Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დიდი პრივატიზაცია ბათუმის ”ინტურისტის” გაყიდვით იწყება


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის კახა ბენდუქიძის მიზანი ყველაფრის პრივატიზება განეხორციელებინა არც ისე იოლი აღმოჩნდა,

როგორც საწყის ეტაპზე თავად ბენდუქიძეს წარმოედგინა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების განკერძოებას წინააღმდეგობა თითქმის ყველამ გაუწია, საწარმოს მმართველებიდან დაწყებული და პოლიტიკური ძალებით დამთავრებული. ამ წინააღმდეგობებს რომ თავი დავანებოთ, არც ისე იოლი აღმოჩნდა პოტენციური მყიდველების მოძიებაც. ჯერჯერობით ერთადერთი, რისი გაყიდვაც ბენდუქიძის უწყებამ მოახერხა, ბათუმში მდებარე სასტუმრო ”ინტურისტია”.

ბათუმის ცენტრში, ბულვართან მდებარე სასტუმრო ”ინტურისტი”, გამორჩეული არქიტექტურისა და ადგილმდებარეობის გამო, ყოველთვის იპყრობდა ბათუმის სტუმართა ყურადღებას, თუმცა კი ინვესტორის ყურადღების მიპყრობა ძალიან გაუჭირდა. სასტუმრო "ინტურისტი" აუქციონის წესით ჯერ კიდევ 15 სექტემბერს უნდა გაყიდულიყო. როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ირწმუნებოდა, პოტენციური ინვესტორების თხოვნით, ეს პროცესი ორი კვირით გადაიდო. ძნელი სათქმელია, რატომ ითხოვეს პოტენციურმა ინვესტორებმა ეს დრო, თუმცა ერთი კი ცხადია, რომ სასტუმრო “ინტურისტი” მთლიანად არ შეესაბამებოდა საპრივატიზაციო ობიექტის სტანდარტს. სასტუმრო “ინტურისტი” არქიტექტურული ფასეულობაა და ის ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი.

[ნიკა ვაჩეიშვილის ხმა] ”პრივატიზების კანონი არ ითვალისწინებს ძეგლების გაყიდვას. ამიტომ ჩვენ წავედით ასეთი გზით: ძეგლები შეგვყავს გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორი გარკვეულ რეჟიმში იქნება მოქცეული...”

ეს იყო კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილი. მისი ნათქვამიდანაც ჩანს, რომ კანონში ცვლილება ჯერ არ განხორციელებულა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ძეგლების გაყიდვის საშუალებას მისცემდა, თუმცა 29 სექტემბერს სასტუმრო “ინტურისტის” აუქციონი მაინც გაიმართა და ასეთი შედეგით დამთავრდა:

[ნათია თუნავას ხმა] ”აუქციონში მონაწილეობისთვის შემოვიდა 2 განაცხადი და აუქციონის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ბატონი ლევან თურმანიძე.”

ეს იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, წარმოშობით ქართველ ლევან თურმანიძეს, სააქციო საზოგადოება სასტუმრო “ინტურისტის” ქონება - 5 ათას 460 კვმ მიწის ფართი და სასტუმროს საერთო ფართი - 10 ათას 528 კვმ - 3 მილიონ 20 ათას ამერიკულ დოლარად გადასცა.

[ლევან თურმანიძის ხმა] ”მე აქაური კაცი ვარ, ქედის რაიონიდან, წარმოშობით. დიდი ბიზნესი მაქვს მოსკოვში და როდესაც გავიგე ამ აუქციონის შესახებ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ მასში მონაწილეობა მიმეღო.”

ეს არის ლევან თურმანიძე, სასტუმრო “ინტურისტის” ახალი მესაკუთრე. იგი ირწმუნება, რომ “ინტურისტი” ფუნქციას არ შეიცვლის, მხოლოდ გარემონტდება და ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გადაკეთდება.
XS
SM
MD
LG