Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იად ალავი ვაშინგტონში ჟურნალისტებს შეხვდნენ. საუბრის ძირითად

თემას ერაყში შექმნილი დაძაბული ვითარება და მოახლოებული არჩევნები წარმოადგენდა. ჯორჯ ბუშის თქმით, მწვავე სიტუაციის მიუხედავად, ჯერჯერობით არ განიხილება ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის საკითხი. იად ალავის კი კვლავინდებურად სჯერა, რომ მის ქვეყანაში უსაფრთხოება არა ამერიკელებმა, არამედ თავად ერაყელებმა უნდა დაიცვან. ამ თემაზე უფრო ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.

ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იად ალავი დარწმუნებულია, რომ, ამბოხების მიუხედავად, იანვარში არჩევნები მაინც ჩატარდება:

{იად ალავის ხმა} “ერაყის 18 რეგიონიდან 15-ში უსაფრთხოების პირობები ისეთია, რომ არჩევნები ხვალვე ჩატარდებოდა. იქ ერაყელები მშვიდად ცხოვრობენ და ასე ნანატრი პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობით ტკბებიან. მართალია, ეს არ არის ის, რასაც თქვენს მედიაში ხედავთ, მაგრამ ეს ფაქტია.”

ერაყში იანვრის არჩევნების შესაძლო ჩაშლის საკითხი ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა. მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელმაც არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, შიშობს, რომ ეს, შესაძლოა, სწორედ ასეც მოხდეს. არასაკმარისი უსაფრთხოების გამო, არჩევნების ჩაშლას მსოფლიოში კიდევ ბევრი მოელის. თუმცა ბუშის ადმინისტრაცია, ერაყის დროებითი მთავრობა და შიიტების უმაღლესი სასულიერო ლიდერი აიათოლა სისტანიც კი დაჟინებით მოითხოვს, რომ არჩევნები დაგეგმილ ვადებში ჩატარდეს.

სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ მეამბოხე შიიტებს შეერთებული შტატების ჯარებისა და ერაყის სამხედრო შენაერთების მისამართით ბრძოლა არ გაუნელებიათ. პერიოდულად კი დაპირისპირება ნამდვილ პიკს აღწევს. მეამბოხეები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან ადამიანებსაც, რომლებიც კოალიციასთან თანამშრომლობენ. ჯერ მარტო ამ კვირაში აჯანყებულებმა ორ ამერიკელ მძევალს მოჰკვეთეს თავი. მიუხედავად ამისა, ბუში თავის პოზიციაზე რჩება:

{ჯორჯ ბუშის ხმა} “ისინი თავს ჰკვეთენ ამერიკელებს, რომ ტელეეკრანზე მოხვდნენ და ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ნებისყოფა, ერაყელების ნებისყოფა. სწორედ ამას ცდილობენ ისინი. თითოეული ამერიკელის მსგავსად, მე აღშფოთებული ვარ ამგვარი საქციელით. მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას, ჩვენ არ ვაპირებთ ერაყელი ხალხის მიტოვებას. ჩვენი მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ომში გამარჯვებაა.”

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის არმიის სარდალმა ახლო აღმოსავლეთში გენერალმა ჯონ აბიზაიდმა შეერთებული შტატების კონგრესს აცნობა, რომ, შესაძლოა, ერაყში აუცილებელი გახდეს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდაზე მეტად ქვეყანას ადგილობრივი ძალების სათანადო მომზადება ესაჭიროება:

{იად ალავის ხმა} “მეტი ჯარისკაცი ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ დღეს რეალურად გვესაჭიროება ადგილობრივი ძალების წვრთნა, რადგანაც ერაყელებისთვის, ერაყის უშიშროების ძალებისთვის მნიშვნელოვანია თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე და დაიცვან დარჩენილი ცივილიზებული მსოფლიო.”

თუმცა ჯორჯ ბუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გენერალ აბიზაიდს ერაყში ამერიკელთა სამხედრო კონტინგენტის გაზრდა ჯერ არ მოუთხოვია და თუკი ოდესმე მოითხოვს, ეს საკითხი სერიოზულად განიხილება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG