Accessibility links

logo-print

საშემოდგომო პოლიტიკური სურათი


შემოდგომა პოლიტიკური ცხოვრებისთვის წელიწადის მნიშვნელოვანი დროა. პარლამენტი განახლებული ენერგიით იწყებს საქმიანობას, მთავრობაც აქტიურობს და

ტელეკომპანიებიც ცდილობენ, საინტერესო პროექტები შესთავაზონ მაყურებელს. ამიტომ შემოდგომაზე კარგად ჩანს პოლიტიკური სურათი: რას აპირებს ხელისუფლება, რა რესურსი აქვს ოპოზიციას და რა ინფორმაცია მიეწოდება ქვეყნის ცხოვრების შესახებ საზოგადოებას. როგორია წლევანდელი საშემოდგომო სურათი?

მთავარი სიახლე, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყანას მიმდინარე წლის შემოდგომაზე სთავაზობს, საგადასახადო კოდექსი და განათლების რეფორმაა. ორივე საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს. ჯერჯერობით კოდექსსაც ხელისუფლება აქებს და განათლების რეფორმასაც. ის ხალხი კი, ვისაც საკანონმდებლო ცვლილებები უშუალოდ ეხება, ენერგიულად აპროტესტებს მოსალოდნელ სიახლეებს. ამიტომ ორივე საკითხი სახელისუფლო გუნდისა და ოპოზიციის სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. შესაძლოა, კიდევ მეტიც მოხდეს: ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონპროექტებს შესაბამის კომიტეტში უფრო ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ, ვიდრე ოპოზიციის წევრები; არ არის გამორიცხული, რომ საგადასახადო კოდექსისა და განათლების შესახებ კანონპროექტების საპარლამენტო განხილვას ოპოზიციის რიგების გაზრდაც მოჰყვეს. უფრო მეტად კი ის არის მოსალოდნელი, რომ შემოდგომაზე სახელისუფლო გუნდი თავის სახეს შეინარჩუნებს, მაგრამ ხილული თუ უხილავი ბზარების გარეშე ნამდვილად ვერ გადარჩება.

ოპოზიცია ჯერჯერობით მცირერიცხოვანი და დაქსაქსულია, თუმცა ინტელექტუალური რესურსით უმრავლესობას არ ჩამორჩება. ეს მკაფიოდ დაადასტურა დებატებმა ცხინვალის კონფლიქტთან დაკავშირებით. სახელისუფლო გუნდის არგუმენტები, რომ “ახლებს” ხმის ამოღების უფლება არა აქვთ, ხოლო რესპუბლიკელებს არაფრის გაგების უნარი არ გააჩნიათ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ოპოზიცია ფუნქციურად უკვე არსებობს.

ასახავს თუ არა მასმედია ამ რეალობას? მიმდინარე წლის შემოდგომაზე ტელეკომპანიებმა - “იმედი” და “რუსთავი 2” - ერთგვაროვანი სიახლე შესთავაზეს საზოგადოებას: მათ უარი თქვეს პოლიტიკურ დებატებზე, სამაგიეროდ, გადაწყვიტეს, მოამზადონ ბევრი შემეცნებითი სიუჟეტი სხვადასხვა გადაცემისთვის. ამის გამო მათი ეთერი, შესაძლოა, უფრო მიმზიდველიც გახდა, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ტელესივრცე აშკარად გაღარიბდა. დებატების ფორმა შეინარჩუნა ტელეკომპანია “202”-მა და, საფიქრებელია, რომ შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემისთვის თვალ-ყურის მიდევნება საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდეს პოლიტიკის მოყვარული საზოგადოებისთვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ სექტემბერი იწურება და პოლიტიკური ცხოვრება ნელ-ნელა ენერგიით ივსება. არსებობს სახელისუფლო გუნდიც, ოპოზიციაც და არსებობს მედიასეგმენტიც, რომელიც ორივე მხარის ტრიბუნაა. რაც მთავარია, არსებობს საზოგადოების ინტერესი იმ კანონპროექტების მიმართ, რომლებიც უშუალოდ ეხება მათ საქმიანობას. აი, ასეთია სურათი პოლიტიკური სეზონის პირველი თვის ბოლოს.
XS
SM
MD
LG