Accessibility links

უნივერსიტეტის პროფესურა უმაღლესი განათლების კანონპროექტს იხილავს


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 23 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა მოეწყო.

კრიტიკული დამოკიდებულება პროექტისადმი უნივერსიტეტის პროფესურამ სწავლის დაწყებისთანავე გაამჟღავნა. 23 სექტემბერს კი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თავიანთი არგუმენტები უფრო თანმიმდევრულად ჩამოაყალიბეს.

არგუმენტები შეიძლება ორ პირობით რიგად დავყოთ: ერთი რიგი ეფუძნება შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმად, ვიღაცას (ამერიკას, სოროსს, დასავლეთსა და ა.შ.) განუზრახავს საქართველოს განათლების სისტემის მოსპობა; მეორე რიგის არგუმენტები მეტ-ნაკლებად რაციონალურია. აღვნიშნავთ იმასაც, რომ კონსპიროლოგებს ასევე სჯეროდათ თავიანთი არგუმენტების რაციონალურობის.

შეკრების დასაწყისში უნივერსიტეტის პრორექტორმა ანზორ ხელაშვილმა აუდიტორიას მოუწოდა, ელაპარაკა მხოლოდ იმას, ვისაც კანონპროექტი წაკითხული ჰქონდა. მანვე გაამახვილა ყურადღება ასაკობრივი ცენზის პრობლემაზე. პროექტის მიხედვით, 65 წელზე მეტი ასაკის პიროვნებას აღარ ექნება უფლება, დაიკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა უნივერსიტეტებში. თუ ეს მუხლი ძალაში შევა, ფიზიკის ფაკულტეტის ყველა კათედრის გამგე გათავისუფლდება, ხოლო მათი ცვლის მოძებნა ასე იოლი არ არის, განაცხადა ანზორ ხელაშვილმა და დასძინა, რომ არ მიაჩნია სწორად კათედრის გამგეობის ჩათვლა ადმინისტრაციულ თანამდებობად.

ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი ჯემალ მებონია არ დასჯერდა მხოლოდ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის კრიტიკას და ზოგადი განათლების კანონპროექტსაც შეეხო. პროექტის ავტორთა, მისი აზრით, ერთი ამოსავალი დებულება ამ სიტყვებით გადმოსცა:

[მებონიას ხმა] “რატომ უნდა ეშინოდეს ბავშვს ვიღაც დირექტორის? გამიგეთ, როგორ არის დასმული საკითხი? ახლა, რიდი და მასთან დაკავშირებული პატარა შიში, როგორ შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს მასწავლებლის, დირექტორის, ბოლოს და ბოლოს, მშობლის მიმართ? ადრე თქვეს, ტესტურ გამოცდებზე უნდა გადავიდეთ იმიტომ, რომ ვიღაც მასწავლებლის განწყობაზე ხომ არ უნდა იყოს დამოკიდებული ბავშვის ბედიო. ნახეთ, როგორი აქცენტებია: ვიღაც მასწავლებელი, ვიღაც დირექტორი, მერე ვიღაც პროფესორი... აი, ეს დამოკიდებულებაა ჩემთვის გაუგებარი.”

ჯემალ მებონიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ ფეხქვეშ თელავს უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპებს. ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი ფიქრობს, რომ მართებული იქნებოდა, კანონში ეს ჩაიწეროს:

[მებონიას ხმა] “უნივერსიტეტი განსაზღვრავს თავის სტრუქტურას და მართვის სისტემას. ის მოქმედებს თავისი წესდების საფუძველზე და ამ წესდებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”

ჯემალ მებონიას სიტყვაში აკუმულირებული იყო თითქმის ყველა ის რაციონალური არგუმენტი, რაც შეკრებაზე გამოთქვა უნივერსიტეტის პროფესურამ (ძირითადად, საბუნებისმეტყველო დარგების წარმომადგენლებმა); ბატონი მებონია ეწინააღმდეგება პროექტით გათვალისწინებულ დისერტაციის ერთხელ დაცვის პუნქტს და მიიჩნევს, რომ ორჯერ დაცვაზე, ანუ მეცნიერებათა ჯერ კანდიდატისა და შემდეგ დოქტორის ხარისხის მინიჭებაზე, უარის თქმა ჯერ ნაადრევია. რაციონალურ კონტრარგუმენტთა რიგშია მისი სხვა მოსაზრებაც: როგორც ცნობილია, 65 წლის შემდეგ სწავლულს ემერიტუსის სტატუსი ენიჭება, უნარჩუნებენ ხელფასს, მაგრამ არ უხდიან წაკითხული ლექციების ფულს. ეს უსამათლოა, რადგან პროფესორის ხელფასი დღეს მიზერულია: ასე, 70-80 ლარი.
XS
SM
MD
LG