Accessibility links

logo-print

რას უპირებს ხელისუფლება ზრუნვას მოკლებულ ბავშვებს


24 სექტემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის ტერიტორიაზე მიუსაფარ ბავშვთა გასამხედროებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი

ბანაკის საზეიმო დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მშობელთა ზრუნვას მოკლებულმა 30-მა ბავშვმა სხვადასხვა სახის ორკვირიანი სამხედრო წვრთნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და კოჯრის ბატალიონის ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. ჩატარებული წვრთნის პირველი შედეგი ასეთია: ათმა მოზარდმა გორის სერჟანტთა სასწავლებელსა და სამხედრო აკადემიაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. მინდა გესაუბროთ სამხედრო-საველე სწავლების სხვა მოსალოდნელ შედეგებზე.


საქართველოს ხელისუფლება სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას ცდილობს. რიგით ადამიანებს მაგალითს ის მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები აძლევენ, რომლებიც ხან კოჯრის ტყეებში გადიან სამხედრო-საველე შეკრებებს, ხანაც ოსიაურში - რეზერვისტთა ნაწილში. უნდა ითქვას, რომ ქართველ ჩინოვნიკებში, რომელთა დიდ ნაწილს სავალდებულო სამხედრო ბეგარაც კი არა აქვს მოხდილი, სამხედრო სულისკვეთებამ პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგი შინაარსის მოწოდებების შემდეგ გაიღვიძა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “უნდა გვესმოდეს, რომ იქ, სადაც სამშობლოსთვის ბრძოლაა საჭირო, იქ ყველანი, გამონაკლისის გარეშე, უნდა დავდგეთ, მთელი ქართველი ერი, ყველა მოქალაქე…”

საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ შეკრებაზე ისიც თქვა, “გარე მტრისაგან ქვეყნის დაცვა ცალკეული პიროვნებების კი არა, მთელი მოსახლეობის, ხუთი მილიონი ადამიანის, საქმეაო.” ცხადია, ამ ხუთ მილიონში შედის ის 30-მდე ზრუნვას მოკლებული ბავშვი, რომლებმაც, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ლეგიონის" ინიციატივითა და თავდაცვის უწყების გენერალურ შტაბთან შეთანხმებით, ორი კვირის განმავლობაში თვითგადარჩენისა და ისტორიულ-პატრიოტული აღზრდის კურსები გაიარა. მეტიც: ბავშვებმა დენთის სუნიც კი იყნოსეს. მათ ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღი და საწვრთნელი ვაზნები დაურიგდათ. ორკვირიანი შეკრებით გამოწვეულ კმაყოფილებას მოზარდებთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორებიც ვერ მალავდნენ.

[მოზარდის ხმა] “ჩემი მეორე გამოსვლაა უკვე. ბევრი ვივარჯიშე და მიჩვეული ვარ. “

[მამაკაცის ხმა] “სამხედრო-პატრიოტული ალიანსის ხელმძღვანელობა გააკეთებს სარეკომენდაციო წერილებს, რომლებსაც გაითვალისწინებს სამხედრო სასწავლებლების ხელმძღვანელობა, რათა ამ ბავშვებმა გააგრძელონ სამსახური სხვადასხვა შენაერთებში, რომ მიაღწევენ შესაბამის ასაკს.”

თუმცა, სამხედროებისა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დეპუტატებისაგან განსხვავებით, ფსიქოლოგები უდედმამო ანდა ზრუნვას მოკლებული მოზარდების სამხედრო-პატრიოტულ გაწვრთნაში გასახარს ბევს ვერაფერს ხედავენ. ფიქოლოგი თეონა ქემაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ კატეგორიის მოზარდებზე სამხედროთა ყურადღება იმ მარტივი მიზეზის გამო შეჩერდა, რომ ჩვეულებრივი ოჯახები სამხედროებს ბავშვებს არ ანდობდნენ. და კიდევ: ჩემი რესპონდენტი ისედაც აგრესიულ გარემოში მცხოვრები ბავშვების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანებას აპროტესტებს:

[თეონა ქემაშვილის ხმა] “ჩვენ, ფსიქოლოგები, ხმამაღლა ვყვირით: ნუ უყურებენ ბავშვები ამდენ აგრესიულ ფილმებს, ნუ მოდის ტელეეკრანებიდან ამდენი გაუცხოება საზოგადოებისა, ამდენი მტრობა, ძალადობა… ახლა ჩვენ რა ვქენით? - მივეცით ჩვენს ბავშვებს ხელში იარაღი. მართალია, ამ თოფით მან ვერავინ მოკლა, მაგრამ რეალურად მიხვდა, რომ ტყვია თავისთავად კაცს კლავს და მივუახლოვეთ ყველაფერ ამას ბავშვი.”

ორკვირიანი შეკრების საზეიმო დახურვაზე გაირკვა, რომ წვრთნებში მონაწილე 30 ბავშვიდან 10-მა სამხედრო სასწავლებლებში მოწყობის სურვილი გამოთქვა. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი ქეთი კობალაძე საყურადღებო პარალელს ავლებს. მისი თქმით, საბჭოთა სამხედრო მანქანას უდედმამო ბავშთა სახლების კონტინგენტიდან საგანგებო დანიშნულების რაზმების შევსების საკმაოდ მდიდარი ტრადიცია ჰქონდა:

[ქეთი კობალაძის ხმა] “…და თუ ამას ფიქრობენ და ასეთი აზრი გაუჩნდა ვინმეს, ეს ეთიკური კი არა, ეს დანაშაულია.”

ტრადიცია მშობელთა ზრუნვას მოკლებული ბავშვების სამხედრო სამსახურში ჩაყენებისა, რუსეთში ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში კვლავ აღორძინდა. როგორც ჩანს, ტრადიციებს, თუნდაც საბჭოთას, ადვილად ვერც საქართველოში ელევიან.
XS
SM
MD
LG