Accessibility links

თბილისის მთავრობა კიდევ ერთი ბაზრობის გადატანას აპირებს


სავალალო სანიტარული მდგომარეობა და ქალაქის იერსახეზე ზრუნვა - ეს არის ის ტრადიციული არგუმენტები, რომლითაც მერიისა და სანიტარული ინსპექციის

წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქში მოქმედი ბაზრობებისა თუ სხვა სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს შიშის ზარს სცემენ. შერისხულთა რიცხვი განუხრელად იზრდება. თავად განსაჯეთ:. “ცენტრალური სუპერმარკეტის”, რკინიგზის სადგურისა და ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიების წესრიგში მოყვანის შემდეგ დედაქალაქის მმართველებმა თვალი მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრთან” მდებარე ბაზრობას - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “სალხინო-93”-ს დაადგეს. ვინ და რატომ უპირებს 300-მდე მოვაჭრეს ადგილიდან აყრას და როგორია მოდავე მხარეთა არგუმენტები?


[ისმის მატარებლის ხმა]

თბილისის ცენტრიდან გლდანში მდებარე ბაზრობაზე მოსახვედრად ლამის მთელი საათი უნდა იმგზავროთ მეტროთი და ბოლო, “ახმეტელის თეატრის”, გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ.

[ისმის ხმა] “ახმეტელის თეატრი” - ბოლო გაჩერება. გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები.”

სიგარეტით, სხვადასხვა ტკბილეულით, გამაგრილებელი სასმელებითა და საღეჭი რეზინებით მოვაჭრე ქალბატონებს უკვე მეტროს გამოსასვლელთანვე წააწყდებით. ვის მცირე დახლი აქვს გამართული, ვინ კი გასაყიდად გამოტანილ საქონელს ჩამოტარებით ყიდის. ამ ადამიანებს კარგად ესმით, რომ მეტროს შესასვლელთან ვაჭრობა აკრძალულია, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ.

[ქალბატონის ხმა] “ჯერ დავესაქმებიეთ, სადმე ქარხნები და ფაბრიკები აემუშავებინათ და მერე ეთქვათ, წადით აქედანო.”

[ქალბატონის ხმა] “ვზივარ პირველი ჯგუფის ინვალიდი ჩემთვის. სახელმწიფოს არ ვაწუხებ, 14 წელია აქ ვზივარ, წასასვლელი არ მაქვს…”

ეს ქალბატონები ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ტერმინით, გარემოვაჭრეებად ითვლებიან. მათგან განსხვავებით, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრთან” მდებარე შპს “სალხინო -93”-ის ბაზრობაზე 300-მდე ადამიანი კანონის სრული დაცვით ვაჭრობს. არადა, გლდანის გამგეობა სწორედ მათგან მოითხოვს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დაცლასა და იქვე, ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარე შენობაში გადასვლას. გლდანის გამგებლის კახა ლაბუჩიძის არგუმენტები ასეთია:

[კახა ლაბუჩიძის ხმა] “მიზეზი ოფიციალური გახლავთ ის, რაც ხდება ახლა ჩემს უკან, რასაც თქვენ ხედავთ და რასაც ვერც ერთი გლდანელი, მუხიანელი და თემქელი, ვინც სარგებლობს, ყოველ დილა-საღამოს მეტროთი უწევს ამათ უბინძურეს ბაზარში გავლა.”(სტილი დაცულია)

მოვაჭრეები კი გამგეობის მიერ შეთავაზებულ შენობას იწუნებენ და გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ:
[ქალბატონის ხმა] “ჩვენ არ გადავალთ! იქ შესვლა არის სახიფათო!”

[ქალბატონის ხმა] “სიცივე, სინესტე - საშინელი ადგილია. რა თქმა უნდა, არ გადავალ! მე ჯერ სიცოცხლე არ მომბეზრებია!”

მე, ბუნებრივია, ახალი ბაზრობისთვის შერჩეული შენობაც დავათვალიერე და იქ მყოფ ადამიანებსაც გამოველაპარაკე.

[მამაკაცის ხმა] “აქ ნორმალურია. სისუფთავეა, გაკეთებული დახლები, წვიმა არ გაწუხებს და არაფერი.”

[მამაკაცის ხმა] “ერთი რამ მიკვირს: ადამიანი რომ ვერ ხვდება კარგსა და ცუდს. ვერ ხვდება ადამიანი, რომ კარგია, რომ მოვიდეს და იმუშაოს…”

თუმცა ერთია დავა იმის შესახებ, რომელი ადგილი ჯობს სავაჭროდ და მეორე, რამდენად კანონიერია კერძო მესაკუთრის იძულება, რაიმე საბუთის წარმოდგენის გარეშე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია. არადა, საქმის ვითარება რომ სწორედ ამგვარად არის, ამას შპს “სალხინო-93”-ის დირექტორი თემურ კოპალეიშვილიც ადასტურებს:

[თემურ კოპალეიშვილის ხმა] “თქვენ თუ არ მოჭრითო, თქვენ თვითონ თუ არ გააკეთებთო, ჩვენ მოვაყენებთ ბულდოზერებს და გადავუვლით მაგ ნაგებობასო. ვეუბნებით, მოგვეცით გამგეობის გადაწყვეტილება. არ გვაძლევენ გადაწყვეტილებას !” (სტილი დაცულია)

დადგენილების არარსებობის გამო, ბაზრობის მფლობელები სასამართლოში ჩივილს ვერ ახერხებენ. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში კერძო მესაკუთრე? მე ამ კითხვით იურისტ დავით უსუფაშვილს მივმართე:

[დავით უსუფაშვილის ხმა] “არ უნდა მოიცვალონ ფეხი და უნდა მოითხოვონ ის აქტი, ის გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ ამისა და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება აიკრძალოს…”

დაბოლოს, ადვოკატების გარდა, გლდანელ მოვაჭრეებს საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის კობა დავითაშვილის იმედიც აქვთ. ოპოზიციონერ დეპუტატს ხომ ბათუმის ცენტრალური ბაზრის თანამშრომლების უფლებებისათვის ბრძოლაში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა.
XS
SM
MD
LG