Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფასად იყიდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემა


22 და 23 სექტემბერს თბილისში ვიზიტად მყოფ რუსეთის კომპანია ”გაზპრომის” წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის

წევრებთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან. ”გაზპრომი” საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენებისა და თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის, ”თბილგაზის”, პრივატიზებითაა დაინტერესებული. საქართველოს ხელისუფლება კი გაზის ინფრასტრუქტურის სარფიანად გაყიდვას ცდილობს და სწორედ ესაა “გაზპრომთან” გამართული მოლაპარაკების მთავარი საგანიც.

ჯერჯერობით როგორც “გაზპრომის” წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებენ დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებათა შედეგების გახმაურებისგან. აი, რა განუცხადა “გაზპრომის” პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოროხოლინსკიმ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც იმით დაინტერესდნენ, აპირებს თუ არა “გაზპრომი” საქართველოს გაზსადენებისა და “თბილგაზის” პრივატიზებას.

[ალექსანდრე მოროხოლინსკის ხმა] ”ეს კერძო საკითხია, რომელიც შედის საერთო სისტემაში...”

ამ განცხადებიდანაც ჩანს, რომ რუსეთის კომპანიას ყველაფერი აინტერესებს, თუმცა რაზეა მზად საქართველოს ხელისუფლება, ამის გარკვევა რთულია.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს თავი იმით დააღწია, რომ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ მოლაპარაკებას არ ვესწრებოდიო. ერთადერთი, ვინც პრესასთან ურთიერთობაზე დათანხმდა “თბილგაზის” ახალი ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე იყო.

[დავით მორჩილაძის ხმა] ”არის საუბარი გამოცდილების გაცვლაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, ანუ ძალიან ზოგადი ასეთი საუბრებია. კიდევ გეუბნებით, იყო ინტერესი გაზსადენების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდათ ყიდვა. საერთოდ, ციფრი კი არა, თემა არ ყოფილა ასეთი. მათ, რა თქმა უნდა, აინტერესებთ, რომ მაგისტრალი კარგად მუშაობდეს და ნაკლები დანაკარგები ჰქონდეთ.”

მორჩილაძის მიერ ნათქვამი ეს უკანასკნელი სიტყვები, მართლაც, შეესაბამება სიმართლეს. საქართველოზე გამავალ მაგისტრალურ მილსადენებს, მართლაც, ესაჭიროება რეაბილიტაცია, რასაც სერიოზული კაპიტალი სჭირდება. ასეთი თანხები კი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია. თუ მილსადენის რეაბილიტაცია არ განხორციელდა, გაზის ტრანზიტისას დანაკარგები კიდევ უფრო მოიმატებს და, შესაბამისად, “გაზპრომის” წინაშე საქართველოს ვალიც გაიზრდება.

ამ დილემის დასაძლევად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მოუწევს დაივიწყოს 1 წლის წინ, ოპოზიციაში ყოფნისას, ნათქვამი სიტყვები:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”სანამ შენარჩუნებული იქნება ის ერთიანი ენერგოსისტემა, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირში, მანამდე საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იქნება და იარსებებს, მთავარი რაც იყო საბჭოთა კავშირში, რომ ყველა ძირითად გადაწყვეტილებას იღებდნენ ერთ ადგილას - მოსკოვი, კრემლი.”

ამ საშიშროების გარდა, “გაზპრომთან” საქართველოს თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესს განაპირობებს. ლაპარაკია ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე, რომელიც არარენტაბელური გახდება, თუ რუსეთი, საქართველოს გავლით, ევროპაში ირანული გაზის იმპორტს განახორციელებს. ეს რომ დასავლეთისთვის მიუღებელია, შარშანაც ნათლად გამოჩნდა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პირველ მცდელობას “გაზპრომთან” ეთანამშრომლა, ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

რუსულ კომპანია “გაზპრომისა” და ოფიციალური თბილისის ამჟამინდელი მოლაპარაკების შედეგები და მასზე დასავლეთის რეაქცია ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი - სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში. სწორედ ამ დროისთვის იგეგმება საქართველოს მიმართ “გაზპრომის” განზრახულებათა ოფიციალურად გამოცხადება.
XS
SM
MD
LG