Accessibility links

logo-print

პარლამენტმა საქართველოს გერბი დაამტკიცა


საქართველოს დღეიდან ახალი გერბი აქვს. 130 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 1 ოქტომბერს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, სამივე მოსმენით, თითქმის ერთხმად დაამტკიცა პროექტი,

რომელიც მანამდე, ფაქტობრივად, არც კი გამხდარა საზოგადოების მსჯელობის საგანი. საქართველოს ახალი გერბი ტრადიციული ქართული ჰერალდიკის ნიმუშია. იგი კონკურსში გამარჯვებული ორი პროექტის კომპილაციურ ვარიანტს წარმოადგენს - გერბის ძირითადი ფიგურაა იკონოგრაფიული წარმოშობის მხედარი, წმინდა გიორგი, ხოლო ფარის მტვირთველები - ლომები. გერბის დამტკიცებით “ვარდების რევოლუციით” მოსულმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად დაასრულა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკაზე მუშაობა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 1 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, თითქმის დასრულდა გერბის გარშემო წარმოებული მრავალთვიანი დებატები. საზოგადოებასა და პრესაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი ორჯერ გავიდა. განხილვის საგანი იყო კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომლის ესკიზს საზოგადოება კარგად იცნობდა: ოთხ ნაწილად გაყოფილი ფარი, რომლის პირველ და მეოთხე მეოთხედებში წმინდა გიორგი იყო გამოსახული, მეორეში - მთა, მესამეში კი - ოქროს საწმისი. დღევანდელი, ანუ დამტკიცებული, გერბი უფრო სადაა: გერბის ფარზე გამოსახულია წმინდა გიორგი, შარავანდედითა და ივერიული გვირგვინით, ფარის მტვირთველები არიან ლომები, პოსტამენტზე მოთავსებულია ვაზის წნულის ორნამენტი. მასზე გადაფენილია სადევიზე ბაფთა, წარწერით - “ძალა ერთობაშია”.

[მამუკა გონგაძის ხმა]” მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ, რა თქმა უნდა, ის ძველი ვარიანტი იყო გაცილებით დატვირთულიც და უფრო ძლიერი ფიგურებით აღჭურვილი. პირველ რიგში, საზოგადოებიდან იყო ამაზე ძალიან არაკორექტული გამოთქმები: დამხრჩვალი კატა, გვამი და ასე შემდეგ. ნუ, გასაგები იყო, ვეღარ იმუშავებდა და ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმიტომ რომ ეს გერბიც ჩემ მიერ იყო წარდგენილი, წმინდა გიორგის გამოსახულებით, და რომელიც ისტორიულ საფუძვლებს ემყარება თავიდან ბოლომდე.”(სტილი დაცულია)

ჰერალდიკოს მამუკა გონგაძის წმინდა გიორგის გამოსახულებიანი გერბის ესკიზმა სპეციალური კომისიის მოწონება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიმსახურა. მაშინ ეს იყო ცნობილი ოთხფიგურიანი გერბის მცირე გერბის პროექტი. პარლამენტის მიერ 1 ოქტომბერს დამტკიცებული სახელმწიფო გერბის მცირე გერბი ასევე ერთფიგურიანია, წმინდა გიორგის გამოსახულებით, ანტურაჟისა და ბეისმენტზე დევიზის გარეშე. თავისთავად ორი გერბის პრაქტიკაში შემოტანა კი სიახლეა, რომელიც საზოგადოებაში ჯერ მხოლოდ კითხვებს იწვევს. დეპუტატ ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, კანონი სახელმწიფო გერბის შესახებ მარტივად არეგულირებს როგორც სახელმწიფო მოღვაწეების, ისე სახელმწიფო დაწესებულებების რანგირებას. ეგრეთ წოდებული დიდი გერბის გამოკიდების უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეძლევა, დიდგერბიანი ბეჭდებით ისარგებლებენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა მაღალწონიანი სახელმწიფო მოხელეები. დანარჩენ სახელმწიფო დაწესებულებებში მცირე გერბები იმოქმედებს. რაც შეეხება პასპორტებს და ფულს, რომლის ახალი სიმბოლიკის შესაბამისად ცვლილებების საკითხი უახლოეს წლებში უნდა გადაწყდეს:

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა]” ფულისთვის ეგ არის მხოლოდ დამცავი ნიშანი. ამიტომ შეიძლება შეიტანო და შეიძლება არ შეიტანო. პასპორტზე იქნება გერბი, დიდი გერბი, რასაკვირველია.”

დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე ახალი სახელმწიფო გერბის ერთ-ერთი მთავარი აპოლოგეტია. მას კენჭისყრისას დაფიქსირებული მოწინააღმდეგეების რიცხვი სამიც კი ძალიან ებევრება. წმინდა გიორგის გამოსახულებიან გერბს საქართველოს პარლამენტში 130-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG