Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


558-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, “მეათე სტუდიას” დღეს რეფორმებზე საუბრით ვიწყებთ. ჯერ მოისმენთ ლევან ურუშაძის მოსაზრებებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირებაზე, შევეცდებით ასევე გავარკვიოთ, როგორ შეიცვლება პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში. შემდეგ კი დავუბრუნდებით თემას, რომელზეც უკვე ძალიან ბევრი ითქვა სექტემბრის დასაწყისში ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ - უფრო ზუსტად მას შემდეგ, რაც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები პრევენციული დარტყმების მიზანშეწონილობაზე ალაპარაკდნენ. დღეს მოისმენთ ასევე, რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ჩვენი კოლეგები - რადიო თავისუფლების დელეგაციის წევრები ზუგდიდიდან. დაბოლოს, გამოვეხმაურებით “დიდი მელანქოლიკის” - მომღერალ ლეონარდ კოენის დაბადების 70-წლიან იუბილეს. პრაღიდან გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

რეფორმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში

წამყვანი:
მაშ ასე, ჯერ რეფორმების შესახებ. დავიწყოთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რეფორმირების საკითხით. ცვლილებები რომ საჭიროა, ამაზე, როგორც ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე გვატყობინებს, არავინ დავობს. თუმცა, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ზოგ პრობლემასთანაა დაკავშირებული და მათდამი სამეცნიერო წრეებში ერთიანი თვალსაზრისი არ ჩამოყალიბებულა. გიორგი კაკაბაძე ამ თემაზე ესაუბრა ევრომეცნიერების საქართველოს ეროვნული სექციის თავმჯდომარეს, ლევან ურუშაძეს.

[იხ. აუდიოვერსია]

როგორ შეიცვლება პოლიტიკა უმაღლესი განათლების სისტემაში?

წამყვანი:
განათლებისა და მეცნიერების სფეროს არც შემდეგ სიუჟეტში დავეხსნებით. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროს ორმა პროექტმა საზოგადოებაში ცხოველი რეაქცია გამოიწვია: ზოგადი განათლების შესახებ მომავალმა კანონმა ააღელვა საშუალო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, ხოლო კანონპროექტმა უმაღლესი განათლების შესახებ - უნივერსიტეტების პროფესურა. ორივე პროექტრის მიმართ უკვე არსებობს რამდენიმე კრიტიკული შეკითხვა. დავით პაიჭაძის სიუჟეტში თქვენ მოისმენთ პასუხებს უმაღლესი განათლების კანონპროექტის პრობლემურ საკითხებზე.
[იხ. აუდიოვერსია]
რას ფიქრობენ პრევენციულ დარტყმებზე უცხოელი ექსპერტები?
წამყვანი: დღეს “მეათე სტუდიაში” ისევ ვუბრუნდებით პრობლემას, რომელიც, თუ კლასიკურ მაგალითს მოვიშველიებთ, დამოკლეს მახვილივით დაეკიდა საქართველოს თავზე. ვგულისხმობთ რუსეთის მხრივ პრევენციული დარტყმებით მუქარას, გამოთქმულს უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის, თუ თავდაცვის მინისტრის მიერ ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. არა, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ტერორისტების ბაზებზე პრევენციულ დარტყმებს მაინცდამაინც საქართველოში უნდა მოველოდეთ. რუსი ოფიციალური პირების განცხადებებში ლაპარაკი იყო დარტყმებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელ წერტილში - ამ განცხადებებით არ დაუზუსტებიათ. მაგრამ ფაქტია: ყველა გამოხმაურებაში, რომელიც მოჰყვა განცხადებებს პრევენციულ დარტყმებზე, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ასახელებენ. მეტიც - ასახელებენ, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოს. რატომ არის ასე?

ამ და არა მარტო ამ საკითხში გასარკვევად დავურეკეთ გერნოტ ერლერს - გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენელს, სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. მისი შეფასებებით კი, აი, რატომ დავინტერესდით: გერმანელმა პოლიტიკოსმა ბესლანის მოვლენების შემდეგ რამდენიმეჯერ საჯაროდ გამოთქვა შეშფოთება უცხოეთში შესაძლო პრევენციულ დარტყმებზე რუსეთის განცხადებების გამო და თან აღნიშნა, რომ კავკასიაში მიზანშეწონილი იქნებოდა სტაბილურობის პაქტის ამოქმედება. ლაპარაკია ისეთივე პროგრამაზე, როგორიც ბალკანეთის რეგიონშია აპრობირებული, პროგრამაზე, რომელიც შექმნის პირობებს რეგიონში სტაბილიზაციისა და კეთილდღეობისათვის. გერნოტ ერლერი ამ ინიციატივაზეც გვესაუბრა, მაგრამ მასზე მოგვიანებით. ჯერ რაც შეეხება რუსეთის მუქარას პრევენციული დარტყმებით:
[გერნოტ ერლერის ხმა] “რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებების ტექსტი ძალიან ზოგადია და შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული “პრევენციული დარტყმების” კონცეფციის ერთგვარ ასლად. მაგრამ თუ პრაქტიკულ მხარეს გავითვალისწინებთ, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსი სამხედროები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიტანენ იერიშებს ობიექტებზე საერთაშორისო სამართლის პრინციპების გაუთვალისწინებლად. ამასთან, წარსულიდან ვიცით, რომ რუსეთმა იერიშები უცხოეთში სწორედ საქართველოში, პანკისის ხეობაში მიიტანა. ამიტომ ვიზიარებ ვარაუდს, რომ უწინარეს ყოვლისა ეს (...) რეგიონი იგულისხმება”.

რუსეთის მუქარა პრევენციული დარტყმებით რომ უწინარეს ყოვლისა საქართველოს ეხება, ამ შეფასებას იზიარებს კიდევ ერთი ექსპერტი, რომელსაც ჩვენი რადიო დაუკავშირდა - კერძოდ, ბრიტანეთის თავდაცვისა და სტრატეგიული პრობლემების სამეფო ინსტიტუტის დირექტორი ჯონათან ეიალი. მას ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის თანამშრომელმა ირინა ლაგუნინამ დაურეკა და დაგვთანხმდა ამ საუბრის ჩანაწერის ჩვენს, ქართული სამსახურის გადაცემაში გამოყენებაზე. მაშ ასე, ჯონათან ეიალის კომენტარი:
[ჯონათან ეიალის ხმა]“ოფიციალურად, თეორიულად რუსეთი ინარჩუნებს უფლებას, დარტყმა განახორციელოს მსოფლიოს, პრაქტიკულად, ნებისმიერ ადგილას. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იურიდიული თვალსაზრისით, რუსეთს ასეთი უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ რომელიმე ქვეყანამ შეიკედლა ჩეჩნები და არ მიმართავს ზომებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ასეთი დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. შესაძლოა “ჩეჩენი ტერორისტები” (ასე ვუწოდოთ მათ) მართლაც იყვნენ მეზობელ ქვეყნებში. მაგრამ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ რუსეთის რომელიმე მეზობელი თანამშრომლობს ჩეჩენ ტერორისტებთან, ან თავისი ტერიტორიიდან რუსეთზე თავდასხმის საშუალებას აძლევს ტერორისტებს. აშკარაა, რომ რუსეთი მოცემულ შემთხვევაში ემუქრება სულ რამდენიმე მეზობელ ქვეყანას, როგორიცაა საქართველო, მაგალითად პანკისის ხეობაში”, ამბობს ჯონათან ეიალი. მასაც ბუნებრივია, არ რჩება მხედველობიდან, რომ პრევენციულ დარტყმებზე პრეტენზიით რუსეთი ბაძავს შეერთებულ შტატებს - იმეორებს მის რეაქციას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებზე. არადა, რუსეთში ტერორიზმსა და ალ-ყაიდისეულ ტერორიზმს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს. ასე ფიქრობს ჯონათან ეიალი და განმარტავს:
[ჯონათან ეიალის ხმა] “მოსკოვს აშკარად სურს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ მას მუქარას უქმნის საერთაშორისო გლობალური ტერორისტული ქსელი, რომელსაც კავშირი აქვს ისლამურ ფუნდამენტალიზმთან. ანუ რუსეთი, თითქოსდა იმავე საფრთხის წინაშე დგას, როგორც შეერთებული შტატები. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საფრთხე, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა (თუნდაც საშინელი საფრთხე, რომელიც ქვეყანაში სისხლისღვრას იწვევს), სულ სხვა ხასიათისაა, ვიდრე საფრთხე, რომელიც შეერთებულ შტატებს თავს დაატყდა 3 წლის წინ. რუსეთში პრობლემა ტერორიზმის საერთაშორისო ფესვები კი არ არის, არამედ ის, რომ ტერორიზმი თვით რუსეთში აღმოცენდა. ტრადიციული სეპარატისტული მოძრაობა ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთი კავკასიის სხვა ადგილებში - აი, ესაა რუსეთის მთავარი პრობლემა. და განცხადებები, რომ ჩეჩნეთში აბსოლუტურად არავისთან და არაფერზე არ შეიძლება მოლაპარაკება, ისევე როგორც ამერიკული დოქტრინის ასლის აღება (რომ საჭიროა უბრალოდ დაარტყა ამ ტერორისტების ბაზებს), უკიდურესად არასწორია”.
მაგრამ რა არის ალტერნატივა, გამოსავალი? რა შეიძლება გაკეთდეს საიმისოდ, რომ გაჩნდეს იმავე ჩეჩნეთში მშვიდობის შანსი, რომ ადამიანებს ჩეჩნეთში, მთელს კავკასიის რეგიონში, მშვიდი ცხოვრების, მუშაობის, განათლების პირობები შეექმნათ? გერმანელ პოლიტიკოსს, გერნოტ ერლერს ასეთ პერსპექტივაზე სავსებით კონკრეტული წარმოდგენა აქვს:
[გერნოტ ერლერის ხმა] “ევროპას საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება დაუგროვდა ბალკანეთში სტაბილიზაციის მხრივ - ვგულისხმობ პროგრამას “სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილიზაციის პაქტი”. იქ შედგა ათობით ქვეყნის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობა. ამ მხრივ 5-წლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა. 2000 წლიდან ვემხრობი იდეას, რომ ასეთივე პაქტის ამოქმედება ვცადოთ კავკასიაში, რათა გავაუმჯობესოთ რეგიონული თანამშრომლობა და თან ვისარგებლოთ სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.”

ამ იდეას, დასძენს გერნოტ ერლერი, გერმანიაში და მეტიც - ევროპარლამენტში ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ თვით რუსეთის მთავრობა ამბობს უარს კავკასიაში ვითარების სტაბილიზაციისათვის უცხოეთიდან დახმარების მიღებაზე. რუსეთის გარეშე კი კავკასიის სტაბილურობის პაქტს, ცხადია, განხორციელება არ უწერია. მაგრამ იქნებ იყოს შანსი, რომ რუსეთის მთავრობის პოზიცია შეიცვლება, რომ მოსკოვი ბოლოს მაინც დაყაბულდება ძალისხმევის “ინტერნაციონალიზაციას” მთელს კავკასიაში?
[გერნოტ ერლერის ხმა] “იმედი მაქვს, ეს მოხდება. რუსეთს აქამდეც უზარმაზარი ხარჯის გაღება უწევდა ჩეჩნეთში რეკონსტრუქციისათვის - ლაპარაკია მილიარდობით რუბლზე. მაშინ, როცა პუტინმა ჩეჩნეთში წელს მაისში ვიზიტისას თვითონვე აღნიშნა, რომ ამ ხარჯების შედეგი ადგილზე თითქმის არ ჩანს. და თუ პუტინს ახლა ამ ძალისმხევის მთელს ჩრდილოეთ კავკასიაზე განვრცობა სურს - მაშასადამე ინგუშეთზე, დაღესტანზე, ჩრდილოეთ ოსეთზე და ... ჩეჩნეთზე, ამას რუსეთის შესაძლებლობები, ალბათ, უკვე ვეღარ გასწვდება და ვერც მეზობლებთან დაძაბულობის პრობლემა მოგვარდება... ამიტომ ვფიქრობ, ევროპას აქვს შანსი, დაარწმუნოს რუსეთი, რომ გონივრული იქნებოდა სტაბილურობის პაქტზე დაყაბულება...”
ასე ფიქრობს გერმანელი პოლიტიკოსი, რუსეთთან ურთიერთობის საკითხების ექსპერტი გერნოტ ერლერი. ის ხშირად ხვდება რუსეთის წარმომადგენლებს და ნოემბერში ისევ ჩავა მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე მოსალაპარაკებლად - საუბარი, მისი ვარაუდით, სტაბილურობის პაქტზეც იქნება. მანამდე კი, და, სავარაუდოდ, ნოემბრის შემდეგაც საქართველო ისევ იდგება პრევენციული დარტყმის საფრთხის წინაშე.

ამ სიუჟეტს ერთი საინტერესო განმარტებით დავამთავრებთ - მას მივაკვლიეთ უცხო სიტყვათა ლექსიკონში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ, საბჭოთა საქართველოშია გამოცემული: “პრევენციული ომი არის ომი, რომელსაც მიმართავენ აგრესორები ვითომდა მოწინააღმდეგე მხარის თავდასხმისაგან თავის დაცვის, მისთვის დასწრების მიზნით.”
ასე ესმოდათ პრევენციული ომი საბჭოთა პერიოდში.
[მუსიკა]
რადიო „თავისუფლება“ რეგიონებში

წამყვანი:
ახლა კი - ჩვენს შესახებ! რადიო „თავისუფლების“ მსმენელმა, ალბათ, უკვე იცის, რომ მაისიდან რადიო „თავისუფლებამ“ თავის პარტნიორ რადიოებთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს. „ დღეს დილით“ მსმენელს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზეც უამბობს. პროგრამის პრეზენტაცია ივნისში უკვე გაიმართა ფოთსა და ქუთაისში. ამ კვირაში კი რადიო „თავისუფლების“ მცირერიცხოვან „დესანტს“ გურჯაანი და ზუგდიდი მასპინძლობდა. მოგითხრობთ “დესანტის” წევრი თამარ ჩიქოვანი.

[იხ. აუდიოვერსია]

წამყვანი:
“დიდი მელანქოლინკი”, “კაცი, რომელიც იშვიათად იცინის”, “პესიმისტი მომაჯადოვებელი ხმით” - ასე მოიხსენიებენ ლეონარდ კოენს, კანადელ მწერალს, კომპოზიტორსა და მომღერალს, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა ე.წ. “მეინსტრიმის” წარმომადგენელი, მთელს მსოფლიოში იცნობენ - მას მილიონობით ფირფიტა აქვს გაყიდული. განსაკუთრებით პოპულარულია მისი სიმღერები “Suzanne”, “So Long Marianne”, “Lover, Lover, Lover,” - სევდიანი სიმღერები სიყვარულზე. დღეს ერთ-ერთით დაგემშვიდობებით და ასე გამოვეხმაურებით ლეონარდ კოენის დაბადების დღეს - 21 სექტემბერს მას 70 წელი შეუსრულდა.
[მუსიკა]
ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია”, როგორც ყოველთვის, პრაღასა და თბილისში მომზადდა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. პრაღიდან კი გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით! ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG