Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ლატარიებზე თავის მონოპოლიას დააწესებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ლატარიების გამოშვებასა და მოწყობაზე სახელმწიფო მონოპოლიას აცხადებს. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტს კანონში ცვლილებების პროექტი

ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. რაში გამოიხატება სახელმწიფო მონოპოლია ამ სფეროში და რაში დაიხარჯება ლატარიების შემოსავალი?

სახელმწიფო ლატარიების გამოშვებაზე მონოპოლიას აიღებს. ეს ცნობილი გახდა კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კანონში ”ლატარიების, აზარტული თამაშების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ცვლილებების პროექტი წარადგინა. ამ კანონის დამტკიცების შემდეგ ლატარიის ბილეთების გამოშვება და ლატარიის მოწყობა ერთი კერძო, საერთაშორისო ტენდერით შერჩეული, კომპანიის პრეროგატივა იქნება. ანუ ”იღბლიანი დარტყმებისათვის” ”იღბლიან ჯენტლმენებს” თავად სახელმწიფო გამოავლენს. ლატარიის მოწყობიდან მიღებულ თანხებს კი სახელმწიფო კულტურისა და სპორტის ღონისძიებათა დასაფინანსებლად გამოიყენებს.

თავად იმ იდეაში, რომ ლატარიებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას, სპორტისა და კულტურის განვითარებას მოხმარდეს, არახალია და ეს იმთავითვე ამ ტიპის ლატარიების შემოღების მიზეზადაც იქცა. ექსპერტი სოსო სიმონიშვილი მთავრობის ამ ინიციატივასთან ისტორიულ პარალელს ავლებს და მიესალმება, თუ ეს, მართლაც, თავის შინაარსობრივ პირველწყაროს დაუბრუნდება.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] ”საერთოდ, ლატარია, თავისი შინაარსით, ეს არის საზოგადოების მიერ, აი, ამ ღონისძიებით ფულის შეგროვება რაიმე საზოგადოებრივი ქველმოქმედების აღსასრულებლად, მაგალითად, სპორტისთვის, კულტურისთვის ან ამდაგვარისთვის, რასაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს და კერძო ინვესტორებიც ვერ აფინანსებენ, იმიტომ რომ მათთვის მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის, თუმცა საზოგადოებას სჭირდება. ამიტომ საზოგადოებამ გამონახა ასეთი ფორმა, ითამაშოს ლატარია და ამ ფულით დააფინანსოს რაღაც საზოგადო საერთო საქმე. აი, ამ შინაარსიდან უნდა გამოვიდეთ.”(სტილი დაცულია)

აქამდე არსებული ლატარიები კერძო ფირმების მიერ იყო და არის ორგანიზებული, თუმცა მის ემისიაზე, ანუ გამოშვებაზე, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ლიცენზია და არსებული წესების დაცვა იყო საჭირო. მაგრამ იმის გაკონტროლება, თუ როგორ სრულდებოდა ეს წესები, ბუნებრივია, გართულებულია. სოსო სიმონიშვილს მიაჩნია, რომ დღემდე ესოდენ პოპულარულმა ათასგვარმა ლატარიამ, მისი შინაარსის პრინციპული დარღვევა გამოიწვია და ის კომერციის წყარო გახდა.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] ”ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან მთელმა რიგმა ლატარიებმა, რაც იყო, ამ იდეას გვერდი აუარა, ასცდა მას და ეს გახდა ჩვეულებრივი კომერცია და აზარტული თამაში და აუცილებლად უნდა განვასხვავოთ, რომ ლატარია არ არის აზარტული თამაში თავისი შინაარსით.”
ლატარია მყიდველისათვის ნამდვილად არის აზარტული თამაში, მაგრამ სხვა საქმეა, რაში უწევს ექსპლუატაციას ამ ლატარიის ორგანიზატორი მყიდველის აზარტს. როცა სახელმწიფო ამ სფეროში მონოპოლისტი გახდება და ტენდერის საფუძველზე ჩამოაყალიბებს მკაცრ მოთხოვნას და, რაც მთავარია, მოგების განაწილების მიზნობრიობას, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ფორმით გამოჩნდება დამატებითი რესურსი, რომელიც, ვიღაცის კერძო ჯიბის ნაცვლად, მეცენატობისა და ქველმოქმედებისათვის დაიხარჯება.”
XS
SM
MD
LG