Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს პრესა არაერთ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესა არაერთ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის, ისეთზე, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში და გაეროს ასამბლეა,

აგრეთვე, კანონპროექტი “მაუწყებლობის შესახებ”, ახალი საგადასახადო კოდექსი, პრივატიზების პროცესი.

მიმოხილვის დასაწყისში გესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე ნიუ-იორკში, სადაც ის გაეროს ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა. 23 სექტემბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “ორთვიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ პუტინს დაუზავდა.”
გაზეთი წერს: “საქართველოს პრეზიდენტმა რუს კოლეგას სამეგობროდ ხელი ამჯერად ნიუ-იორკიდან, პირდაპირ გაეროს ტრიბუნიდან, გაუწოდა, თუმცა გაეროში პუტინის ემისარს სერგეი ლავროვს რუსეთის პრეზიდენტის იმავე ჟესტის იმიტაცია არ უცდია.
საქართველო მზად არის, თებერვალში კრემლთან მიღწეული შეთანხმებების შესრულება დაიწყოს. პანკისში ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გარდა, მოსკოვი თბილისისგან რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასაც ითხოვს.”

“ბესლანის ტრაგედიის შემდეგ შექმნილმა რეალობამ სააკაშვილი აიძულა შევარდნაძისეული ბალანსის პოლიტიკიდანაც გადმოეღო ზოგი რამ. იგი, ისევე, როგორც ამერიკის პრეზიდენტი, ვალდებულებას იღებს, ბოლო მოუღოს “ჩვენი სამყაროს ბასაევებს”. საქართველოს პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ რუსეთი სოხუმსა და ცხინვალში მყოფ სეპარატისტებსაც ბასაევის რანგში აიყვანს.”

როგორც 23 სექტემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს, “საქართველო რომ აშშ-ის პარტნიორად მოიაზრება, ეს უკვე ყველასათვის ცხადია. გაეროს სხდომის გამართვამდე სააკაშვილს მხარდაჭერას არა მხოლოდ ამერიკის ხელისუფლება, არამედ მისი ოპოზიციური პარტიაც უცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ამერიკის დამოკიდებულებას აშშ-ის პოლიტიკური ცვლილებები არ განაპირობებს.”

გაზეთის ინფორმაციით: “აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რიჩარდ ჰოლდრუკი, დემოკრატების სათავეში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის შემცვლელად მოიაზრება. მისი განცხადებით, დემოკრატები ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემების გადაწყვეტისას საქართველოს მიმართ რუსეთის პოზიციას არასდროს გაიზიარებენ.”

ახლა კი სხვა თემებზე გესაუბრებით. 21 სექტემბერს მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პარლამენტარები “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის თაობაზე ბჭობდნენ. 22 სექტემბრის გაზეთ “24 საათის” თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა ის უკმაყოფილება, რომელიც სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლებში ამ კანონპროექტმა გამოიწვია.”

გაზეთი წერს: “იმის მიუხედავად, რომ ამ პროექტში ჩადებული მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები ტელე თუ რადიოარხების მეპატრონეებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაინც არის საკითხები, რომელთა თაობაზეც პარლამენტარებსა და საინფორმაციო საშუალებათა მეპატრონეებს განსხვავებული ხედვა აქვთ. ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივად გადაკეთების ინიციატივას, სატელევიზიო ანძის მეპატრონის ვინაობის განსაზღვრასა და მაუწყებლობისთვის ლიცენზიის გაგრძელების პრინციპებს ეხება.”
“პროექტის თანახმად, სატელევიზიო ანძა საზოგადოებრივ ტელევიზიას, ანუ საქტელერადიოკორპორაციას, გადაეცემა. ეს კი მას მერე მოხდება, რაც სახელმწიფო ტელევიზია საზოგადოებრივად გადაკეთდება.”

გაზეთის თქმითვე, “ტელევიზიებისა და რადიოარხების მეპატრონეთა ნაწილი მაუწყებლობისთვის ლიცენზიის გაგრძელების პრინციპსაც ეწინააღმდეგება. კანონპროექტის თანახმად, ლიცენზიის გაგრძელება ყოველ ათ წელიწადში საკონკურსო წესით უნდა მოხდეს. ეს კი კერძო ტელევიზიებისა და რადიოსადგურებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.”

24 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, “საზოგადოებრივ ტელევიზიას ანძა საკუთრებაში აღარ გადაეცემა.”

გაზეთი წერს: “ამგვარი ცვლილება იურიდიულმა კომიტეტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტში შეიტანა. შესწორებების შემდეგ პროექტი დებატებისა და უკმაყოფილების მიზეზი ვერ გახდება. თუმცა კერძო მედიასაშუალებების წარმომადგენლები მაინც ეჭვობენ, რომ კანონით ხელისუფლებას კერძო ტელეკომპანიების გაკონტროლების საშუალება მიეცემა.”

“ყველაზე საკამათო საკითხი ლიცენზირებას უკავშირდებოდა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ავტორები გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ...კანონპროექტის ცვლილების თანახმად, კონკურსი მხოლოდ ახალ სიხშირეებზე გამოცხადდება, მოქმედ კერძო მაუწყებლებს კი, 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ლიცენზია მარეგულირებელი კომისიის მიერ გარკვეული პირობების წაყენების შემდეგ გაუგრძელდებათ. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ საკმაოდ ბევრია ის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა სამაუწყებლო კომპანიისათვის ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდება.”

საქართველოში მიმდინარე პრივატიზების პროცესთან დაკავშირებით, 23 სექტემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” აღნიშნავს, რომ “ხმაურიანი ანონსის მიუხედავად, მასშტაბური პრივატიზების პროცესი უხმაუროდ დაიწყო”. გაზეთის თქმით, “განკერძოების სიო დასავლეთიდან უბერავს. საყოველთაო საკუთრებისთვის კერძო მეპატრონის მოძიების პროცესი აჭარიდან იწყება. პირველი აუქციონიც ბათუმში მოეწყო. აჭარულმა აუქციონმა უპრობლემოდ ჩაიარა...”

“ხვალინდელი დღის” ინფორმაციით, “პრივატიზებიდან, მართალია, მცირე, მაგრამ მაინც შემოსავლებს სახელმწიფო ხაზინაში უკვე ითვლიან. როგორ გაანაწილებენ და რას მოახმარენ ამ თანხას, ჯერ არ იციან. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხების უდიდეს ნაწილს ცენტრალური ბიუჯეტისთვის ითხოვს. აჭარაში გაყიდული ქონების საზღაური ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ადგილობრივი ბიუჯეტისთვის უნდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრი, რომლის შეხედულება ამ საკითხზე ზუსტად შეესაბამება მისი სამინისტროს დასახელებას, თანხების ფუნდამენტური რეფორმებისთვის გახარჯვის მომხრეა.”

“ეროვნული ბანკი მთავრობას ურჩევს, სახელმწიფო ქონების გაყიდვით მობილიზებული თანხები უცბად არ დახარჯოს. ბანკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ფულის მიმოქცევაში ერთბაშად გაშვება ლარის კურსის რადიკალურ დაცემას გამოიწვევს. ამიტომ ეს ფული ფინანსთა სამინისტრომ თანდათან, გეგმაზომიერად უნდა დახარჯოსო.”

რაც შეეხება ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულ შეფასებებს.
22 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, “მთავრობის პათოსს დსთ-ის სივრცეში ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტები, პარლამენტარები და რიგითი მოქალაქეებიც კი არ იზიარებენ.”

გაზეთი წერს: “ორი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის ძირითადი მიმართულებებით მეწარმეების აღფრთოვანება მინელდა. ამჯერად ისინი მიიჩნევენ, რომ კოდექსი მეწარმეების დაშინების პრინციპით არის აგებული. მისი თითოეული მუხლიდან მუქარა იკვეთება - გადაიხადე, თორემ...
თუმცა, ზოგი მეწარმე კოდექსზე იმედებს მაინც ამყარებს. ზოგი კი მოვლენებს წინ არ უსწრებს და მის ამოქმედებას ელის. ამასთან, არინ ისეთებიც, რომლებსაც ახალი მთავრობის განაწყენება არ სურთ და დუმილს ამჯობინებენ.

ყოფილი პარლამენტარის ვახტანგ ხმალაძის აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსი, მთავრობის მიერ დაპირებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, ამის საპირისპირო შედეგებს გამოიღებს. მისივე თქმით, კოდექსი მეწარმესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას არათუ აწესრიგებს, არამედ უფრო ძაბავს.”

23-24 სექტემბრის გაზეთ “ალიაში” მოსაზრებებს გამოთქვამს მემარჯვენე ოპოზიციის წევრი, პარლამენტარი დავით საგანელიძე. კერძოდ, იგი ამბობს:“წარმოიდგინეთ, ბირჟაზე რომ შეიძინოთ რომელიმე კომპანიის აქციები და გახდეთ, ვთქვათ, “შევრონის” ან რომელიმე ბანკის აქციონერი, მერე ეს ბანკი გაკოტრდეს, ვალები დაედოს და თქვენ მოგადგეთ საგადასახადო, როგორც ერთ-ერთ აქციონერს, და დაგიყადაღოთ ქონება. ასეთი მუხლი აბსოლუტურ გაუგებრობას ქმნის და, საერთოდ, ვიღას ექნება სურვილი, რამე გააკეთოს?
ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია.”
XS
SM
MD
LG