Accessibility links

logo-print

რას ჰპირდება მოქალაქეებს ხელისუფლება ახალი საგადასახადო კოდექსით?


ამ დღეებში მთავრობამ პარლამენტში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიტანოს. მთავრობის წევრთა განმარტებებით, ის საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების გათვალისწინებით არის შედგენილი.

არადა, პარლამენტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები ჯერ არ შეუტანია. ამ მიმართულებით მთავრობის მიერ მომზადებული პროექტი განხილვის სტადიაშია. პროექტის არაერთი მუხლია სადავო და საკამათო. ამის გათვალისწინებით, ცხადია, ბიუჯეტის პროექტისა და საგადასახადო კოდექსის პროექტის პარალელურ რეჟიმში განხილვა გარკვეულ პრობლემებს შექმნის. რას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით?

2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში მთავრობამ 1 ოქტომბრამდე უნდა შეიტანოს. სავარაუდოდ, მას დეკემბერში მიიღებენ. მანამდე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტისა და ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტების განხილვა პარალელურ რეჟიმში მოხდება. დეპუტატები, ალბათ, შეიტანენ გარკვეულ ცვლილებებს საგადასახადო კოდექსის პროექტში და ეს ცვლილებები თავისთავად ცვლილებებს მოიყოლებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტშიც. პარლამენტის საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ვერაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, შევა თუ არა საგადასახადო კანონმდებლობაში დღესდღეობით ყველაზე საკამათო ცვლილებები, მაგალითად, ქონების გადასახადის შემოღება და ამ გადასახადის გადაუხდელობაზე ადმინისტრაციული რეაგირების ისეთი წესები, როგორიც პროექტშია ჩადებული.
ამ და სხვა საკამათო ცვლილებებს რომან გოცირიძე მხარს არ უჭერს. ზოგადად, ის ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს ასე აფასებს:

[რომან გოცირიძის ხმა] “მთლიანობაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადების განაკვეთები მცირდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის საგადასახადო ტვირთი მსუბუქდება, თუმცა საგადასახადო ტვირთი მძიმდება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფლობენ ქონებას, - მათ შორის, ახალ და ძვირად ღირებულ ავტომანქანებს, - ეწევიან სიგარეტს, ღებულობენ ალკოჰოლურ სასმელებს. “

საგადასახადო კოდექსის პროექტში ჩადებული ახალი ნორმების მიხედვით, მკვეთრად უნდა გაძვირდეს ფასები სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ვინაიდან უნდა გაიზარდოს სააქციზო გადასახადი. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ასეთი სიახლე საქართველოში სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ღვინის წარმოებას. საგადასახადო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების მოხსნას პრესისთვის; ამ პროექტში ჩადებული კიდევ ერთი სიახლის მიხედვით კი, თუ ის გავიდა, მკვეთრად გაძვირდება ფასები ახალ ავტომანქანებზე. მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს - ქონების გადასახადის შემოღების ინიციატივას. კერძოდ, იმ საკითხს, თუ რა თანხით უნდა დაიბეგროს მოქალაქე, რომელიც 100 კვადრატულზე მეტ საცხოვრებელ ფართს ფლობს. რომან გოცირიძის განმარტებით:

[რომან გოცირიძის ხმა] “ კოდექსის მიხედვით, თუკი ადამიანს აქვს ფართი 200 კვადრატულზე მეტი, იბეგრება 0, 1 თეთრიდან 1 ლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე. თუ ადამიანი ცხოვრობს ვარკეთილში და ფლობს 200 კვადრატულ მეტრს, გადაიხდის 10 ლარს წელიწადში, ანალოგიური ფართის მქონე მოქალაქე კი, რომელიც ცხოვრობს ვაკეში, გადაიხდის 1000 ლარს წელიწადში. “


აი, ასეთი ნორმების შემოღებას ცდილობს საქართველოს მთავრობა. შეძლებს თუ არა პარლამენტი იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებიც, ვთქვათ, თბილისის პრესტიჟულ უბნებში მამაპაპისეულ ფართო ბინებში ცხოვრობენ და ძალიან გაუჭირდებათ ქონების გადასახადის გადახდა, ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG