Accessibility links

logo-print

გასული კვირის კულტურულ მოვლენებს შორის


გასული კვირის კულტურულ მოვლენებს შორის

მასშტაბურობით გამოირჩეოდა ევროპული კინოს კვირეული, რომლის მთავარი ორგანიზატორი ევროკომისიის წარმომადგენლობაა საქართველოში. ასეთი კინოფესტივალები ბოლო დროს მთელ მსოფლიოში იმართება. როგორც წესი, ევროპულ ფილმებს ხალხით სავსე კინოდარბაზებში უჩვენებენ, რაც ბუნებრივია... ევროპული კინო დღესაც დიდი გაჭირვებით იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო კინოგაქირავებაში. გამქირავებლები - სხვათა შორის, ევროპაშიც - ევროპულ ფილმებს აღიქვამენ როგორც “ერთჯერადი მოხმარების საქონელს”, რომელიც მხოლოდ მაყურებლის ერთ ვიწრო წრეს აინტერესებს. ევროკავშირი კი ყველაფერს აკეთებს, რათა თავის კინოპროდუქციას რეკლამა გაუწიოს – ასეთ კინოკვირეულებზე ფილმების ჩვენება არაკომერციულია... ბილეთის მინიმალური ფასი ზოგჯერ სრულიად საკმარისი ხდება იმისთვის, რომ ევროპული ფილმების კვირეული მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებად იქცეს.

საკმაოდ პომპეზურად გაიხსნა ფესტივალი თბილისშიც. ჰოლანდიური სურათი “ტყუპები” ნამდვილად არ წარმოადგენს თანამედროვე ევროპული კინოს ეტალონს, მაგრამ ჰოლანდიური ფილმით ფესტივალის გახსნა სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ კინოკვირეულის პირველ ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი დასწრებოდა. საერთოდ, ფესტივალის პროგრამა ერთგვარ “კრეშჩენდოზე” აეწყო – კინოკვირეულის პირველ დღეებში ნაჩვენები ფილმები მხატვრული დონითაც, აზრის სიმწვავითაც აშკარად ჩამოუვარდებოდა კვირის მიწურულს წარმოდგენილ ფილმებს. სანახაობრივი თვალსაზრისით, მაგალითად, ბრიტანული თრილერი “სიცარიელესთან შეხება” ჰოლივუდის ყველაზე მომგებიან ფილმებს შეიძლება შევადაროთ. ფილმის რეჟისორის ქევინ მაკდონალდის სურათი “ერთი დღე სექტემბერში” ამერიკული “ოსკარით” აღინიშნა, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. “სიცარიელესთან შეხება” აგრეთვე ჰგავს დოკუმენტურ ფილმებს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს თანაარსებობის ეფექტს... მათ შორის, საქართველოშიც. სურათის გმირები ხომ ალპინისტები არიან, მწვერვალთა დამპყრობლებს კი ჩვენში უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს.

საერთოდ, ევროპული კინოს კვირეულის პროგრამაში ჩართული არაერთი ფილმი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა ყოფილიყო და ევროკავშირის ფილმების კვირეულს უკეთესი რეკლამა რომ ჰქონოდა, შესაძლოა, ჩვენებებს ორჯერ მეტი მაყურებელი დასწრებოდა. მაგალითად, ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ კი ჩვეულებრივი მაყურებლისთვის სამაგალითოა ლიტველი რეჟისორის ალგიმანტას პუიპას “ელზას ცხოვრება”, სხვათა შორის, გადაღებული ლიტვის ევროკავშირში გაწევრიანებამდე. “ელზას ცხოვრება” – ბოლო დროს გადაღებული საუკეთესო ლიტვური სურათი, მშვენიერი სასიყვარულო ისტორია - დიდი წარმატებით უჩვენეს ბერლინის ფესტივალზე. სურათის ავტორმა საბჭოთა ეპოქაში მაინცდამაინც ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ დღეს იგი ახერხებს ადგილიდან დაძრას ლიტვური კინო და შექმნას სოცრეალიზმისა და ნატურალიზმის თავისებური ნაზავი – საკმაოდ ეფექტური ეკრანზე. როგორც კინოკვირეულზე გაირკვა, ლიტველ კინემატოგრაფისტებს დღეს ისევე უჭირთ, როგორც მათ ქართველ კოლეგებს – კერძო ბიზნესი უარს ამბობს ლიტვური ფილმების დაფინანსებაზე, მაგრამ ეროვნული კინოს განვითარებით ძალიანაა დაინტერესებული სახელმწიფო, კერძოდ, კულტურის სამინისტრო, რომელიც, პრობლემების მიუხედავად, მაინც ახერხებს წელიწადში რამდენიმე ლიტვური ფილმის გამოშვებას.

არანაკლებ საინტერესო უნდა ყოფილიყო თბილისელებისთვის კვირეულის პროგრამაში ჩართული ფრანგული ფილმი – რეჟისორების, არნო და ჟან-მარი ლარიუს, “ნამდვილი მამაკაცი” ... გენდერული ურთიერთობები, მონოგამია... ეს ყველაფერი ხომ ქართულ საზოგადოებასაც აწუხებს... და რა არის იმაზე კარგი, როცა მწვავე პრობლემა იუმორით - უფრო მეტად, ვუდი ალენის ფილმების მსგავსი იუმორით - იხატება. მართალია, ფრანგი კინორეჟისორების ეს პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი სცოდავს “ახალგაზრდული კინოს” კლიშეებით, მაგრამ მაინც გამოირჩევა სიახლით: ქართველ მაყურებელს აცნობს პოპულარულ ფრანგ მუსიკოს კატერინ ფილიპს, სკანდალების მოყვარულს, რომელმაც “ნამდვილი მამაკაცისთვის” მუსიკა დაწერა.

[მუსიკა. კატერინ ფილიპი]

და მაინც, ევროპული ფილმების კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვანი სურათი, ალბათ, გერმანელებმა წარმოადგინეს. მნიშვნელოვანი – ჩვენთვის... სინკე ვიორტმანის “ბერნის საოცრება” აღადგენს 1954 წელს... შვეიცარიას, სადაც დასავლეთ გერმანიის ფეხბურთელთა გუნდმა მსოფლიო თასი მოიპოვა, მოუგო რა უნგრეთის ნაკრებს ფინალური მატჩი. გერმანელებისთვის გამარჯვება მაშინ ღირსების საქმე იყო. 30 000 გერმანელი გულშემატკივარი ჩავიდა მსოფლიო თასის ფინალის სანახავად. აქვს თუ არა უფლება ნაციონალურ გრძნობას კვლავაც “იარსებოს” ასეთი წარსულის ქვეყანაში? – კითხულობს სურათის ავტორი.

იდენტურობის, ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს ერთიანობის პრობლემა ამ კვირაში კიდევ ერთმა “კულტურულმა ფაქტმა” გაამძაფრა – საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ სტუდია “ბოლივუდ ოფშენის” წარმომადგენლები... დიახ, არაფერი შემშლია: არა ჰოლივუდის, არამედ ბოლივუდის, ე.ი. ბომბეის კინოსტუდიის პროდიუსერები, მათ შორის, სტუდიის გენერალური დირექტორი არუნ კამარი, რომელმაც აღნიშნა:

[არუნ კამარის ხმა]

ეს ისეთი სილამაზეა, რომ აუცილებლად უნდა გადაიღოს კაცმაო, – ამბობს ბოლივუდის წარმომადგენელი, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე ჯერ არ საუბრობს. ჩვენ ისღა გვრჩება გაგახსენოთ, რომ ბოლივუდში წელიწადში ათასზე მეტ ფილმს იღებენ, ე.ი. ორჯერ მეტს, ვიდრე ჰოლივუდში. ბოლივუდით უკვე დასავლეთი დაინტერესდა, რადგან ინდოეთში ფილმის წარმოება ოთხჯერ უფრო იაფია, ვიდრე შეერთებულ შტატებში... ინდოელებს კი, როგორც ჩანს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარი იზიდავთ, რადგან ფილმის გადაღება აქ ინდოეთზე იაფი ჯდება.

[ხმა. ინდური ფილმის მუსიკა]

როგორც გაირკვა, ბოლივუდში განსაკუთრებით მოდაშია თანამედროვე ზღაპრები მდიდარ ინდოელ ყმაწვილზე, რომელიც ჩადის დიდ ბრიტანეთში, ცოლად ირთავს ემიგრანტების ქალიშვილს და მასთან ერთად მდიდრულ ვილაში იწყებს ცხოვრებას. ასეთი ფილმები მოსწონთ როგორც ინგლისში, ასევე ინდოეთში. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ბოლივუდის ისტორია იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირდე ამერიკულ მასკულტურას, როგორ შეიძლება გადაარჩინო ეროვნული კინემატოგრაფი. მაგრამ საეჭვოა, ბოლივუდის პროდუქცია საქართველოში ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორც ინდოეთში, ან, თუნდაც, რუსეთში... თბილისში არსებობს ინდური კინოს მოყვარულთა კლუბი, ინდურ ფილმებს სისტემატურად უჩვენებენ კინოთეატრ “ახმეტელში”, მაგრამ “ინდური კიტჩის” მოყვარულთა წრე - ყოველ შემთხვევაში, თბილისში - ძალიან ვიწროა... არ არის გამორიცხული, ბოლივუდის პროდუქცია მოეწონოთ საქართველოს რეგიონებში... თუმცა რეგიონებში ხომ დიდი ხანია დაინგრა, ან, უბრალოდ, დაიხურა კინოთეატრები.

[ხმა. მუსიკა]

“ჰოლივუდი დიღომში” – ასე შეარქვეს რუსებმა საბჭოთა ეპოქაში კინოსტუდია “ქართულ ფილმს”... და ეს არ იყო ირონია – ქართული კინოს წარმატებას მოსკოვიც აღიარებდა. დღეს დიღმის კინოსტუდიის შენობას სხვა დანიშნულება აქვს. “ქართული ჰოლივუდიდან” აქ მხოლოდ “არაჩვეულებრივი გამოფენა” – ქართველი კინორეჟისორების ბიუსტები დარჩა. რას აირჩევს საქართველო – ჰოლივუდს, ბოლივუდს თუ ევროკავშირის ქვეყნების კინემატოგრაფისტთა გამოცდილებას – ამას უახლოეს ხანში აუცილებლად დავინახავთ.
XS
SM
MD
LG