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვიდან სამი თვის დაგვიანებით, ქვემდგომმა სასამართლომ უზენაეს სასამართლოში ზაზა ცეცხლაძისათვის პატიმრობის 30 თვემდე გაგრძელების თაობაზე წარდგინება გაგზავნა. ვადების დარღვევის გამო ვალერი ხრუსტალმა იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების დასჯა მოსთხოვა. ვალერი ხრუსტალის აღნიშნული გადაწყვეტილება ლოგიკური აღმოჩნდა. რაც შეეხება მთავარს, პატიმარს, რომელიც წინასწარი პატიმრობის ვადის დარღვევის გამო, ავტომატურად უნდა გათავისუფლებულიყო, კვლავაც პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ხრუსტალმა ზაზა ცეცხლაძეს უკანონო პატიმრობა დაუკანონა და საერთო პატიმრობის ვადა 30 თვემდე გაუგრძელა. მოტივად მსჯავრდებულის მიმალვის საშიშროება დაასახელა. სოზარ სუბარის თქმით, იუსტიციის საბჭომ ზაზა ცეცხლაძე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, მოსამართლე ხრუსტალის მიმართ კი კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გაატაროს.


[სოზარ სუბარის ხმა]”ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იქნეს გათავისუფლებული, იმიტომ რომ ასეთი მოსამართლე არ შეიძლება იყოს, ასეთი მოსამართლის ყოლა უზენაეს სასამართლოში სირცხვილია. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ უნდა მიიღოს და მან შეიძლება საყვედური გამოუცხადოს. თუმცა მე ვერ დავეთანხმები მის ასეთ გადაწყვეტილებას და არ მომეწონება.”

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, წინამორბედებისგან განსხვავებით, არ აპირებს შემოიფარლოს ადამიანის უფლებათა და კანონდარღვევათა სტატისტიკითა და აღწერით. მისი სამოქმედო პრინციპი დანაშაულის ყოველ ფაქტზე რეაგირებაა - ეს არის პრევენციის თავისებური ფორმა, როცა ერთი ხრუსტალის დასჯა სხვა ხრუსტალებისთვის ჭკუის სასწავლი მაგალითი ხდება. ახლა ჯერი იუსტიციის საბჭოზეა - შედგება თუ არა სახალხო დამცველისა და უზენაესი სასამართლოს კოლეგიალობა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს.
XS
SM
MD
LG