Accessibility links

logo-print

საკადრო ცვლილებები აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 30 სექტემბრის სესიაზე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია დაამტკიცა.

მინისტრთა საბჭოს აქამდე მთელი 6 წლის მანძილზე ლონდერ ცაავა თავმჯდომარეობდა. წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სიგელი გადაეცა. ლონდერ ცაავას ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს მუშაობას, მისი შემცვლელი კი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას გეგმავს. საგულისხმოა , რომ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებაში.

“ვარდების რევოლუციამ” რევოლუციური ცვლილებებები, მეტ-ნაკლებად, ხელისუფლების ყველა სფეროში მოიყოლა, მათ შორის, თითქმის უფუნქციოდ დარჩენილ აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებშიც. თავდაპირველად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეიცვალა და, აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში ცვლილებათა პროცესის გარკვეული გაჭიანურების შემდეგ, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება აფხაზეთის მინისტრთა საბჭოშიც მოხდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის თანამოაზრე ლონდერ ცაავა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ახალგაზრდა კადრით შეიცვალა. ირაკლი ალასანია ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა წარადგინა და მის კანდიდატურას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. რა გეგმებით მივიდა ალასანია აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი მის შესახებ საუბარს დავიწყებთ კომენტარით, რომელიც ყოფილმა თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ გააკეთა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით:

[ლონდერ ცაავას ხმა] “ 6 წელი ვიყავი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ მოვიდოდა ამ თანამდებობაზე და როცა პრეზიდენტმა ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წამოაყენა, ძალიან გამიხარდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება.“

ლონდერ ცაავა ხაზს უსვამს ირაკლი ალასანიას გამოცდილებას, განათლებას და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ალასანია თავის დროზე აფხაზეთში იბრძოდა, მისი მამა გენერალი მამია ალასანია კი აფხაზეთისთვის ბრძოლას ჟიული შარტავასთან ერთად შეეწირა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალ თავმჯდომარეს კომპეტენტურ და მაღალკვალიფიციურ კადრად ახასიათებს პრეზიდენტი სააკაშვილი. მისი სიტყვებით:“ირაკლი ალასანია იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს კარგი თანამშრომელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მან განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციები პანკისის ხეობაში. იმ საკითხებზე სამუშაოდ, რომლებზეც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ უნდა იმუშაოს, ირაკლიზე უკეთესს დღესდღეობით ვერავის მოვძებნით.“ პრეზიდენტმა ირაკლი ალასანიას მისცა უფლებამოსილება აფხაზეთის პრობლემატიკაზე იმუშაოს როგორც ეკონომიკური, ისე დიპლომატიური მიმართულებით. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ალასანიას მისვლის შემდეგ მინისტრთა საბჭო განახორციელებს ეკონომიკურ პროგრამებს აფხაზეთის მიმართულებით და, იმავდროულად, აფხაზეთის ტერიტორიაზე კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მუშაობას. რაც ყველზე მთავარია, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან აფხაზთა მხარესთან მოლაპარაკებაში. ეს ყველაფერი პრეზიდენტთან არის შეთანხმებული. სამუშაო გეგმა ალასანიამ პრეზიდენტს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დამტკიცებამდე გააცნო.

[ირაკლი ალასანიას ხმა] “ეს ხედვა გავაცანი პრეზიდენტს. ეს მისი ხედვაა. ჩვენ განვიხილეთ საგარეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სახალხო დიპლომატიური ღონისძიებების მთელი წყება, რომელსაც განვახორციელებთ უახლოეს მომავალში და ველი ახალ მინისტრთა საბჭოსა და უმაღლეს საბჭოსთან ერთად იმ საქმის კეთებას, რაც დიდი ხანია უნდა გაკეთებულიყო. “

ირაკლი ალასანიას სიტყვებით, ეს არის აფხაზეთის დაბრუნების საქმე. ამ საქმეში, ანუ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი უნდა გახდეს. ადრე, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის მიწურულს, ანალოგიური სტატუსი აჭარის ავტონომიის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს ჰქონდა. სოხუმში, რა თქმა უნდა, გააღიზიანებთ მოლაპარაკების პროცესში აფხაზეთში ნაბრძოლი პირის ჩართვა. აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში, რომელიც უმაღლეს საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს აერთიანებს, ირაკლი ალასანია დიდი უფლებებით მივიდა. პრეზიდენტი მას ანდობს აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაო მიმართულებას. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე მუშაობას ამ სტრუქტურის რეორგანიზაციის გეგმით დაიწყებს. ასე რომ, ვნახოთ, რამდენად გაცოცხლდება მის ხელში აქამდე თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი სტრუქტურა.
XS
SM
MD
LG