Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ოქტომბრიდან ელექტროკავშირის აბონენტებს წუთობრივი გადასახადი არ დაუწესდებათ


საქართველოს ელექტროკავშირის აბონენტებს 1 ოქტომბრიდან წუთობრივი გადასახადი აღარ დაუწესდებათ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონულმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება შეთანხმებულია საქართველოს პრეზიდენტთან, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და ეკონომიკის სამინისტროსთან. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მოსახლეობის დაინტერესებული ნაწილისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, ელექტროკავშირისთვის კი - უსიამოვნო მოულოდნელობა. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.

საქართველოს ელექტროკავშირის აბონენტთათვის “ახალი ქსელების” აბონენტებთან სასაუბროდ ტარიფის ოდენობა 1 წუთზე 2 თეთრით იყო განსაზღვრული. 1 ოქტომბრამდე ტარიფის ძალაში შესვლის თარიღი ორჯერ გადავადდა. საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილების უსამართლობის მტკიცების ნიშნად, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციები მოაწყო, მეორე მხრივ კი, რამდენიმე სასამართლოში შეიტანა სარჩელი. შალვა ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების უკანდახევა ლეიბორისტული პარტიის საპროტესტო აქტიურობის შედეგია. ლეიბორისტები ამჯერად ახალი სასარჩელე განცხადებების მზადებით არიან დაკავებულნი.

[შალვა ნათელაშვილის ხმა]” არ იცვლება ვითარება, იმიტომ რომ ამას ყიდიან. მაშინ გასაყიდი ობიექტების ნუსხიდანაც უნდა ამოიღონ. ამ ობიექტის გაყიდვა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ წუთობრივ გადასახადს აუცილებლად შემოიტანს ინვესტორი და კერძო მესაკუთრე. აბა, ისე ვინაა გიჟი, რომ მოგებაზე არ იმუშაოს. “

შალვა ნათელაშვილის მოსაზრებას, როგორც წესი, არ იზიარებს ხელისუფლება. დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი, მაგალითად, ამბობს, რომ ხელისუფლებისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება არც ელექტროკავშირისა და არც სხვა რომელიმე კომპანიის გაკოტრებას არ გამოიწვევს. მისივე თქმით, გამოინახა ეგრეთ წოდებული ოქროს შუალედი, სხვა გზა, რომელიც საშუალებას მისცემს ელექტროკავშირს, ახალი ქსელების აბონენტებთან ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაზე აღარ იზრუნოს, ანუ საკუთარ აბონენტებს წუთობრივი გადასახადი აღარ დაუწესოს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]” ჩვენ ვისარგებლებთ და მოვამზადებთ ყველა იმ ცვლილებას, კანონი იქნება თუ სხვა ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც აგვაცილებს თავიდან მოსახლეობისთვის დამატებითი ვალდებულებების განხორციელებას.”

როგორც ელექტროკავშირის დირექტორის პრესმდივანმა თეონა წერეთელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ელექტროკავშირის მომხმარებელთათვის დამატებითი წუთობრივი გადასახადის დაწესების ინიციატივა თავად ელექტროკავშირიდან არ მოდიოდა:

[თეონა წერეთლის ხმა]” მარეგულირებელს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გვავალდებულებდა ჩვენ სხვა კომპანიებისთვის გვეხადა ყოველ წუთზე 6 თეთრი. სხვა კომპანიები არიან ფასიანები და ჩვენ უფასო ვართ. 6 თეთრი საიდან უნდა გადაგვეხადა სხვა კომპანიებისთვის იმისათვის, რომ ზარი განგვეხორციელებინა? აბონენტიდან უნდა ამოგვეღო, ხო? რაღაც დაფარვაზე იყო საუბარი და არა ფისკალურ ეფექტზე.”

მარეგულირებელმა ტარიფის ძალაში შესვლის ვადა მიმდინარე წლის 1
დკემბრამდე გადასწია. მარეგულირებელ კომისიას, ელექტროკავშირს, მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის შედგა პოლიტიკური გარიგება. კმაყოფილია მომხმარებელიც. მისმა ერთმა ნაწილმა, კერძოდ, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებმა, ელექტროკავშირისგან უფასო წუთობრივი ლიმიტის დაწესების მოთხოვნით, მრავალი ინსტანციის კარი აატალახეს. მათ რიგებში ალიკა სტეფანიანიც იყო:

[ალიკა სტეფანიანის ხმა]”ჩვენ მოვითხოვთ, რომ მომავალ ინვესტორთან ხელშეკრულებაში იყოს ჩადებული სავალდებულოდ, აუცილებლად ასეთი პუნქტი - წუთობრივი გადასახადისგან პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდების გათავისუფლების შესახებ.”

ელექტროკავშირი საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია. ამდენად, ელექტროკავშირის აბონენტების კმაყოფილებასა და სიმშვიდეზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.
XS
SM
MD
LG