Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარი მძვინვარებს


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აწყურის მონაკვეთზე, სოფელ წინუბანში, უკვე მეოთხე დღეა ხანძარი მძვინვარებს. ხანძარი 26 სექტემბრის საღამოს ალპური

ზონის მეჩხერი ტყის მონაკვეთზე გაჩნდა. ზარალის მასშტაბი და ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გამხმარ ბალახს მოედო და დაახლოებით 7 ჰექტარი ტყე მოიცვა. უშუალოდ ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მოკვლევას ბორჯომის რაიონის პოლიცია აწარმოებს.

ბორჯომ- ხარაგაულის ტყე-პარკის ხელმძღვანელი პირები ხანძრის გამომწვევ მიზეზად მწყემსის ან რომელიმე ბრაკონიერის მიერ დანთებულ და შემდეგ უმეთვალყურეოდ მიტოვებულ კოცონს მიიჩნევენ. განსხვავებული მოსაზრება აქვს ბორჯომის პოლიციის უფროსს ილია გელაშვილს.

[ილია გელაშვილის ხმა]” ბუნებრივად გაჩნდა, იმიტომ რომ იქ სადაც ქვებია, კოცონს არ ანთებენ. ფაქტობრივად, კლდეებზეა გაჩენილი ცეცხლი და იმ კლდეებიდან გადავიდა უკვე ტყის მხარეს. მოგეხსენებათ, ძალიან ცხელა და, ელემენტარულად, შეიძლება ქვიდან, შეიძლება შუშიდან ანარეკლმა გააჩინოს ხანძარი.”

პოლიცია ხანძრის გაჩენის ძირითად ვერსიად სწორედ ბუნებრივ პირობებს მიიჩნევს. ამ ვერსიას, გარკვეულწილად, ფაქტები ამყარებს: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის გარდა, ბორჯომის რეგიონში ხანძრის მეორე კერაც არსებობს. დაბაძვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კახისის ტბასთან, ხანძრის ლოკალიზება ბორჯომის სახანძრო სამსახურმა შეძლო. რაც შეეხება ტყე-პარკს, სახანძრო მანქანები, მიუდგომელი მდებარეობის გამო, ფიზიკურად ვერ ახერხებენ ხანძრის დისლოკაციის ადგილთან მიახლოებას. მსგავს პირობებში, როგორც წესი, სახანძრო ვერტმფრენებს იყენებენ ხოლმე, მაგრამ...

[ზვიად გოცირიძის ხმა]” სახანძრო ვერტმფრენები, მე ასე ვიცი, ჩვენ ასე ვიცით, რომ არა ჰყავს ქვეყანას. არა, რო ყოფილიყო, ხო თვითონ უკეთესად იცის მთავრობამ.”

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის დირექტორი ზვიად გოცირიძე ადასტურებს, რომ სტიქიას პრაქტიკულად შიშველი ხელებით ისევ რიგითი ადამიანები ებრძოდნენ. ტყე-პარკის პერსონალს სოფელ წინუბნისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები დაეხმარნენ:

[წინუბნის მკვიდრი] “ ვებრძვით, რა, ცეცხლს ჩვენი ძალებით. წინუბანში ორი კაცი დავტოვეთ მარტო, დანარჩენები ჩამოსულები ვართ სუყველა, ამხანაგებთან ერთად. მე მგონი, ლიკვიდაციას გავაკეთებთ, მაგრამ ასე უცბად არ მოხდება. გვინდა დახმარება.”

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს მთავრობა თითქმის ოთხდღიანი დაგვიანებით ჩაერთო. მობილიზებულია ოსიაურში დისლოცირებული სარეზერვო ბატალიონი, გამოიყო თანხები საწვავისა და საკვებისათვის.

[ზვიად გოცირიძის ხმა]” რეზერვები გამოგველია და ახლა გვეხმარება სამინისტრო ბუნების დაცვის, მსოფლიო ფონდი WWF დაგვეხმარება. არა, თანხები... არ არის დიდი ოდენობით თანხებზე ლაპარაკი. მაქსიმუმ ხუთი-ექვსი ათას ლარზეა ლაპარაკი ამ ეტაპზე.”

ხანძრის ლოკალიზების ერთადერთ ქმედით საშუალებად სწორედ ხანძრის ზონის შემოსაზღვრა რჩება. როგორც ზვიად გოცირიძე ამბობს, ამისათვის ყველაზე მოხერხებული იარაღი ბენზოხერხებია. ბენზოხერხების შეგროვება, ტექნიკის სიმცირის გამო, ახალციხის მოსახლეობაშიც დაიწყო.

[ნათია მულაძის ხმა]” ადგილობრივი ლოკალიზება უნდა მოახდინონ ამ ხანძრის ასეთი სახით, რომ ხეები შემოიჭრება გარშემო და სადაც არის, იქ ჩაიწვება. უბრალოდ, რო აღარ გავრცელდეს, სხვა ტერიტორიებზე რომ აღარ გადავიდეს.”(სტილი დაცულია)

როგორც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სამსახურის უფროსმა ნათია მულაძემ გვითხრა, იმისათვის, რომ ათასობით ხე გადარჩეს, რამდენიმე ათეული ხის მოჭრა გახდება საჭირო. შესაბამისად, გადამწვარ 7 ჰექტარს ხელოვნურად მოჭრილი ფართიც დაემატება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, მთლიანობაში, 76 000 ჰექტარზეა გადაჭიმული. პარკში 8 ტურისტული მარშრუტი მოქმედებს. ხანძრის არეალი ამ მარშრუტებს არ შეხებია, მაგრამ ეროვნული პარკის ძირითადი ღირსშესანიშნაობა, ხელუხლებელი ველური ბუნება, გულგრილობისა თუ შემთხვევითობის გამო, საგრძნობლად დაზიანდა.
XS
SM
MD
LG