Accessibility links

logo-print

საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი წევრები დაამტკიცა


თბილისის საკრებულომ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები - ვიცე-პრემიერი და მერიის საქალაქო სამსახურის უფროსები დაამტკიცა.

ჯამში, ლაპარაკია მთავრობის ექვს ახალ წევრზე, რომლებმაც ზემოთ ნახსენებ თანამდებობებზე აგვისტოს თვეში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დათხოვნილი მოხელეები შეცვალეს. ვინ არიან თბილისის მთავრობის ახალი წევრები და ვინ უდგება მათ თავდებად, რომ, წინამორბედების მსგავსად, ნარკოტიკულ ნივთიერებებს არ გაუშინაურდებიან? რატომ ითხოვენ ლეიბორისტები პრემიერ ბრეგაძის იმპიჩმენტს და რატომ უწოდებენ დედაქალაქის საკრებულოში შალვა ნათელაშვილს ქვეყნის მოღალატეს?

თბილისის მთავრობას ახალი სისხლი გადაუსხეს - ასე ხატოვნად შეაფასეს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვიცე-პრემიერისა და მერიის საქალაქო სამსახურის უფროსების დამტკიცება. თუმცა ყველაფერი ერთი თვის წინ, ნაკლებად კეთილშობილური სითხის, შარდის, ანალიზის ჩაბარებით დაიწყო. მაშინ, მოულოდნელი ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მერიის ექვსი თანამშრომლის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილ თანამშრომლებს თანამდებობები დაატოვებინა, სულ რაღაც ერთ თვეში კი საკრებულოს დასამტკიცებლად მათი შემცვლელები წარუდგინა. საკრებულოს უმრავლესობამაც თავი არ შეირცხვინა და ვიცე-პრემიერად ირაკლი თოდუა, ხოლო საქალაქო სამსახურების უფროსებად ნინო ჩაჩავა, ლევან ალაფიშვილი, უჩა გელაშვილი, ბესო ჯებაშვილი და ზაზა გოროზია დაამტკიცა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი მერიის რჩეულ კანდიდატებს ასე მოძღვრავდა:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] “დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ზაზას, მაგრამ მინდა ვუთხრა მთავარი: მას ელოდება სერიოზული სამუშაო და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ სამუშაოს თავს შესანიშნავად გაართმევს.”

თუმცა სხდომათა დარბაზში იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არც ტაში დაუკრეს და არც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. ახალი მემარჯვენე გიორგი მოსიძე საკუთარი ფრაქციის პოზიციას ასე განმარტავს:

[გიორგი მოსიძის ხმა] “კონკრეტულად რომელიმე წარმოდგენილი კანდიდატის საწინააღმდეგო, როგორც ასეთი, არ გვაქვს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თბილისის მთავრობას, რომელმაც დღემდე არ აგო პასუხი იმაზე, რომ წინა მთავრობაში აღმოჩნდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლები.”

იმის გარანტიას, რომ დედაქალაქის მთავრობის ახალი წევრები ნარკომანები არ არიან, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი ტაბიძე იძლევა:

[გიორგი ტაბიძის ხმა] “ჩვენთან როცა ფრაქციაში შეხვედრა გვქონდა, გვაჩვენეს… ბოდიში და, შარდის ანალიზი ჰქონდათ ჩაბარებული. ასე რომ, არ არიან ნარკომანები. მერე თუ იმამაძაღლეს, არ ვიცი… მე ერთს ვიტყვი, რომ მე ვიქნები დაუნდობელი ამათ მიმართ იმიტომ, რომ გარკვეული სახის პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე.”

ლეიბორისტებისათვის, როგორც მოსალოდნელი იყო, სახელისუფლებო ფრაქციის წარმომადგენელთა ზეპირი გარანტიები მისაღები არ აღმოჩნდა. კახა ძაგანიამ ბიძინა ბრეგაძის საკრებულოში გამოცხადება და მისგან ანგარიშის ჩაბარება მოითხოვა:

[კახა ძაგანიას ხმა] “მოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს. ვინ იკისრა პასუხისმგებლობა, როცა აღმოჩნდა, რომ მთავრობის ერთი მესამედი არ არის ღირსი დაკავებული თანამდებობისა? არავინ!”

ლეიბორისტები პრემიერის იმპიჩმენტსაც ითხოვდნენ, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ მხარი არ დაუჭირა. უფრო მეტიც, უმრავლესობის წარმომადგენლებმა იქით შეუტიეს უმცირესობაში მყოფ კოლეგებს და შალვა ნათელაშვილის პარტიის დატოვებაც კი ურჩიეს:

[საკრებულოს წევრის ხმა] “ძალიან სამწუხაროა, როცა რუსეთის რეაქციული ძალები დასაყრდენს აკეთებენ ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც საქართველოში ხალხს ჰპირდებიან კეთილ მომავალს, ანუ ლეიბორისტულ პარტიაზე. მე მართლა გული მწყდება იმ ჩემ კოლეგებზე, რომებიც ლეიბორისტული ფრაქციიდან არიან, იმიტომ რომ ბევრი კარგი ადამიანია მათ შორის… და მე მოგიწოდებთ ადამიანურად - ჩამოშორდით ნათელაშვილს.” (სტილი დაცულია)
საკრებულოში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს ქვეყნის მოღალატეც უწოდეს. ამის მიზეზი კი რუსეთის ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-ს ეთერში გასული შალვა ნათელაშვილის ინტერვიუ გახდა. საქართველოს პრეზიდენტისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში ნათელაშვილმა ნოემბრის მოვლენებს შევადნაძის ოჯახის შიგნით მიმდინარე კლანური ბრძოლა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს შევარდნაძის კლანის მემკვიდრე უწოდა.
XS
SM
MD
LG