Accessibility links

logo-print

19 შვილის მშობლები უღარიბეს მოლდავეთშიც ოპტიმისტებად რჩებიან


მოლდავეთის 4-მილიონიანი მოსახლეობის სამი მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს. ასობით ათასი მოლდაველი უკეთესი მომავლის საძიებლად უცხოეთშია გახიზნული.

ის კი, ვინც დარჩა, განსაკუთრებით სოფლად, ბედის ანაბარად არის მიტოვებული. თუმცა იქაც კი, ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, მოიძებნებიან ოპტიმისტი ადამიანები და ჩემი დღევანდელი რეპორტაჟიც სწორედ ერთ-ერთ ასეთ ოჯახზე მოგითხრობთ. რეპორტაჟის გმირი მარია უნგურანო 19 შვილის დედა და ერთი შვილიშვილის ბებიაა.

{ისმის ბავშვების ხმა}

მოლდავეთის სოფელ კაპრიანაში, რომელიც კიშინიოვის სამხრეთით 20 კილომეტრზე მდებარეობს, ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს, იმდენად დიდი, რომ დედას შვილების გამოსაკვებად ყოველდღე საკუთარი ხელით გამომცხვარი, სულ მცირე, 10 პური სჭირდება:

{მარია უნგურანოს ხმა} “მე 19 შვილი მყავს: შვიდი – გოგონა და 12 – ვაჟი. ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელიც 1983 წელს დაიბადა, უკვე გათხოვილია, დანარჩენები კი ჯერ ისევ ჩვენს სახლში ცხოვრობენ.”

მარია და მისი მეუღლე, რომელიც ხის დამამუშავებელ საწარმოში მუშაობს, ჯერ ისევ ახალგაზრდები არიან. 41 წლის დედამ, მაღალმა და ძლიერმა ქალმა, შარშან უკვე მეორედ გააჩინა ტყუპები. ვიდრე ქმარი ხანგრძლივ სამუშაო დღეს არ დაასრულებს და სახლში არ დაბრუნდება, ოჯახის მთელი სიმძიმე ცოლის მხრებზე გადადის. ხუმრობა არ არის აღზარდო 19 შვილი ქვეყანაში, სადაც ერთის მოვლაც კი ჭირს.

უნგურანოების ოჯახისთვის ბავშვების განათლება უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, თუმცა ეს არცთუ ადვილი საქმეა:

{მარიას ხმა} “დღესდღეობით ეს ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ. თუკი გავაჩინეთ ამდენი შვილი, უნდა ვასწავლოთ კიდეც. ჩვენ არ შეგვიძლია ისინი სიღატაკეში, შიმშილსა და სიბინძურეში გავზარდოთ. ეს იყო პირველი წელიწადი, როდესაც 1 სექტემბერს სკოლაში ყველანი ერთად ვერ გავუშვით და მათი სათითაოდ გაგზავნა მოგვიხდა. მაგრამ სხვა დროს, როგორც წესი, ყველანი სწავლის დაწყების პირველივე დღიდან დადიან სკოლაში. ჩვენი ბავშვებიდან სკოლაში ამჟამად 12 დადის. ჩვენი უფროსი ქალიშვილი კი კოლეჯში სწავლობს.”

მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მარია მაინც ოპტიმისტია. ის იღიმება. ასეთი ღიმილი დღევანდელ მოლდავეთში იშვიათობაა.

მძიმე პრობლემებს, 1991 წლიდან მოყოლებული, მოლდავეთიდან უამრავი ადამიანი გაექცა. ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა სტაგნაციამ და ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშით, ემიგრანტად 300 ათასი მოლდაველი აქცია. ეს რიცხვი ქვეყნის საერთო მოსახლეობის – 10, ხოლო შრომისუნარიანი მოსახლეობის – 40 პროცენტს შეადგენს.

საზღვარგარეთ წასვლაზე ერთ დროს უნგურანოების წყვილიც ფიქრობდა, მაგრამ ვეღარ შეძლო და აი, რატომ:

{მარიას ხმა} “ფული ისე გვჭირდება, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე არაერთხელ გვიფიქრია, მაგრამ მერე შევწყვიტეთ ამაზე ფიქრი. ჩვენ ამდენი შვილი გვყავს და მათთვის დედის და მამის სიახლოვე აუცილებელია. თუმცა მხოლოდ ერთი შვილიც რომ გვყოლოდა, დედ-მამა სულ მის გვერდით უნდა ყოფილიყო.”

მე-17 შვილის გაჩენამდე უნგურანოების ოჯახმა მოლდავეთის მთავრობის ყურადღება ვერ მიიპყრო. მას შემდეგ კი, რაც მათი ისტორია ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა, მრავალშვილიანმა ოჯახმა ხელისუფალთაგან საჩუქრად – ტელევიზორი , ხოლო ნაბოლარა ტყუპების დაბადების შემდეგ – კომპიუტერიც მიიღო. ამის გარდა, მთავრობა უნგურანოების ოჯახს ყოველთვიურად 4 ტომარა ფქვილს უგზავნის, რაც, მარიას თქმით, ცოტაა, მაგრამ სულ არაობას სჯობს.
XS
SM
MD
LG