Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


559-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 559-ე გამოშვებას. დღეს გესაუბრებით მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა ამ დღეებში; გაგაცნობთ ქართულ ფილმს დღევანდელი აფხაზეთის შესახებ; ვესაუბრებით სპორტის ბიზნესში მოღვაწე ზურაბ ფოცხვერიას და პალეოანთროპოლოგ დავით ლორდქიფანიძეს, რომელსაც ოთხშაბათს ფირმა "როლექსის" პრესტიჟული პრიზი გადაეცა პარიზში.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

მრავალხმიანობა – მშვიდობას ნიშნავს

ბიძინა რამიშვილი:
27 სექტემბერს თბილისში დაიხურა ტრადიციული მრავალხმიანობის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც წელს საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით და იუნესკოს ეგიდით ჩატარდა. სიმპოზიუმი დაიხურა, მაგრამ მისი სტუმრები საქართველოში რჩებიან. 28 სექტემბერს გურიაში ქართული ხალხური სიმღერის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. დეტალებს ახლა ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი გვახარია გაგვაცნობს.

[მუსიკა]

გიორგი გვახარია:
ეს გახლავთ ფრაგმენტი ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმო კონცერტისა, რომელიც 2002 წელს ჩატარდა თბილისში. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული სიმღერები შეასრულეს, თუმცა საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა არა იმდენად ამ კონცერტს, რამდენადაც ხალხური პოლიფონიისაადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს. მეორე სიმპოზიუმის გახსნაზე, ამ პროექტის სულმა და გულმა, ანზორ ერქომაიშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ პირველი სიმპოზიუმის წარმატებამ განაპირობა იუნესკოს აქტიური დაინტერესება ქართული ხალხური მუსიკით და წლევანდელ სიმპოზიუმზე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების ჩამობრძანება

[ანზორ ერქომაიშვილის ხმა] “პირველი სიმპოზიუმის შემდეგ დიდი ძვრა მოხდა – თბილისის კონსერვატორიაში დაფუძნდა მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრი... “თუ ადრე უცხოეთი მხოლოდ კონცერტებზე გამოხატავდა თავის აღტაცებას დღეს ეს მუსიკოსები ჩამობრძანდნენ ჩვენთანიმისთვის, რომ შეისწავლონ ქართული პოლიფონია...

სამეცნიერო სესიებში ამჯერად მონაწილეობა მიიღეს 16 ქვეყნის მეცნიერებმა, მათ შორის ამერიკელმა ფოლკლორისტმა და ეთნომუსიკოლოგმა იზალი ზემცოვსკიმ, რომელმაც კონსერვატორიაში, ფესტივალის საზემო გახსნაზე აღნიშნა

[იზალი ზემცოვსკის ხმა]: “რა გინდა თბილისში ასეთ მშფოთვარე დროში, საერთოდ, რატომ იკვლევ საქართველოს, ვერ დაეტევი შენს კალიფორნიაში? ასეთ კითხვებს როცა მისვამენ, მოკლედ ვპასუხობ ხოლმე “მიყვარს საქართველო”… ისინი გაოცებული მიყურებენ და მეკითხებიან, განა ეს მიზეზია იმისთვის, რომ იქ წახვიდე?”

[ხმა. მუსიკა]

მაგრამ მრავალხმიანობის შემსწავლელი მეცნიერები თბილისში მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიმღერის და საქართველოს სიყვარულმა არ ჩამოიყვანა. ტრადიციული მრავალხმიანობის სიმპოზიუმზე უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ პირველად შეიტყო, რომ მრავალხმიანობა არსებობს არა მარტო ქართულ და დავუშვათ, კორსიკულ სიმღერაში – მრავალ ხმაში მღერიან ბულგარეთშიც, ალბანეთშიც, ლიტვაშიც; უფრო მეტიც, ცნობილია მრავალხმიანობა აფრიკის ზოგიერთი ტომის მუსიკაშიც. ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა იმავე იზალი ზემცოვსკის სამეცნიერო ნაშრომის კონცეფცია – ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მრავალხმიანი სიმღერა უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც “მრავალთაზროვნება”, ე.ი. მუსიკალური დიალოგი, რომელიც ყველა მხარეს უნარჩუნებს დამოუკიდებლობას… ზემცოვსკის აზრით, “მრავალხმიანობა” – “მრავალთქცევაცაა”, ერთგვარი “კოლექტიური შემოქმედება”, როცა ცალკეული იცვლება დიალოგში და ამავე დროს, ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. როგორც ჩანს, ამერიკელი მეცნიერის კონცეფციას სიმპოზიუმის ორგანიზატორებიც იზიარებენ – მათ შორის, კონსერვატორიის რექტორი, მანანა დოიჯაშვილი

[მანანა დოიჯაშვილის ხმა]: “მე ღრმად მწამს, რომ ის განძი, რომელიც ჩვენამდე მოუტანიათ ჩვენს წინაპრებს თაობიდან თაობაში კვლავაც გადავა და უფრო გაბრწყინდება”

[მუსიკა.]

“თაობიდან თაობაში” გადასული განძის “გაბრწყინება” თავისთავად ნიშნავს “მრავალთქცევას”. მრავალხმიანობის მეორე სიმპოზიუმი უფრო მაშტაბურად ჩატარდა, ვიდრე პირველი – თბილისში მეცნიერიც უფრო მეტი ჩამოვიდა და მუსიკოსიც. “მრავალთქცევის” პროცესი დაწყებულია.
გიორგი გვახარია, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ქართული ფილმი დღევანდელი აფხაზეთის შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
“აფხაზეთი კონფლიქტის მხარე” - ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომელიც სტუდია რე-ს მთავარმა რეჟისორმა, მამუკა ყუფარაძემ გადაიღო აფხაზ კოლეგებთან ერთად. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის, შერიგების რესურსების ხელშეწყობით მამუკა ყუფარაძე აფხაზეთში ჩავიდა, სადაც მან სოხუმი, გაგრა და ტყვარჩელი ნახა, ესაუბრა იქაურ მოქალაქეებს, ფირზე აღბეჭდა მათი ყოფა და მონათხრობი. ფილმის პრემიერა 29 სექტემბერს გაიმართა კინოთეატრ ქოლგაში. შთაბეჭდილებებს დავით პაიჭაძე გაგიზიარებთ.

[ქალის ხმა] “მე ბევრჯერ ვიტირე. ჩემთვის ეს ძალიან გულისამაჩუყებელი კადრებია. პირველ რიგში, ადამიანებს შორის უნდა აღდგეს კონტაქტი და მერე - სამთავრობო დონეზე. პირველი ხიდი უნდა გაიდოს უბრალო ადამიანებს შორის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ. იმათ აზრს გვაცნობენ. ჩვენს დამოკიდებულებას - ძალიან რომ გვინდა იქ წასვლა - ავლენენ, თუმცა იქ არავინ არ გველოდება. მაგრამ, სიტუაცია იქაც ხომ უნდა მომწიფდეს. მე თვითონ სოხუმში არავინ არ დამრჩა”.

დავით პაიჭაძე:
ახალგაზრდა სოხუმელი ქალბატონის ეს სიტყვები და ინტონაცია გამოხატავს შთაბეჭდილებას, რომელიც ტიპური იყო პრემიერაზე დამსწრე დევნილებისათვის. მამუკა ყუფარაძის ფილმი 40 წუთს გრძელდება. თანამედროვე აფხაზეთი კი უწყვეტად 40 წუთის მანძილზე თითო-ოროლა ქართველს თუ უნახავს. ავტორი და მისი აფხაზი კოლეგა, რადა არგუნი მგზავრობენ სოხუმი-სოჭის მატარებლით, ესაუბრებიან მგზავრებს, მოვაჭრეებს რუსეთის საზღვართან, სოხუმის საბავშვო ბაღის ქართველ აღმზრდელს, ლამარა მიმინოშვილს, ესწრებიან სპექტაკლს სოხუმის თეატრში, დადიან სოხუმისა და ტყვარჩელის ქუჩებში. ხალხმრავლობა იშვიათია. მოქალაქეები ძალიან ხშირად ამბობენ სიტყვას “выжить” – გადარჩენა. საქართველოს მოქალაქეებმა აქამდეც იცოდნენ, რომ აფხაზეთში არ ულხინთ, მაგრამ ფილმში ამას ხედავენ კიდეც. ეგ არის, თუ ვინმეს ბოღმიანი სიხარული აქვს იმის გამო, რომ “გამარჯვებული” აფხაზეთი “დამარცხებულ” საქართველოზე უარესად ცხოვრობს, მამუკა ყუფარაძის ფილმმა ეს ემოცია, შეიძლება, გაუქარწყლოს. და ეს შეიძლება მოხდეს არა იმიტომ, რომ აფხაზეთში ვინმეს ქართველებთან ერთად ცხოვრება უნდა და ამას არ მალავს - აფხაზეთის სწორედაც რომ არც ერთ მკვიდრს ეს სურვილი არ გამოუხატავს. ნიშნისმოგება შეიძლება გაქრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფიმით ცოტა უკეთ გესმის აფხაზების, ვიდრე მის ნახვამდე. მსგავს განწყობას ჩემთან საუბარში იურისტი ზურაბ ბურდული გადმოსცემს:

[ბურდულის ხმა] “ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთში ასეთი ვითარება იყოს: იქ არის საშინელი, ცუდი რეჟიმი და ამ რეჟიმს თუ მოვიშორებთ, დანარჩენს რამნენაირად ეშველება, ხალხს იმდენად დიდი პრობლემა არა აქვს. არადა, მთლად ასეც არ არის საქმე. ხალხს იქ აქვს სერიოზული ჭრილობები და ამ ჭრილობებს უყურებს ძველი ჭრილიდან. კომუნიკაცია დახშულია, სტერეოტიპები ძალაშია, ძველი ტკივილი ცოცხალია. ძალიან სერიოზული სამუშაოა გასაწევი და მიდგომა, თითქოს არძინბას მოშორებით დაახლოება უცბად მოხდება, არასწორია”.

ასეთი ფართო დიაპაზონით თანამედროვე აფხაზეთი არავის დაუნახავს, მითხრა ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის დირექტორმა ზურაბ შენგელიამ. მან, ერთი შეხედვით, პარადოქსული დაკვირვება შემოგვთავაზა:

[შენგელიას ხმა] “ამ ფილმს პედაგოგიური დატვირთვაც აქვს: მან დევნილ საზოგადოებას აჩვენა ფაქტი, რომ ომისშემდგომი სინდრომი, ფსიქოლოგიური დატვირთვა და ა.შ. აქ მყოფ დევნილ საზოგადოებაში უფრო ნაკლებია, ვიდრე აფხაზეთში დარჩენილ მოქალაქეებში. ეს უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია”.

შთაბეჭდილება სხვაც იყო. სოხუმიდან დევნილმა კაცმა, რომლის ვინაობას ვერ გავამხელ, მითხრა: თუ მოხერხდება, რაც შეიძლება ხშირად უნდა მივცეთ კამერა და მიკროფონი აფხაზებს, რათა გვლანძღონ, გამოხატონ ყველა ნეგატიური ემოცია და ბოლოს, როცა ეს აგრესია და სიძულვილი გაცვდება, სიტყვაში დაიშრიტება, ეგებ ერთმანეთთან ლაპარაკი შევძლოთო. აქვე დავძენ, რომ ჩემს თანამოსაუბრეს ეს ემოცია ფილმისგან თითქოს არ უნდა გასჩენოდა, რადგან ეკრანიდან მოლაპარაკე თითქმის ყველა ადამიანი თავშეკავებული იყო, ძირითადად თავისას ჰყვებოდა. ქართველების და საქართველოს სიძულვილიც არავის გამოუხატავს.

სიუჟეტს კი მწერალ ნაირა გელაშვილის მოკლე შეფასებით დავასრულებ.

[გელაშვილის ხმა] “ფილმი მართლაც შედგა და უმნიშვნელოვანესი შენაძენია უახლესი ისტორიისათვის”.


საუბარი სპორტის ბიზნესში მოღვაწე ზურაბ ფოცხვერიასთან

ბიძინა რამიშვილი:
“სარბიელი”, “კროკო”, “სარო”, “ამერი”. ეს სიტყვები კარგადაა ცნობილი სპორტის მოყვარულთათვის: ბევრმა მათგანმა იცის კიდეც, რომ თითოეული ეს სიტყვა ან უშუალოდ უკავშირდება სპორტის სფეროს ან გარკვეული შეხება აქვს მასთან. შესაძლოა, ნაკლებადაა ცნობილი ის, რომ როგორც გაზეთ “სარბიელის”, ისე ტოტალიზატორ “კროკოს”, ფირმა “საროს” და ფეხბურთის კლუბ “ამერის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ბიზნესმენი ზურაბ ფოცხვერია, რომელიც არც თუ შორეულ წარსულში ჟურნალისტი გახლდათ. მას ჩვენი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ფეხბურთის კლუბი “ამერი” არსებობის თითქმის სამ წელს ითვლის, იურიდიულად კი ორი წლის წინ დაფუძნდა. ზურაბ ფოცხვერია ამ კლუბის არა მხოლოდ დამფუძნებელი, არამედ პრეზიდენტიც არის.
რატომ დაინტერესდა ის კლუბის შექმნით?

[ფოცხვერიას ხმა]“მე მთელი ცხოვრება ფეხბურთთან ვარ დაკავშირებული და სხვადასხვა ეტაპზე ეს იდეა მეტნაკლები აქტუალურობით იდგა. ამჯერად, როგორც ეს ხშირად ხდება ცხოვრებაში, გარკვეული ფაქტორების თანხვედრამ განაპირობა, რომ ამ იდიეისთვის ხორცი შეგვესხა”.

“ამერი” საქართველოს პირველობის პირველ ლიგაში თამაშობს. მისი მწვრთნელია საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჩიხრაძე. “ამერი” ამჟამად ლიგის ლიდერიცაა და, როგორც კლუბის პრეზიდენტი ამბობს, უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიზნად აქვთ დასახული.
ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ დღეს ფეხბურთის ბიზნესი საქართველოში მომგებიანი ნამდვილად არ არის. რას ფიქრობს ამაზე ზურაბ ფოცხვერია?

[ფოცხვერიას ხმა] “თქვენ არ ცდებით, ყველაფრის გათვალისწინებით დღესდღეობით საქართველოში ფეხბურთი რენტაბელური ბიზნესი არ გახლავთ.

-ფაქტობრივად თქვენ აფინანსებთ ამ გუნდს, მაგრამ დღევანდელ ეტაპზე რამდენად გამართლებულია ასეთი ფინანსური რისკი?

[ფოცხვერიას ხმა]“საბედნიეროდ გამოინახა ადამიანების ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა დაებანდებინა ფული ამ საქმეში და აქედან გამომდინარეობს არსებობა დღესდღეობით საქართველოში თუნდაც რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი კლუბისა, რომელსაც ელემენტარული პირობები აქვს”.

რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საროს”, რომელიც სპორტული ტანსაცმლის კერვაზე სპეციალიზდება. “საროს” პროდუქცია აცვია საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებს, რასაკვირველია “ამერის” გუნდს და მათთან ერთად პირველი ლიგის კიდევ რამდენიმე გუნდს.

[ფოცხვერიას ხმა]“ “და, რაც მთავარია, სარო გახლავთ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორი”.

რაც შეეხება ტოტალიზატორ “კროკოს”, ის უკვე თითქმის 12 წელიწადია მუშაობს. ბატონ ზურაბს ვეკითხები, რამდენად კმაყოფილია ტოტალიზატორში მოსული ადამიანი მომსახურებით?

[ფოცხვერიას ხმა]“ “უკმაყოფილო რომ იყოს, ამას, ალბათ, გამოხატავდა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მომხმარებელი ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილოა”.

რასაკვირველია, ზურაბ ფოცხვერიასთან საუბარი არასრული იქნებოდა, საუკეთესო სპორტული გაზეთის, “სარბიელის” გარშემოც რომ არ გვესაუბრა. დეკემბერში გაზეთს 14 წელი შეუსრულდება დაფუძნებიდან.

[ფოცხვერიას ხმა]“მე მიჭირს ახლა ეს 14 წელი რაღაც ორ სიტყვაში მოვაქციო, მაგრამ პრინციპში მგონია, რომ სარბიელი თავისი ისტორიის ყველა ეტაპზე გარკვეულ დონეს ინარჩუნებდა”.

საუბრის ბოლოს დავინტერესდი, თუ რას ფიქრობს ბიზნესმენი ახალ საგადასახადო კოდექსზე:

[ფოცხვერიას ხმა]“თუ არ იქნება მოქნილი საგადასახადო სისტემა და საკანონმდებლო ბაზა, საქართველოში ვერც ერთი სფერო ვერ განვითარდება ისე, როგორც საჭიროა და როგორც ჩვენ გვინდა: ისეთი პერიოდიც გვქონდა, როცა გაზეთი არ გამოდიოდა,- სარბიელის მაგალითს ვიშველიებ, -გაზეთი არ გამოდიოდა წელიწადნახევარზე მეტი. ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ დროს შეუძლებელი გახდა გაზეთის ფიზიკურად გამოცემა. თუ საკანონმდებლო ბაზის გამო ან რაიმე, ღმერთმა დაგვიფაროს, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, შეუძლებელი გახდება მუშაობა, ამას დავინახავთ თუ არა და ჩვენ უნდა ვაკეთოთ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”.

ბიძინა რამიშვილი:
ზურაბ ფოცხვერიას გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა.


ინტერვიუ "როლექსის" პრიზის ლაურეატ დავით ლორდქიფანიძესთან

ბიძინა რამიშვილი:
რა კავშირი აქვს ფირმა "როლექსის" საათს დმანისში აღმოჩენილ ევრაზიის უძველეს ადამიანთან, რომელზეც უკვე არაერხელ გვქონია საუბარი ჩვენს გადაცემებში? ეს ჰომინიდი, ანუ ადამიანის წინაპარი, განვითარების პრიმიტიულ დონეზე იმყოფებოდა, ხელსაწყოებიც ერთობ პრიმიტიული ჰქონდა და საათამდე, მით უმეტეს, "როლექსამდე", ძალიან ბევრი უკლდა.
მაგრამ სამაგიეროდ ამიერიდან საგანგებოდ მისთვის დამზადებული "როლექსით" დაიმშვენებს მაჯას ცნობილი ქართველი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი დავით ლორდქიფანიძე. ძვირფასი საათის გარდა მან ფირმა "როლექსის" მეტად პრესტიჟული პრიზი და სოლიდური ფულადი პრემია, 100 ათასი დოლარი, დმანისის გათხრებში გაკეთებული აღმოჩენებისთვის მიიღო 29 სექტემბერს პარიზში პარიზში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე. მას ტელეფონით დავუკავშირდით ჩვენი გადაცემის წინ.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ პალეოანთროპოლოგ დავით ლორდქიფანიძესთან, "როლექსის" პრიზის წლევანდელ ლაურეატთან. მას ბიძინა რამიშვილი ესაუბრებოდა.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG