Accessibility links

logo-print

ფოტოგრაფია – დაუცველთათვის და დაუცველების შესახებ


თბილისის ისტორიის მუზეუმში გახსნილია ამერიკელი ფოტოგრაფის პოლ კოლჰუნის ნამუშევრების გამოფენა. ესაა ნაწილი პროექტისა “ხელოვნება დაუცველთათვის”,

რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. ამავე პროგრამის ფარგლებში პოლ კოლჰუნი საქართველოშიც თანამშრომლობს –ახალგაზრდებს ფოტოგრაფიას ასწავლის. თუმცა თავისი ნამუშევრები ამერიკელმა ფოტოგრაფმა პირველად ახლა, სასწავლო წლის დაწყების დღეებში, წარმოგვიდგინა.

თანამედროვე ხელოვნებაში მთავარია არა შედეგი, არამედ პროცესი... - დაასკვნიან, ალბათ, ფოტოხელოვნების მოყვარულები, რომლებიც “ქარვასლაში” პოლ კოლჰუნის ნამუშევრებს იხილავენ. პროფესიონალი ფოტოგრაფები და არტკრიტიკოსები, ვისაც მე ვესაუბრე, აღნიშნავენ, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ამ ექსპოზიციაში ახალი არაფერია – ასეთი ფოტორეპორტაჟები მათ არაერთხელ უნახავთ. თუმცა ამას, ძირითადად, ის ხალხი ამბობს, ვინც მხატვრულ ფოტოგრაფიაში მუშაობს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ფოტოგრაფია ისეთივე დონის ხელოვნებაა, როგორიც, დავუშვათ, ფერწერა.

პოლ კოლჰუნი, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობს. იგი 20 წელია უკვე კითხულობს ლექციებს ეგრეთ წოდებულ “დაუცველ ბავშვებთან”, რომელთაც სხვაგვარად “რისკის ჯგუფის ბავშვებსაც” უწოდებენ. ძნელად აღსაზრდელებთან მუშაობის, საზოგადოებაში მათი ჩართვის თუ ფსიქოთერაპიის ფორმები მსოფლიოში განუწყვეტლივ იცვლება – “მექანიკური ფორთოხლის” მეთოდი, რომელზეც თავის დროზე ამავე სახელწოდების ფილმში სტენლი კუბრიკმა იქილიკა, დიდი ხანია მოძველებულად ითვლება. არც “არტთერაპიაა” დღეს პანაცეა, ე.ი. მოცარტის მუსიკის მოსმენა და “ჯოკონდას” ყურადღებიანი დათვალიერება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოტენციური მკვლელი ან ნარკომანი – სანიმუშო, კანონმორჩილი მოქალაქე გახდება. პოლ კოლჰუნის პროექტი “ხელოვნება დაუცველთათვის” ითვალისწინებს ასეთი ბავშვებისგან არა დამკვირვებლის თუ შემფასებლის, არამედ შემოქმედის ჩამოყალიბებას – ბავშვები თავად იღებენ ფოტოსურათებს, იღებენ იმას, რაც მოსწონთ და რაც აღელვებთ. მასწავლებელი მათ მხოლოდ გადაღების ტექნიკას ასწავლის. ფოტოს გადაღება კი, აბა, რომელ ბავშვს არ მოსწონს?

მაგრამ პოლ კოლჰუნი არა მარტო ასწავლის, არამედ იღებს კიდეც ამ ბავშვებს. სურათებში, რომელიც “ქარვასლაში” გამოიფინა, ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული დასავლეთი ვიხილეთ - სამყარო, რომელიც იშვიათად ჩნდება ეკრანებზე. ფოტოსურათები “მაგნუმის სტილს” გვაგონებს და, მხატვრული თვალსაზრისით, არ შეიძლება მივიჩნიოთ მიღწევად თანამედროვე კულტურაში. მაგრამ, როგორც ჩანს, ავტორს არცა აქვს პრეტენზია, დაიმკვიდროს ადგილი დიდი ფოტოგრაფების წრეში. განა დღეს ამის დროა? განა ფოტოგრაფია თვითდამკვიდრებაა მხოლოდ? და თუ მაინცდამაინც ასეა, რატომ არ შეიძლება დაიმკვიდრო თავი ადამიანთა გადარჩენით? თუნდაც ერთი ეგრეთ წოდებული “ძნელად აღსაზრდელის” გადარჩენით?
XS
SM
MD
LG