Accessibility links

logo-print

ჰყავს თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში ადამიანის უფლებათა ძველი და ახალი დამცველები თანდათან აძლიერებენ კრიტიკულ აქცენტებს ხელისუფლების მისამართით: გასული კვირის მიწურულს

თავისუფლების ინსტიტუტმა, მაგალითად, განაცხადა, რომ 23 ნოემბრის, ანუ “ვარდების რევოლუციის”, შემდეგ საქართველოში 500-ზე მეტი პატიმარი აწამეს. ორშაბათს პარლამენტის წევრმა კახა კუკავამ შეახსენა საზოგადოებას საქართველოში, მისი აზრით, პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ჰყავს თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები?

[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] “პოლიტპატიმრის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობს მსოფლიოში. უფრო მეტად მიღებულია “ემნისტი ენტერნეიშენელის” მოცემული განსაზღვრება, რომელიც ამბობს: პოლიტპატიმრად მიიჩნევა ყველა ის პატიმარი, რომელიც თავისუფლებააღკვეთილია პოლიტიკური მოტივებით. ისინი არ ამბობენ, აქვს თუ არა ამ ადამიანს ჩადენილი დანაშაული (შეიძლება, ჰქონდეს კიდეც ჩადენილი), მაგრამ თუ მისი დაპატიმრების მთავარი მოტივი პოლიტიკურია, ასეთ ადამიანს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.”

გელა ნიკოლაიშვილი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის”, ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი, ანუ პოლიტიკური, მოტივით დღეს საქართველოში დაპატიმრებულია რამდენიმე ადამიანი:

[ნიკოლაიშვილის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მოტივებით არის დაპატიმრებული როგორც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, ასევე ასლანის უშიშროების მინისტრის მოადგილე გოგი კუპრეიშვილი. ვფიქრობ, ასევე უდავოდ პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულად შეიძლება ჩაითვალოს ბათუმში ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც აქციებს აწყობდა. აქციებს პოლიტიკური მოტივი ჰქონდა, თუმცა გარეგნულად ეს მხოლოდ ბაზრის მოვაჭრეების დაცვა იყო. ყველამ იცის, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მისი დაპატიმრება არის ხელისუფლების მხრიდან სამაგალითოდ დასჯის მცდელობა.”

რაც შეეხება ჯუმბერ თავართქილაძეს, პარლამენტის წევრი კახა კუკავა შემახსენებს, რომ ამ კაცმა აჭარაში 70 ათასი ხელმოწერა შეაგროვა პლებისციტის ინიცირებისათვის საკითხზე: გსურთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შეცვლა. თავართქილაძე ახლად შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების, “საქართველოს ერთიანობის კავშირის”, წევრი გახლავთ.

გელა ნიკოლაიშვილი და კახა კუკავა კიდევ ერთ სახელს ახსენებენ - ლაშა ჩახვაძეს. ესაა ბათუმელი სტუდენტი, რომელიც თბილისში იარაღის ტარებისათვის დააკავეს, თუმცა რეალურად მას ბათუმში ორგანიზაცია “ჩვენი აჭარისა” და “კმარას” დარბევას ემართლებოდნენ, რასაც ადასტურებდნენ კიდეც მოწმეები. ჩახვაძე, საბოლოოდ, ასლან აბაშიძის ბათუმიდან გაქცევის შემდეგ დააპატიმრეს ისევ იარაღის ტარების ბრალდებით. საქართველოს პარლამენტის წევრი კახა კუკავა ირწმუნება, რომ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩახვაძეს იარაღი არ ჰქონია. თავის დროზე გაუგებარი იყო, რატომ არ წაუყენა პროკურატურამ ჩახვაძეს ბრალად ის, რისი დამტკიცებაც, შესაძლოა, უფრო იოლი ყოფილიყო, ვიდრე იარაღის ვითომდაც ტარებისა.

კახა კუკავა შევარდნაძის დროინდელ მოხელეთაგან კიდევ ერთს იხსენებს, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას, და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ძიებამ დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და მირცხულავაც, არსებითად, პოლიტპატიმარია.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებს ერთი მოთხოვნა აქვთ: თუ სინდისის პატიმრების უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, პოლიტპატიმრების შემთხვევაში ითხოვენ სასწრაფო და სამართლიანი სასამართლო პროცესის გამართვას. შეგახსენებთ, არც ერთი აქ ჩამოთვლილი პირის საქმის განხილვას სასამართლოში ჯერ არ შესდგომიან.
XS
SM
MD
LG