Accessibility links

logo-print

სასოფლო-სამეურნეო აღწერა ოცწლიანი ინტერვალის შემდეგ


რამდენიმე დღეში ზვრებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში გაშლილი გლეხები სახელმწიფოს უკანასკნელი წლების განმავლობაში გაწეული შრომის თავისებურ ანგარიშს ჩააბარებენ.

25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო აღწერას ჩაატარებს. აღწერის მიზანი სასოფლო-სამეურნეო სექტორში სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გაჩენილი კერძო მესაკუთრეების საქმიანობისა და შემოსავლების შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოპოვებაა. უკანასკნელი სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქართველოში 1984 წელს ჩატარდა. ოცწლიანი საინფორმაციო ინტერვალის დაძლევის შემდეგ სახელმწიფო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს.

სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღწერა საქართველოს 60 რაიონის სოფლებსა და დასახლებებს მოიცავს. ოფიციალურად აღწერა 2 დღეში უნდა დაიწყოს, თუმცა მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში პროცესი პრაქტიკულად უკვე მიმდინარეობს.

[რომან ტაბატაძის ხმა]” დავიწყეთ, უკვე დავიწყეთ. აბსოლუტურად სუყველაფერს ვსწავლობთ: რამდენი კომლია, ვის რა გააჩნია, რამდენი ცხოველი ჰყავს, რამდენი ფრინველი ჰყავს, რა მოსავალი მოდის და ყველაფერი. მიწა ვიცით თითოეულ მოსახლეზე. უბრალოდ, რამდენი საყოლიებელი ჰყავს, რამდენი ძროხა ჰყავს, რამდენი რამე ჰყავს, ეს უკვე ცვალებადია, გამიგეთ?! ეს დღეს შეიძლება 2 ჰყავდეს, ხვალ ბაზარში გეიყვანოს, გაყიდოს, ხვალე-ზეგე გავიდეს, იყიდოს და ამის კონტროლი ძაან ძნელია.”(სტილი დაცულია)

სოფელ წერეთლის საკრებულოს თავმჯდომარე რომან ტაბატაძე, ამას გარდა, ამბობს, რომ მომავალში თითოეულ მოსახლეზე კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა შედგება. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, გლეხმა მოსავლისა თუ საქონლის გაყიდვის დამადასტურებელი ცნობა საკრებულოში უნდა მიიღოს. მისი თქმით, ამის მიზანი საინფორმაციო ბაზის მუდმივი განახლებაა. ოფიციალური ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო აღწერის მოტივაცია გლეხების შემოსავლების კონტროლი კი არა, აგრარული სექტორისა და კერძო მესაკუთრის პოტენციალისა და განვითარების დინამიკის შეფასებაა. თუმცა საზოგადოებაში გარკვეული ეჭვის არსებობაზე როგორღაც თავად სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარემაც მიუთითა, როცა განაცხადა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება და მას ბეგარისა თუ გადასახადის დაწესების მიზნით არ გამოიყენებენ. თემურ ბერიძემ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო აღწერისას გულწრფელობისაკენ მოუწოდა. სოფლის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას თუ შევხედავთ, მათ დასაფარი პრაქტიკულად არაფერი აქვთ. გამონაკლისები, ალბათ, სოფლადაც არსებობენ, მაგრამ ეს გამონაკლისები ამინდს ჯერჯერობით ვერ ქმნიან. გლეხობა უკიდურესად გაჭირვებულია.

[ოტია იოსელიანის ხმა]”აქანე ჩემს სოფელში ნახევარი გექტარი მიწა აქვთ და იგი რას მეიწევს. არაფერი. ჩვენ გლეხი აღარ გვყავს, სადღა გვყავს გლეხი. ჩემს სოფელში, ძირითადად, 42-მა მოსახლემ დაწერა განცხადება და დადვა, არ მინდა მიწაო, უკან აბრუნებს, არ მინდა საერთოდო. იმიტომ რომ იმას ტრაქტორი არა ჰყავს, ხარი რო დაჭედოს, ნალი არა აქვს, იმიტომ რომ რკინა თურქეთში გევიტანეთ. ტრაქტორი არ არის, შენ ხარ ჩემი ბატონი, საწვავი არ არის, სასუქი, იმიტომ რომ მიწა გაფუჭებულია, მიწა გაბერწებულია, მიწას აღდგენა უნდა. ეს მკვდარი მიწაა უკვე. ეს კი არ იძლევა იმ მოსავალს, რაც უნდა მოგცეს. ამიტომ იგი შრომად არა ღირს.”(სტილი დაცულია)

წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბის მკვიდრს, ცნობილ ქართველ მწერალს ოტია იოსელიანს მაშინ დავუკავშირდით, როცა იგი მეზობლებთან ერთად სასმელი წყლის გამოსაყვანად მიწას თხრიდა. წყალუხვ საქართველოში სასმელი წყალი, სარწყავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სოფლების უმრავლესობაში კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთ საშუალებად სახელმწიფო ოჯახურ მეურნეობებზე დაკვირვებას მიიჩნევს. აღწერის შედეგები საზოგადოებისთვისაც ღირებული ინფორმაცია იქნება. დღემდე არსებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის შიდა პროდუქტში 20 პროცენტს აღწევს.
XS
SM
MD
LG