Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი რეგიონებში გუბერნატორებს ცვლის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხვალ, 30 სექტემბერს, ზუგდიდელებს ახალ გუბერნატორს წარუდგენენ. ამავე დღეს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭო სხდომაზე შეიკრიბება და აფხაზეთის მინისტრთა

საბჭოს ახალ თავმჯდომარეს უყრის კენჭს. ქუთაისელები იმერეთში ახალ გუბერნატორს 1 ოქტომბერს, პარასკევს, გაიცნობენ. მცხეთა-მთიანეთის ასევე ახალი გუბერნატორი კი 29 სექტემბერს უკვე გაეცნო რეგიონში არსებულ სიტუაციას. რა პრინციპით არჩევენ რეგიონების ხელმძღვანელებს?

პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ აოცებს საზოგადოებას ელვისებური გადაწყვეტილებებით: 28 სექტემბერს დილით დედულეთში, ცხრუკვეთში, მოგზაურობისას პრეზიდენტის გვერდით მყოფი დავით მუმლაძის დანახვისას ბევრს გაუჩნდებოდა შეგრძნება, რომ, ქუთაისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციის მიუხედავად, იგი არ აპირებდა აქციის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან დავით მუმლაძის გათავისუფლებას. მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა: იმავე საღამოს დავით მუმლაძე უმუშევრად დარჩა. 28 სექტემბრის საღამოდან იმერეთის გუბერნატორი გია გეწაძეა, რომელმაც ნოემბრის მოვლენების შემდეგ, 8 თვის მანძილზე, ელვისებური კარიერა გაიკეთა: იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. თუმცა, კარიერული წინსვლის თვალსაზრისით, ალბათ, მცხეთა- მთიანეთის გუბერნატორის გიორგი ხაჩიძის მაგალითი უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ - ისევ და ისევ ნოემბრის მოვლენების მშვიდობიანად დასრულებისთანავე - იგი ორი თვის მანძილზე ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე გახლდათ. კითხვაზე, რით დაამახსოვრა ხაშურელებს თავი ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილემ გიორგი ხაჩიძემ, ხაშურის ტელეკომპანიის „დიოს“ გენერალური დირექტორი დავით ლომიძე მიპასუხებს:
[ დავით ლომიძის ხმა] „ ორ თვეში რითი დაგვამახსოვრებდა თავს? ნამდვილად ვერ გეტყვით, რითი დაგვამახსოვრდა...“
ალბათ, ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ გიორგი ხაჩიძემ ხაშურის მაჟორიტარული არჩევნები წააგო, მაგრამ პარლამენტში მაინც აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით. ისე, არჩევნების ბედს თინეიჯერები რომ წყვეტდნენ, გოგა ხაჩიძეს არჩევნებში გამარჯვება არ გაუჭირდებოდა - ის ხომ ცნობილი ანსამბლის, „სახის“, წევრი გახლდათ.

[ანსამბლ „სახის“ სიმღერა „ შენ რა სექსი ხარ“]


ნოემბრის მოვლენების შემდეგ ერთ დროს მრისხანე ორგანიზაციის - უშიშროების სამინისტროს ვგულისხმობ - სახედ იქცა გიგი უგულავა, რომელმაც მშვიდობიანად გამოიცვალა ორი მინისტრი. სამინისტროში მუშაობისას მის სახელთან დაკავშირებული იყო ქართველი ლეგიონერის რატი ალექსიძის მანქანის ირგვლივ ატეხილი სკანდალი. დღეს გიგი უგულავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია. მან კარგად იცის ამ მხარის პრობლემები და აქტიურად ეცდება ვითარების გამოსწორებას. ამ ეტაპზე კი იგი გადაჭრით აცხადებს, რომ სამეგრელოში გავრცელებული ხმები, თითქოს ადმინისტრაციული ცენტრი ზუგდიდიდან ფოთში გადაინაცვლებს, სიმართლეს არ შეეფერება:
[გიგი უგულავას ხმა] „ ადმინისტრაციული ცენტრი არის ზუგდიდში და არავინ გადატანას არ აპირებს. რაც შეეხება საგადასახადო სამსახურს, მოგეხსენებათ, ეს არ არის ადგილობრივ ხელისუფლებას მიკუთვნებული ორგანო.“
და მაინც, ჩნდება კითხვა: მინისტრის მოადგილეების თბილისიდან რეგიონის ხელმძღვანელებად გადაყვანა - ეს დაწინაურებაა თუ დაქვეითება? იურისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით:
[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „ მათ არა აქვთ ხელისუფლებითი უფლებები - ფაქტობრივი მდგომარეობა სხვა არის. მე გეუბნებით სამართლებრივი თვალსაზრისით. მათ არა აქვთ არც ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება, არც დანიშვნის, არც მოხსნის. არავითარი ასეთი უფლებები არა აქვთ დღეს.“
თუმცა რეალურად დღეს გუბერნატორებს რეგიონებში, მართლაც, განუსაზღვრელი უფლებები აქვთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე გუბერნატორების არჩევნების საკითხი არ განიხილება, შეიძლება დავასკვნათ, რომ კონკრეტული რეგიონის ხელმძღვანელის ვინაობა მხოლოდ პრეზიდენტის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG