Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია განწყობა აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ?


ერთი დღეც და აფხაზეთში სეპარატისტების ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. შაბათს საღამოს მოისმენთ ჩვენი ზუგდიდელი კორეპსონდენტის რეპორტაჟს იმის შესახებ,

თუ როგორ აფასებენ საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთიდან დევნილები. მაგრამ როგორია განწყობა თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე, სეპარატისტების ბანაკში? ამის დადგენა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა.

აფხაზეთში საკუთარი კორესპონდენტების გაგზავნის შეუძლებლობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ტელეფონითაც ჭირს ინფორმაციის მოპოვება: მიზეზი მხოლოდ ნაწილობრივადაა სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში ქართველი ჟურნალისტებისადმი უნდობლობა. ჩვენი ინფორმაციით, ბევრს აფხაზეთში, უბრალოდ, ეშინია, რომ თბილისთან ტელეფონით საუბარს რეპრესიები მოჰყვება: თუნდაც სოხუმში უშიშროების სამსახურში დაბარება.

ამ შიშის “გასანეიტრალებლად” გადავწყვიტეთ სოხუმში პრაღიდან, “რადიო თავისუფლების” შტაბ-ბინიდან დარეკვა. ქართული სამსახურის დირექტორი რობერტ პარსონსი დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარულ პროგრამათა ცენტრის” თანამშრომელ ბატალ კობახიას და მისგან, მართალია, ჯერ ცივი უარი მიიღო (ქართულ რადიოს არ დაველაპარაკებიო!), მაგრამ ბოლოს მაინც დაიყოლია ინტერვიუზე: გაჭრა რობერტ პარსონსის არგუმენტმა, რომ “რადიო თავისუფლების” შემთხვევაში საქმე ეხება აშშ-ის საერთაშორისო, დამოუკიდებელ მაუწყებლობას, რომელიც ყველაზე მეტად თავისი ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით ამაყობს. ასე, რომ სოხუმელ ბატალ კობახიასთან ინტერვიუ შედგა და ახლა მის ჩანაწერს გთავაზობთ. რობერტ პარსონსის პირველი შეკითხვა ეხებოდა წინასაარჩევნო პროცესს: შეინიშნებოდა თუ არა რაიმე დარღვევები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში?
[ბატალ კობახიას პასუხი] “დღეს შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი კანონმდებლობის რაიმე განსაკუთრებული დარღვევა არ აღრიცხულა საარჩევნო შტაბებში. დაძაბულობა კი ძალიან დიდია, რადგან 5-ვე კანდიდატი რეალური ალტერნატივაა, 5-ვეს სურს გამარჯვება. ამიტომ, მიმდინარეობს საკმაოდ მწვავე პოლემიკა, არგუმენტაცია. მაგრამ ეს ჯერ არ გასცილებია კანონიერების ფარგლებს - იყო პატარა დარღვევები, მაგრამ ისინი უმნიშვნელოა. დავუშვათ, ვადების გაჭიანურება...”
[რობერტ პარსონსის შეკითხვა] “ჩვენი ინფორმაციით, არჩევნებს არ ესწრებიან უცხოელი მეთვალყურეები. რატომ?”
[ბატალ კობახიას პასუხი] “უცხოელ მეთვალყურეებს შეუძლიათ დასწრება. ჩვენს კანონში არის მუხლი, რომლითაც გარანტირებულია არჩევნებზე უცხოელი მეთვალყურეების დასწრების უფლება და ყველამ, ვისაც სურვილი ჰქონდა, ისარგებლა ამ უფლებით. ხოლო ვინც არ მოისურვა, არ ჩამოვიდა. თქვენ იცით, რომ აფხაზეთი არის არ-აღიარებული სახელმწიფო და ბევრ უცხოელ მეთვალყურეს არ სურს მეთვალყურის სტატუსით აქ ყოფნა. ეს არის და ეს. გარდა ამისა, “ეუთოს” არ სურს, რომ აქ მეთვალყურეები იყვნენ. მათზე ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უკანონოდ მიაჩნია ეს არჩევნები.”
[რობერტ პარსონსის შეკითხვა] “გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტებად ითვლებიან (პერმიერ-მინისტრი რაულ) ხაჯიმბა და (კომპანია “ჩერნომორენერგოს” ლიდერი სერგეი) ბაღაფში. რა არის მთავარი სხვაობა მათს პროგრამებს შორის, რა პოლიტიკური საკითხი იწვევს მათ შორის აზრთა სხვადასხვაობას?”
[ბატალ კობახიას პასუხი] “ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ორიენტირების თვალსაზრისით აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა არსებობს - ორივე კანდიდატის პოლიტიკურ მიზნად სახელდება აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა, აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების მიღწევა. ამ მხრივ განსაკუთრებული სხვაობა არ არსებობს - უბრალოდ, ლაპარაკია სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებზე. ხაჯიმბა, როგორც პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენელია, ამჟამინდელი კურსის გამგრძელებელი. ბაღაფში კი, მართალია, ადრე იყო პრემიერი, მაგრამ ახლა ბლოკის “ერთიანი აფხაზეთი” კანდიდატია. ამ ბლოკში კი სხვადასხვა ოპოზიციური პარტია შედის.”
[რობერტ პარსონსის შეკითხვა] “მაგრამ ზოგი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბაღაფში პროაფხაზურ, ნაციონალისტურ პოლიტიკას ემხრობა, მაშინ როცა ხაჯიმბა უფრო პრო-მოსკოვური ორიენტაციისაა...”
[ბატალ კობახიას პასუხი] “არა მგონია ... არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ყველა პარტია საკმარისად გარკვევით გამოხატავს სიმპათიას რუსეთის მიმართ. ამ მხრივ განსაკუთრებულ სხვაობას ვერ ვხედავ. უბრალოდ, ხაჯიმბას რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ბაღაფშს.”
[რობერტ პარსონსის შეკითხვა] “საქართველოსთან ურთიერთობისათვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში?”
[ბატალ კობახიას პასუხი] “არა. არა მგონია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. იცით, რაც შეეხება საერთო პოლიტიკურ ორიენტირებს, საქართველოსთან მიმართებაში ყველას ერთნაირი აქვს - არა მარტო პრეზიდენტობის კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც თავის თვალსაზრისს გამოთქვამს.”
ამ საერთო პოზიციის არსი ძნელი ამოსაცნობი არ არის: თუ აფხაზეთში ცნობილი ჟურნალისტის, მანანა გურგულიას სიტყვებს მოვიშველიებთ “აფხაზეთის კონსტიტუციაში წერია, რომ აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო. პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ერთი აზრისაა ამ საკითხში. აფხაზეთი არასოდეს გახდება საქართველოს შემადგენელი ნაწილი”.

აი, ასეთია განწყობა აფხაზი სეპარატისტების ბანაკში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. აქვე შეგახსენებთ, რომ მოისმინეთ ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარულ პროგრამათა ცენტრის” თანამშრომელ ბატალ კობახიასთან. მას სოხუმში დაურეკა რობერტ პარსონსმა.
XS
SM
MD
LG