Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხის მოლოდინი და ხელისუფლების პოლიტიკა


რას ელოდა საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან გასული წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ; რამდენად ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის

განახლებული ხელისუფლება ხალხის მოლოდინს და რამდენად ასახავს მოსახლეობის პრიორიტეტებს საკუთარ საქმიანობაში; - დღეს მინდა ამ თემებზე გესაუბროთ.

ედუარდ შევარდნაძის მმართველობას ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს “დემოკრატიული”. მართალია, მაშინ მასმედია ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციას სწყალობდა; მართალია, ჟურნალისტური გამოძიებები მაღალჩინოსნებს ამხელდა; მართალია, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად თუ არა, ვირტუალურად მაინც იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესში; - მაგრამ, ამ ფაქტორების მიუხედავად, ვინ და რა მართავდა საქართველოს შევარდნაძის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში, დღემდე გაუგებარია. ცხადია, ეს არ იყო ხალხის მმართველობა, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” დღეებმა დაადასტურა, რომ თავად პრეზიდენტსაც და მის გარემოცვასაც მართვის ბერკეტები აგრეთვე დაკარგული ჰქონდათ.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გულწრფელად დაუჭირა მხარი მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას. იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც ბოლომდე არ ენდობოდნენ ახალ პოლიტიკურ გუნდს, ხმა მაინც მას მისცეს, რათა საკუთარი წვლილი შეეტანათ ქვეყნის მომავლის შენებაში. ამ თვალსაზრისით, ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა გაცილებით ადეკვატურად გამოხატა ხალხის ნება, ვიდრე ეს მოხდა 1995, 1999 და 2000 წლებში.

მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არჩევნების ჩატარებით ახალმა ხელისუფლებამ დემოკრატიის ფუნქცია ამოწურულად მიიჩნია და ქვეყნის მართვა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობით დაიწყო.

რა არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი დღეს და რამდენად ემთხვევა ეს პრიორიტეტი საქართველოს მოსახლეობის გუშინდელ მოლოდინს? ამ კითხვის პასუხი მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება მეტისმეტად ენდობა საკუთარ თავს.

პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ დღეს უმთავრესი პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, ამ ამოცანის გადასაჭრელად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ, მართლაც, მთელი რესურსი მიმართულია ჯარისკენ, ძალოვანი უწყებების გაძლიერებისკენ, სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებისკენ, ძალაუფლების კონცენტრაციისკენ, თავისუფალი სიტყვის მისაღებ ჩარჩოში მოქცევისა და კერძო ბიზნესის სახელმწიფო ინტერესებისადმი დაქვემდებარებისკენ.

რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ძალისმიერი პოლიტიკა იმ მოლოდინს, რომელსაც ხალხი, საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლების განახლებას უკავშირებდა? ამ საკითხზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომელიც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა ერთი წლის წინ, 2003 წლის ივნისში, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა.

გადასაჭრელი პრობლემები, მათი მნიშვნელობის მიხედვით, მოსახლეობამ შემდეგი თანმიმდევრობით განალაგა: პირველი - უმუშევრების დასაქმება; მეორე - ხელფასის, პენსიის, შემწეობის გაზრდა; მესამე - კორუფციის შემცირება; მეოთხე - სოფლის მეურნეობის განვითარება; მეხუთე - მსხვილი მრეწველობის აღორძინება; მეექვსე - სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა; მეშვიდე - მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. ამ ჩამონათვალში აფხაზეთის დაბრუნება მეათე ადგილზეა, ქართული ჯარის გაძლიერება - მეთხუთმეტეზე, ხოლო ცხინვალის რეგიონში იურისდიქციის აღდგენა - მეჩვიდმეტეზე.

როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავარი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვდა, ეკონომიკის აღორძინება და სოციალური პრობლემების მოგვარება იყო. ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, პენსიების, ხელფასებისა და შემწეობების მცირედი გაზრდა და მათი დროული გაცემაა. ოღონდ დღევანდელი ხელფასი და პენსია იმდენად ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, რომ მათი თანხვედრა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შეიძლება მოხდეს.

შესაბამისად, საფიქრებელია, რომ ხელისუფლების ძალისმიერ პოლიტიკას მოსახლეობაში არანაირი დასაყრდენი არ გააჩნია. ან მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხი როგორღაც უნდა დაარწმუნოს, რომ მის მიერ არჩეული გზა საუკეთესოა, ან მან მაქსიმალურად უნდა შეამციროს რისკები, რაც უსაყრდენო ძალისმიერ პოლიტიკას შეიძლება მოჰყვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას უფრო ადრე გაუჭირდება, ვიდრე დღეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
XS
SM
MD
LG