Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი,

რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 27 სექტემბერს კი საქართველოს აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი სტუმრობდა - მან საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის 60 ათასამდე სახელმძღვანელო და კომპიუტერები ჩამოიტანა. ცნობისთვის: საქართველოს 170 აზერბაიჯანულენოვან სკოლაში 30 ათასამდე მოსწავლე სწავლობს. თუ ამ ცნობებს იმასაც დავუმატებთ, რომ უახლოეს ხანში ბაქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტია დაგეგმილი, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა უაღრესად დინამიკურად ვითარდება.

საყოველთაო აღიარებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ პარტნიორული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ის საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომელთა განხორცილებაშიც ორივე ქვეყანაა ჩართული, ურთიერთობას კიდევ უფრო პერსპექტიულს ხდის. შესაბამისად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ზურაბ გუმბარიძის თქმით, მინისტრების ოფიციალური ვიზიტები ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

ასეა ახლაც, როცა თბილისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია: [ ზურაბ გუმბარიძის ხმა] „ პირველი ოფიციალური ვიზიტია ახლად დანიშნული მინისტრის. შეიძლება ითქვას, საპასუხო ვიზიტი მას შემდეგ, რაც იყო ქალბატონ სალომეს ვიზიტი ბაქოში. ჩვენ, ტრადიციულად, ასე ვცდილობდით წინა პერიოდში, რომ თითო ვიზიტი ორ წელიწადში ერთხელ ყველა მინისტრს მოეწყო.“

თუ ელმარ მამედიაროვის ვიზიტი უფრო საპასუხო ვიზიტად აღიქმება, გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ამ კვირაში თბილისში დაგეგმილი აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრემიერის აბას აბასოვის ვიზიტი. იგი ქართველ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს მიერ შემოღებულ სარკინიგზო გადაზიდვების ახალ სატარიფო პოლიტიკაზე, რომელიც აზერბაიჯანისთვის არცთუ მომხიბვლელად გამოიყურება. ეს კი თავისთავად იწვევს აზერბაიჯანული ნავთობის გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტის შერჩევას. ამას აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ გუმბარიძეც ადასტურებს:
[ ზურაბ გუმბარიძის ხმა] „ ლაპარაკია სატარიფო პოლიტიკასა და გარკვეულ ორგანიზაციულ მოლაპარაკებებზე, რომ არ მოხდეს ისე, რომ ერთობლივმა სატარიფო პოლიტიკამ დაგვაკარგვინოს ტვირთები, რისი საშიშროებაც არსებობს.“

ტვირთების დაკარგვის საშიშროებაზე ასეთი ციფრებიც მეტყველებს: მხოლოდ წელს, მარტიდან, საქართველომ დაკარგა მილიონ 200 ათასი ტონა ნავთობი, რომელიც სხვა მიმართულებით წავიდა. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის დავით ონოფრიშვილის ვარაუდით, ახალი ტარიფის ამუშავების შემდეგ გადამზიდავები კვლავ საქართველოს მარშრუტს მიუბრუნდებიან, თუმცა ეს, ალბათ, ერთბაშად არ მოხდება.
ასევე, როგორც ჩანს, დროულად ვერ ხერხდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენა. არადა, ეს საკითხი საქართველოსთვის მტკივნეულია - საზღვარი დავით გარეჯის კომპლექსზე გადის. [ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხმა] „ დავით გარეჯი, მოგეხსენებათ, დიდი კომპლექსია და ეს საზღვრის ხაზი ტოვებს რამდენიმეს იქით. ძირითადი ნაწილი არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისევ და ისევ სჭირდება გადახედვა, რადგა ხაზი ემთხვევა კომპლექსის განვითარების - უდაბნოს გამოქვაბულების ხაზს.“

კულტურის მინისტრის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანელ კოლეგებს დავით გარეჯის კუთვნილების საკითხის გასარკვევად ამ პრობლემის ძირეულად შესწავლის შემდეგ მიმართავს. ჯერჯერობით კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, როგორც ისტორიული ძეგლი, აღრიცხულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროშიც.
XS
SM
MD
LG