Accessibility links

რამდენად შეუმსუბუქდათ თბილისელებს “საგადასახადო ტვირთი”?


წესით, უნდა გახსოვდეთ ყველა ის დაპირება, რომელიც ჯერ 2003 წლის ნოემბრის, შემდეგ კი 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებს მისცა.

ლაპარაკია ეგრეთ წოდებული საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებასა და ინდივიდუალური მეწარმეების გადასახადებისაგან გათავისუფლების შესახებ. როგორ ასრულებს ხელისუფლება ამომრჩევლებისათვის მიცემულ პირობას?

პრეზიდენტის დაპირების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმეები ყველა სახის საბიუჯეტო გადასახადისგან 2004 წლის პირველი ივლისიდან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ თავის დროზე “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებებიც კი მოამზადა, მაგრამ, პრეზიდენტის, მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის მონდომების მიუხედავად, ინდივიდუალური მეწარმეები კვლავაც ძველი საგადასახადო კოდექსის სიმძიმის ქვეშ იჭყლიტებიან. ელექტროტექნიკოსი ვლადიმირ კორენეიჩი პრეზიდენტის დანაპირებს შესაშური მოთმინებით ელოდება:

[ვლადიმირ კორენეიჩის ხმა] ”ამჟამად ძველი გეგმით ვმუშაობთ, როგორც იყო, ისე… ჯერჯერობით ყველა იხდის თავისი დანიშნული გეგმის მიხედვით. რა იქნება, არ ვიცი, ერთ დღეში ხომ არ გაკეთდება…”

მიხეილ სააკაშვილმა ინდმეწარმეებს კანონში შესატანი ცვლილების შესახებ კოლმეურნეობის მოედანთან მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატში, “პირიმზეში”, სტუმრობის დროს აცნობა. მესაათე გოჩა რეხვიაშვილი იხსენებს:

[გოჩა რეხვიაშვილის ხმა] “პრეზიდენტი რომ მოვიდა იქ… ვისთანაც მივიდა, იმას ასე უთხრა: ინდმეწარმეს ეხება შეღავათები, მაგრამ შენ არ გეხება. შენ თუ გახვალ ინდმეწარმედ და ცალკე იმუშავებ, იმ შემთხვევაში შეგეხებაო, მაგრამ ამას არავინ მოუსმინა, თვითონ იმანაც კი არ იცის, რაზე ელაპარაკა პრეზიდენტი.”

ინდმეწარმეებისათვის დანაპირებმა შეღავათებმა რომ დაიგვიანა, ამას საქართველოს პარლამენტშიც ამჩნევენ. მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ხელისუფლების ქრონიკულ გულმავიწყობაზე ლაპარაკობს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] “როგორც ყოველთვის, ბევრი პირობა ხანდახან არ სრულდება ხოლმე და, სამწუხაროდ, ესეც მათ რიგში ჩადგა.”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ინდმეწარმეებისთვის დაწესებული შეღავათები ახალ საგადასახადო კოდექსთან ერთად ამოქმედდება. გოცირიძის თქმით, ამით ხელისუფლებამ ხელმრუდე საქმოსნებს გადასახადების დამალვის საშუალება მოუსპო:

[რომან გოცირიძის ხმა] “პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას პირველი ივლისისათვის, მაგრამ ვინაიდან კოდექსი მთლიანად შემოდიოდა წლის ბოლოსათვის, უკეთესი იყო ერთად შემოსულიყო, რათა ამ ცვლილებას არ გამოეწვია შემოსავლების დამალვა - დიდი ბიზნესის მცირე ბიზნესზე ამოფარებით.”

ინდივიდუალური მეწარმეებისაგან განსხვავებით, მეტად გაუმართლათ ავტომანქანების მფლობელებს, რომლებიც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ტექდათვალიერების გადასახადისაგან 2007 წლამდე გათავისუფლდნენ.

[ტაქსის მძღოლის ხმა] “არა, აღარ აკვირდებიან! მითითებული იყო, რომ მინაზე მარჯვენა კუთხე ცარიელი რომ იყოს, აღარ გააჩეროთო… აღარავინ აკვირდება!.. ადრე ხშირად გვაჩერებდნენ!”

მძღოლების თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მყისიერად, ლამის მორატორიუმის გამოცხადების პირველივე დღესვე, ამოქმედდა. და ეს მაშინ, როცა სათანადო ცვლილებები პარლამენტს ჯერაც არ მიუღია. ამ უცნაური გარემოების მიუხედავად, ტექდათვალიერების უქონლობის გამო მძღოლებს პოლიცია აღარ ერჩის.

[ტაქსის მძღოლის ხმა] “ეს მანქანა ჯდებოდა 170 ლარი. ძალიან დიდი შეღავათია. რას ამბობთ, ცოტაა 170 ლარი?”

დაახლოებით ამგვარი განწყობა ექნებათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, თუკი ხელისუფლება დანაპირებს შეუსრულებს და მათ გადასახადებისაგან გაათავისუფლებს. თუმცა საინტერესოა, როგორ აისახება ეს ცვლილება ქვეყნის ბიუჯეტზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში - არც მეტი, არ ნაკლები - 850 ათასი ინდმეწარმეა რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG