Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა კახელი მევენახეები ყურძნის მოსავლის გადარჩენას?


წელს საქართველოს სოფლის მეურნეობას სეტყვამ და უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ღვინის სამშობლოში, კახეთში, მაინც ყურძნის კარგ მოსავალს მოელიან.

თუმცა, კახელი მევენახეების წინაშე ყურძნის მოსავლის გადარჩენის პრობლემა ისევ დგას, რადგან ღვინის ქარხნების უმეტესობა ჯერჯერობით უარს აცხადებს ყურძნის მიღებაზე. ყურძნის მოსავლის დაკარგვით შეშინებულმა კახელებმა 3 დღის მანძილზე თბილისისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ამ საპროტესტო აქციის დროებით შეჩერება მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან მეღვინეებისა და მევენახეების შეხვედრის ორგანიზების შემდეგ მოხერხდა.

პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კახეთში განლაგებული ღვინის ქარხნების უმეტესობა უარს აცხადებს ყურძნის მიღებაზე მანამ, სანამ საკუთარი ვენახებიდან მიღებულ მოსავალს არ გადაამუშავებენ.

[ვაჟა ბაზერაშვილის ხმა] ”ჯერჯერობით არც ერთი ქარხანა არ იღებს ყურძენს, ერთიც გაუგებრად მპასუხობს და მეორეც, მივიღებთო, მაგრამ როდის მიიღებენ, არავინ იცის, იმიტომ რომ თავისი ვენახები აქვთ და ამბობენ, დავკრეფავთ და მერე მივიღებთ სხვას, დაახლოებით 150 ტონამდეო. - რამდენ ტონა ყურძენს ელოდებით კერძო სექტორიდან? - ძალიან დიდძალი ყურძენია, 150 კი არა, რატო 400 – 500 ტონა არ იქნება...”(სტილი დაცულია)

ეს იყო საგარეჯოს რაიონის მანავის თემის გამგებელი ვაჟა ბაზერაშვილი. იგი ახლა სხვა რაიონებში დაეძებს ღვინის ქარხნებს, რომლებიც თეთრი ყურძნის მიღებაზე დათანხმდებიან. დაახლოებით ანალოგიური პრობლემებია კახეთის სხვა სოფლებშიც. სწორედ ასეთმა ვითარებამ აიძულა კახელი მევენახეები თბილისისკენ მიმავალი გზის პიკეტირება დაეწყოთ.

ისინი ვერც რაიონის გამგებლებმა დააშოშმინეს და ვერც მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა პეტრე ცისკარიშვილმა. მევენახეებს მდინარე ალაზანზე გამავალი ხიდი 3 დღის მანძილზე ჰქონდათ გადაკეტილი. გზის გახსნა მხოლოდ 28 სექტემბერს მოხერხდა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია მეღვინეებსა და რაიონის გამგებლებს შეხვდა.

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ”როგორც თქვენ ყველამ იცით, გარკვეული პრობლემებია ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით და ჩვენ გვინდა ოპერატიულად მოვილაპარაკოთ და რაც კი შესაძლებელია, მოხდეს ამ პრობლემების მოგვარება...”

ზურაბ ჟვანიამ მეღვინეებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 600 ათას ლარიანი სუბსიდიის ათვისებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ღვინის ქარხნებს 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ჩასაბარებელ ფასზე 5 თეთრის დამატებას ჰპირდება. თუმცა ეს მაინც ვერ ფარავს ყურძნის თვითღირებულებას. ღვინის ქარხნები თეთრ ყურძენში საშუალოდ 20 თეთრს იხდიან, მევენახეებს კი 1 კილოგრამი ყურძენი 30 თეთრი უჯდებათ.
სწორედ ამიტომ, მეღვინეები სახელმწიფო სუბსიდიის ათვისებას პრობლემის გადაწყვეტად არ მიიჩნევენ:

[მეღვინისა და ზურაბ ჟვანიას კამათი] ”- დღევანდელი პრობლემა გასაგებია, რომ გზა გადაკეტეს, მაგრამ არ წყდება ასე 1 დღეს. - მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს ან არ მიიღებს იმის გამო, რომ ვინმე გადაკეტავს გზას...”

ამ თითქოსდა პრინციპული პოზიციის მიუხედავად, სწორედ გზის გადაკეტვამ დააჩქარა კახეთის რეგიონის წარმომადგენლებთან ზურაბ ჟვანიას შეხვედრა, რომელიც 2 კვირის შემდეგ უნდა გამართულიყო. ამ შეხვედრამ კი ის შედეგი გამოიღო, რომ თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც კახელ მევენახეებს ყურძნის გაყიდვის საშუალება მიეცემათ. მისცემს თუ არა ეს მევენახეებს ყურძნის მოსავლის გადარჩენის საშუალებას, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG