Accessibility links

logo-print

სოხუმის დაცემის დღე - თვითმხილველის მოგონებები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მინდა შეგახსენოთ ამ 11 წლის წინანდელი ამბავი, ანუ იმ დღის მოვლენები, როცა სოხუმი დაეცა. ერთ-ერთი მათგანი, ვინც 1993 წლის 27 სექტემბერს დატოვა ალმოდებული

სოხუმი და ჭუბერის გზა გადმოიარა, გახლდათ პროფესორი მერაბ ბოხუა, იმ პერიოდში ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი ექიმი. ის სოხუმის დაცემის ბოლო დღეებს იხსენებს:

[ მერაბ ბოხუას ხმა] „ მე გუდაუთაში ვარ დაბადებული და მთელი ბავშვობა სოხუმში მაქვს გატარებული, მაგრამ მახსენდება ის სოხუმი - მკვდრები, დანგრეული სახლები. რუსების დაბომბვები რომ იწყებოდა, ეს იყო საშინელება. ჩამოკიდებდნენ, გირლიანდებს რომ ეძახიან, პარაშუტით ჩამოაგდებდნენ - მთელი ქალაქი განათებული იყო და ბომბავდნენ. ეს მახსენდება სულ.“
დღეს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კარდიოლოგად აღიარებული პროფესორი მერაბ ბოხუა 1993 წლის 15 სექტემბერს ჩავიდა სოხუმში - ეს, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მისი 22-ე მოგზაურობა იყო ფრონტისპირა ქალაქში. სოხუმი უკვე ალყაში იყო მოქცეული, თუმცა იმის განცდა, რომ სოხუმი დაეცემოდა, არ არსებობდა:
[ მერაბ ბოხუას ხმა] „ იქ იყო იმედი, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა, რომ ალყა გაირღვეოდა. ერთხელ ხომ გაირღვა ალყა? ზაფხულში...მაშინაც ხომ ალყაში იყო სოხუმი. ახლაც იმედი იყო, რომ რაღაც მოხდებოდა კარგი. თუმცა ახლა ალყა უფრო მჭიდრო იყო. მაშინ ტამიშთან იდგნენ, ახლა - კოდორთან. კოდორი რომ მთავრდება, სოხუმი იწყება. თან ყველაფერი - ტექნიკა - გატანილი იყო. სოხუმში სამი ქვემეხი იყო - მეტი არაფერი. ამ სამმა ქვემეხმა 11 დღის შეტევას გაუძლო.“
მერე იყო განწირულობის გრძნობა, როცა ჯარის ნაწილები თვითნებურად იხსნებოდნენ პოზიციებიდან და ქალაქს ტოვებდნენ. ჯარს უკან პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა მიჰყვებოდა.
[ მერაბ ბოხუას ხმა ] „ფსიქოლოგიურად იყო გამოუვალობის შეგრძნება - ესენი არიან განწირულები. კოდორზე ორივე მხარე ჩაკეტილია, ზღვიდან - ჩაკეტილია. ხომ წარმოგიდგენიათ, თქვენს თვალწინ რომ ააფეთქებენ ორ თვითმფრინავს - სოხუმი რომ ამფითეატრივითაა და ყველას თვალწინ ჩამოაგდეს ორი თვითმფრინავი - მორალურად, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ეფექტი ჰქონდა? განწირულობის გრძნობა იყო. აი, ასეთი მოგონებაა...“
მოგონებებში ჩარჩენილია ღალატის თემაც - მერაბ ბოხუა დარწმუნებულია, ურთიერთღალატი რომ არა, საქართველოს უახლოესი ისტორია სხვანაირად წარიმართებოდა.
[ მერაბ ბოხუას ხმა] „ გალში მიტინგები ტარდებოდა. ოჩამჩირეშიც. სოხუმში რა მდგომარეობა იყო? - ჯარში ლაპარაკობდნენ: ახლა გამსახურდია მოვა, ის დაგვიბრუნებს სოხუმსო...ამის ლაპარაკი შეიძლება? ამას გაუშვებთ?“
პროფესორ ბოხუას ეს კითხვა უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ: სოხუმის დაცემიდან 11 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე დანამდვილებით არავინ იცის, რატომ დაეცა ქალაქი, ვინ იყო გმირი და ვინ - მოღალატე და, საერთოდ, რატომ დაიწყო ეს უაზრო ომი ან როდის და როგორ მოგვარდება აფხაზეთის კონფლიქტი. ხელისუფლების შეფასება კი უფრო პოლიტიკური კონიუნქტურით არის განპირობებული და არა ისტორიული სიმართლით. შესაბამისად, ომში მონაწილეებს თუ ომის თვითმხილველებს საკუთარი სიმართლე აქვთ იმაზე, თუ რა ხდებოდა სოხუმში.
სხვათა შორის, მერაბ ბოხუა 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში არ მონაწილეობს ხოლმე, მაგრამ სოხუმის მოვლენები ყოველდღე ახსოვს - თუნდაც იმ ფოტოსურათის გამო, მეთორმეტე წელია, მისი კაბინეტის კედელზე რომ ჰკიდია. სურათი სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ე.წ. გოსდაჩაზეა გადაღებული. ამ ჯგუფური სურათიდან ძალიან ბევრი ადამიანი სამუდამოდ დარჩა სოხუმში.
XS
SM
MD
LG