Accessibility links

logo-print

მაუწყებლობის კანონპროექტს ალტერნატივა გამოუჩნდა


დავით პაიჭაძე, თბილისი მაუწყებლობის შესახებ კანონის პროექტს, რომელმაც უკვე გამოიწვია ვნებათაღელვა როგორც კერძო მაუწყებელთა შორის, ისე პოლიტიკურ კლასში, ალტერნატივა გამოუჩნდა. ახალი კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრი კახა კუკავა.

რა განასხვავებს და რა პერსპექტივა აქვს ახალ პროექტს აქამდე არსებულთან შედარებით?

კახა კუკავას რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვს მაუწყებლობის საკითხისადმი. შეიძლება ითქვას, პირველი კანონპროექტი, კუკავას პროექტთან შედარებით, უაღრესად ლიბერალურია. თუმცა თავად პარლამენტის წევრი ასე არ ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ფორმა, რომელსაც აქამდე არსებული პროექტი ითვალისწინებს, საზოგადოებრივ ტელევიზიას აქცევს ხელისუფლების ძვირად ღირებულ მსახურად, პროპაგანდისტულ საშუალებად. ყველა ის ნორმა, რომელიც კანონის პროექტში საზოგადოებრივ მაუწყებლობას იცავს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის პოლიტიკური, კომერციული თუ რელიგიური გავლენისაგან, კახა კუკავას განწირულად და უმოქმედოდ ესახება, რადგან ისინი, დეპუტატის აზრით, მხოლოდ პრინციპებად არის ჩამოყალიბებული და არა ქმედით იურიდიულ ნორმებად.

კახა კუკავას პროექტი უარყოფს ნორმას, რომელიც მთავრობას ართმევს საშუალებას, სურვილისამებრ დააფინანსოს მაუწყებლობა. ასეთი ნორმის ამოქმედება გამორიცხავს ფინანსური ბერკეტებით ხელისუფლების მიერ ტელევიზიის მანიპულირებას. კუკავა დაფინანსების ძველ წესს ემხრობა:

[კუკავას ხმა] “დაფინანსების წყარო იქნება ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტი. არანაირი სხვა წყარო - გადასახდელი თუ სარეკლამო შემოსავლები - არ იქნება. რეკლამა საერთოდ იკრძალება. არხს ექნება მხოლოდ ტრანსლაციები და ახალი ამბები და ამ სახით მისი შენახვა იაფი დაჯდება. დაფინანსება სხვა გადაცემებისათვის - ვთქვათ, ბუნების სამყაროზე, ფოლკლორზე, კულტურაზე და ა.შ. უნდა აისახოს ბიუჯეტის სხვა მუხლში და ეს არ იქნება ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. თუ ბიუჯეტს არ ექნება ვალები და გაუჩნდება ნამატი თანხა, კარგია, თუ ტელეფილმებსა და სხვა გადაცემებს დააფინანსებს.”

მოკლედ, თუ სახელმწიფო ტელევიზიას ან რადიოს (საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე აქ ლაპრაკი ზედმეტია) მოუნდება რამე მოამზადოს და გადასცეს თავის ეთერში, პარლამენტის სხდომის, სასამართლოს სხდომების, ახალი ამბების, საპარლამენტო კომიტეტთა სხდომების გარდა, პარლამენტსა და მთავრობას უნდა ეაჯოს დაფინანსებისთვის. ეს სახელმწიფო ორგანოები, თავის მხრივ, იმსჯელებენ და, თუ ფული არ დააკლდება, ვთქვათ, პენსიონერებს ან მთიან რეგიონებს, შესაძლოა, გასცენ კიდეც. არავითარი დისკუსიები, არავითარი საზოგადოებრივი აზრი, არავითარი იდეოლოგია: მხოლოდ ტრანსლაციები და საჭიროებისამებრ, ორი მხარის კომენტარი მოვლენებზე.

ამ ყველაფერს ნამდვილად არ სჭირდება სახელმწიფო ტელევიზიის ხელთ არსებული ორი სიხშირე. სახელმწიფო ინსტიტუციათა ცხოველმოქმედების პირდაპირ ეთერში გადაცემას მეორე არხიც ეყოფა. რაც შეეხება პირველ არხს, კახა კუკავას აზრით:

[კუკავას ხმა] “პირველი არხი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფომ ის შეიძლება გაყიდოს, შეიძლება არც გაყიდოს თავიდან, მაგრამ ეს იქნება ბაზრის ჩვეულებრივი სუბიექტი. არანაირი პრივილეგია და საჯარო სტატუსი მას არ ექნება. ჩვეულებრივ აიღებს ლიცენზიას, ჩვეულებრივ მოიზიდავს რეკლამას, ჩვეულებრივ დააფინანსებს ხარჯებს და არც ერთ თეთრს ბიუჯეტიდან არ მიიღებს.”

უნდა ითქვას, რომ კახა კუკავა რეალისტურად უყურებს საკუთარი კანონპროექტის პერსპექტივას. ის ფიქრობს, რომ პროექტს დიდი შანსები არა აქვს.
XS
SM
MD
LG