Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მშვიდობა ვაჟკაცების საქმეა”


“ჩვენ მოგვატყუეს – მიტინგებით, შეძახილებით,

– წერს აფხაზეთიდან დევნილი მწერალი გურამ ოდიშარია თავის წიგნში “სოხუმში დაბრუნება”, რომელიც 1999 წელს გამოიცა თბილისში. ქართველმა მწერალმა სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დატოვა. სხვებთან ერთად კოდორის ხეობა ფეხით გაიარა, თუმცა არც მტრის ხატი შეუქმნია და არც შურისძიებაზე უფიქრია არასდროს. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” გესაუბრებით გურამ მოლაყბეებით, ტახტებით, დროშებით, გაზეთებით, ტელევიზიით, ანგარიშსწორებით, ბელადობით!” ოდიშარიას ნაწარმოებებზე, მისი, როგორც “მშვიდობისთვის მებრძოლი მწერლის”, როგორც ჰუმანისტის მოღვაწეობაზე.

[მუსიკა]

სოციოლოგები, ფსიქოლოგები, კონფლიქტოლოგები ამტკიცებენ, რომ ის ხალხი, ვინც 1993 წლის სექტემბერში კოდორის ხეობა ფეხით გაიარა, აფხაზების მიმართ გაცილებით უფრო ნაკლებადაა აგრესიულად განწყობილი, ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც დევნილთა უღელტეხილი არ გაუვლიათ, აფხაზეთში არ უცხოვრიათ, ვისთვისაც სოხუმი და გაგრა მხოლოდ და მხოლოდ თბილ ზღვასა და პალმების ჩრდილში დასვენებას ნიშნავს.

თავის წიგნში “სოხუმში დაბრუნება” გურამ ოდიშარია ამერიკელი მეცნიერის ჯონ ლილის დელფინის სიკვდილისწინა ფრაზას იხსენებს – “ჩვენ მოგვატყუეს”... და თავადაც აღიარებს, რომ მოტყუებულია. მოტყუებულია ქართველიც და აფხაზიც. მოტყუებულია ის, ვინც შურისძიებაზე ფიქრობს და ისიც, ვინც დღეს გამარჯვების მორიგ წლისთავს აღნიშნავს სოხუმში. იმის გააზრება, რომ მოტყუებული ხარ, საკუთარი შეცდომის აღიარებასაც გულისხმობს. მხატვრულ-დოკუმენტურ ნარკვევში “დევნილთა უღელტეხილი” იგი წერს, მშვიდობიანობის ჟამს მხოლოდ ერთეულები გრძნობენ სიყვარულის სიდიადეს, უმრავლესობას კი, ჩვენდა საუბედუროდ, თურმე რაღაც დიდი გასაჭირი სჭირდება თვალის ასახელადო... და სწორედაც რომ “თვალის ახელას”, ანუ კათარზისს, ჰგავს სოხუმელი მწერლის პროზა... იგი დარწმუნებულია, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როცა დაპირისპირებულ მხარეებში “კათარზისის ნება” გაჩნდება. თუმცა რატომ - “გაჩნდება”? გურამ ოდიშარიას თქმით, ჯერ კიდევ ომის დროს უამრავმა ქართველმა და აფხაზმა დასძლია თავის თავში “მტრის სახე”, ან, უბრალოდ, განგებამ დააძლევინა:


[გურამ ოდიშარიას ხმა] “თქვენ კადრებში გაქვთ ნანახი, როგორ იწვის მთავრობის სახლი სოხუმში. 27 სექტემბერია, დაიღუპა ჟიული შარტავა და ერთი აქაური კაცი... ავღანეთში ნაომარი კაცი მიყვება ამბავს, რომ... როდესაც ქართული საჯარისო ნაწილი დანებდა, მან დაინახა ამ ადამიანთა სახეები და მიხვდა, რომ აქ სიკვდილით უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი... დაიმალა. ამასობაში ქართველ მეომრებს იარაღი დაალაგებინეს და ეს მაშინ გამოვიდა, აიღო იარაღი, ვითომ აფხაზური შენაერთების წევრია... გზაში რამდენიმემ ხელი დამკრაო – ჩადის მანქანასთან, რომელიც გუდაუთში მიდის, იქ ერთ-ერთ სოფელში ჰყავს მეგობარი, რომელთანაც ერთად იყო აფხაზეთში... მიაღწია მან იმ სახლამდე და თვე-ნახევრის შემდეგ ეგ კაცი გამოაცილეს.”

ქართველ მებრძოლს, რომელიც აფხაზებმა გამოაცილეს, მეგობარი შინ არ დახვდა – იგი უკვე დაღუპული იყო ომში. ქართველი მებრძოლი დაღუპული მეგობრის ნათესავებმა გადაარჩინეს. გურამ ოდიშარიას თქმით, ასეთი კაცი აღარასოდეს იფიქრებს შურისძიებაზე. იგი მშვიდობისთვის მებრძოლი გახდება და იმისთვისაც მზად იქნება, რომ უმცირესობაში მოხვდეს. მწერალი დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის ბრძოლა გაცილებით უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე შურისძიებაზე ოცნება ან, თუნდაც, შურისძიების უნარი:

[გურამ ოდიშარიას ხმა]“უამრავი ფაქტი გვაქვს, როცა ომში აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთი არ დაინდეს, როგორ დახოცეს, როგორ აწამეს და ა.შ., მაგრამ ასეთი ფაქტები... თუ შეიძლება ითქვას, ანათებს ამ ომს... თუკი შერიგება იქნება, ეს ფაქტები დაგვეხმარება ყველაზე მეტად, დაგვეხმარებიან ეს უსახელო რაინდები... მოწინააღმდეგისთვის შენ მაინც მტერი ხარ, შენიანებისთვის მოღალატე ხარ... “მშვიდობა ვაჟკაცების საქმეა, ეს სიყვარულის საქმეა.”

გურამ ოდიშარიას თავის სოხუმელ მეგობრებთან კონტაქტი არ დაუკარგავს. უფრო მეტიც, სოხუმელ მწერლებთან ერთად იგი, ინტერნეტის საშუალებით, ერთობლივ ნაწარმოებებზეც კი მუშაობს. ორივე მხარე აგროვებს აფხაზთა და ქართველთა თანაცხოვრების ამსახველ მასალებს, გვიამბობს ადამიანებზე, რომელთა სულიერი ზრდა სწორედ კონფლიქტის დროს მოხდა:

[გურამ ოდიშარიას ხმა] “ჩემი მეგობარია სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი რეზო სულუხია. მეუბნება, რომ... გუმისთაზე არის ფრონტი, საიდანაც აფხაზმა კაცმა წერილი გამოუგზავნა: მე ვიბრძვი, მაგრამ მითხრეს, რომ ნაშვილები ვარ, შვილად ამიყვანა აფხაზურმა ოჯახმა, მაგრამ მე ქართველი ვარ და მყოლია თურმე ძმები. ძალიან გთხოვთ, დამიდასტუროთ, ასეა თუ არა ესო... გაშვილების პროცედურა გასაიდუმლოებულია, მაგრამ რაღაც ფორმით მან შეატყობინა, რომ ის ქართველია – თითქოს მტერი ხარ, მაგრამ, ამავე დროს, ხარ ის, ვისაც ებრძვი – ჩვენ ყველანი ერთნი ვართ.” (სტილი დაცულია)

“ჩვენ ყველანი ერთნი ვართ” იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი ჩვენგანი უნიკალური არაა... რამდენადაც ვგავართ ერთმანეთს, იმდენად განვსხვავდებით... მწერლისთვის განსხვავებისა და მსგავსების ეს ერთობლიობა ცხოვრებისა და შემოქმედების პრობლემაა, რომელიც, შესაძლებელია, ვერც ვერასდროს გადაწყდეს... მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ან ერთის მხარე უნდა დაიჭიროს, ან მეორის. აფხაზებს, ისევე როგორც ქართველებს შორის განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, განსხვავებული ბედით და განსხვავებული ინტერესებით. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ მხარეები ერთმანეთს ისევ “მრავლობით რიცხვში” დაახასიათებენ, თუკი ნაციონალური სტერეოტიპების დამკვიდრებას არავინ გაუწევს წინააღმდეგობას. გურამ ოდიშარიას აზრით, ასეთი სტერეოტიპები საბჭოთა ეპოქის ნაყოფია და მათ დაძლევას ახალი თაობები ჭირდება:


[გურამ ოდიშარიას ხმა] “ჩვენ, ფაქტობრივად, კომუნისტური სამშობლოდან გამოვედით და დღესაც ვხედავთ, რა შეუძლია “მასიურ იდეოლოგიას” – რომ შეიძლება ხალხების გადასახლება, ამის გამართლება შეიძლება, რომ სხვის სახლში შეიძლება ცხოვრება... ეს დრო უკვე ბარდება ნელ-ნელა წარსულს, მე ასე მჯერა...”(სტილი დაცულია)

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე არაერთი წიგნი დაიწერა, სპექტაკლებიც დაიდგა, ფილმებიც გადაიღეს. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელსაც მთელი მსოფლიო გამოეხმაურებოდა ჯერ კიდევ არ შექმნილა. შესაძლებელია, ეს მაშინ მოხდეს, როდესაც დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს, გურამ ოდიშარიას თქმისა არ იყოს, “თვალებში ჩახედავენ” – ახლოს მისვლა, ერთმანეთის უკეთ გაცნობა, ერთმანეთის მოსმენისა და დანახვის უნარი ხომ ყველანაირი კონფლიქტის მოგვარების გზაა... შესაძლებელია, ერთადერთი გზა:


[გურამ ოდიშარიას ხმა] “კაცობრიობამ უამრავი წესი და კანონი შექმნა, რათა ადამიანი ადამიანისგან დაეცვა, მიუხედავად ამისა, საუკუნეები გადის და უამრავი ომები... როდესაც იბრძვიან, მტერს შორიდან ხედავენ, ესვრიან სილუეტს, ომის დროს იშვიათია, რომ ერთმანეთს თვალებში ჩახედონ... აი, სანგრის ხალხმა მითხრა: ტყეში მიდის და ხვდება ჩასაფრებულ მტერს, აფხაზ კაცს... მან მითხრა, რომ ამ დროს მისთვის მტერი გაქრა, ვუთხარიო, “წადი, შენც მებრძოლი ხარ, მეც მებრძოლი ვარ...”(სტილი დაცულია)

[მუსიკა]

თავის წიგნში “სოხუმში დაბრუნება” გურამ ოდიშარია ომისწინა ზაფხულს იხსენებს და გვიამბობს ბოშა ქალზე, რომელმაც სოხუმში, სასტუმრო “ინტურისტის” ყავახანაში, უმკითხავა: გავა ერთი წელი და შენ ამ ქალაქში არ იცხოვრებ... ნუ გეცინება... და კიდევ, საოცრებები გელოდებაო...”

ერთი წლის შემდეგ ბოშებსაც დაუტოვებიათ სოხუმი. ახლა ყველა საოცრებათა მოლოდინშია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG