Accessibility links

logo-print

გასული კვირის ქართული პრესის პუბლიკაციებში აფხაზეთის კონფლიქტის თემა ჭარბობდა, რაც


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის პუბლიკაციებში აფხაზეთის კონფლიქტის თემა ჭარბობდა, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ 27 სექტემბერს

საქართველოში სოხუმის დაცემის დღე აღინიშნა, 3 ოქტომბერს კი აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. პრესის მიმოხილვისას ამჯერად სწორედ აფხაზეთის საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.

„ ქართველების და აფხაზების დამარცხების დღე“, „აფხაზეთი აუცილებლად მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ“, „ჯვარცმის, ღალატის და სიკვდილის მე-11 წლისთავი“ - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის ქართული პრესა სოხუმის დაცემის მეთერთმეტე წლისთავს. თუ გაზეთების ერთი ნაწილი თვითმხილველთა მოგონებებს ბეჭდავს, მეორე ნაწილი უფრო იმით ინტერესდება, თუ როდის და როგორ შეიძლება მოგვარდეს აფხაზეთის კონფლიქტი. როგორც 28 სექტემბრის გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტიულობაზე საუბარი დღეს ნაადრევია. გაზეთის კითხვაზე, თუ რა შეიცვლება 3 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების ჩატარების შემდეგ, მამუკა არეშიძე ამბობს:



„შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში არა ხაჯიმბა, არამედ ბაღაფში-ანქვაბის ჯგუფი გაიმარჯვებს. მაშინ მოლაპარაკების პროცესის განახლების პერსპექტივაც გაჩნდება. ხაჯიმბა გამარჯვების რეალური კანდიდატია, თუმცა ამ ჯგუფის სახით სერიოზული ოპოზიცია ეყოლება და საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტორის გამოყენებას უნდა შეეცადოს.“


განსხვავებულ აზრს გამოთქვამს 28 სექტემბრის გაზეთი „რეზონანსი“, რომლის აზრითაც, რა შედეგით დასრულდება არჩევნები აფხაზეთში და ვინ გაიმარჯვებს - ეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში დიდად არაფერს შეცვლის. ამავე გაზეთის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის მიმხრობას ცდილობენ. ამ მხრივ, საინტერესოა კრასნოდარის მხარეში აფხაზეთიდან წასულ სომხურ მოსახლეობასთან სერგეი ბაღაფშის შეხვედრა. გაზეთი „რეზონანსი“ წერს:



რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის ეთნოპოლიტოლოგიური კვლევების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ სოჭში გაიმართა შეხვედრა აფხაზეთიდან წასულ, ახლა კი ყუბანში მცხოვრებ სომეხთა საინიციატივო ჯგუფსა და სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, სერგეი ბაღაფშს, შორის. საუბარი შეეხებოდა კრასნოდარის მხარის სომხურ დიასპორასთან მომავალ თანამშრომლობას ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში, - კონკრეტულად, აფხაზეთში მცხოვრები სომხებისთვის ჰუმანიტარული, სომხური სკოლებისთვის კი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით დახმარების საკითხს. ამასთან, ყუბანში დაფუძნდა აფხაზეთიდან წასულ სომეხთა სათვისტომო, რომლის ინიციატორებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ თანამემამულეებს მიმართეს მოწოდებით, ბაღაფშს მისცენ ხმა.

თუმცა, გაზეთ „რეზონანსის“ აზრით, იმისდა მიუხედავად, რომ, სხვადასხვა მონაცემით, აფხაზეთში სომხური დიასპორა ამჟამად მოსახლეობის 20-დან 30 პროცენტამდე ითვლის, აფხაზური არჩევნების ბედი ბევრისთვის უკვე გადაწყვეტილია: რაულ ხაჯიმბას გამარჯვებას, პირველ რიგში, რუსეთის მხარდაჭერა განაპირობებს.


„ ხაჯიმბას გამარჯვების გარანტია არა აქვს,“ - წერს 29 სექტემბრის გაზეთი „ხვალინდელი დღე“, რომლის ცნობითაც, გამორიცხული არ არის არჩევნებში მონაწილე რამდენიმე კანდიდატმა თავისი კანდიდატურა მოხსნას ბაღაფშის სასარგებლოდ. რაც შეეხება ამ დროისთვის ძალთა თანაფარდობას, აფხაზი სოციოლოგების მონაცემებით, ხაჯიმბას ამომრჩეველთა 4 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო სერგეი ბაღაფშს - 43 პროცენტი. გაზეთის ცნობით, არჩევნების წინ დაპირისპირება ამ ორ კანდიდატს შორის კიდევ უფრო მწვავდება. კერძოდ:


„ სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ბაღაფში დღემდე ინარჩუნებს სერიოზულ გავლენას აფხაზეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე. შესაბამისად, არძინბას მთავრობის პრემიერ-მინისტრ ხაჯიმბას ადმინისტრაციული რესურსის სრულად გამოყენების გარანტია ვერ ექნება.
ბაღაფში აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობას მოსკოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელს ალექსანდრე ანქვაბს ჩააბარებს. ეს „კაგებეს“ ოფიცრისა და რუსეთის კაცად ცნობილ ხაჯიმბას რეიტინგზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ცდაა. ამავე დროს, „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბაღაფშმა მოახერხა აფხაზეთის რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკური დაჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება. „ამცახარა“, „აიდგილარა“ და „ერთიანი აფხაზეთი“ აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების ფალსიფიცირების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, რომელსაც რაულ ხაჯიმბა წარმოადგენს. ეს უკვე რუსეთის არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, თუმცა მოსკოვში კარგად იციან, რომ ასეთი მუქარის განეიტრალება პუტინისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს.
პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კონფრონტაცია მისაღებია საქართველოსთვის, მაგრამ, სწორედ ამ მიზეზით, დაპირისპირება მიუღებელია რუსეთისთვის, რომელიც ეცდება მხარეებს შორის სიტუაცია დააბალანსოს. აფხაზეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში წამყვანი ადგილი ანტიქართულ განცხადებებს უჭირავს, თუმცა იმავე ხაჯიმბას, სერგეი შამბასა თუ ანრი ჯერგენიას განცხადებები განსხვავებულია რუსეთთან მიმართებაში. ქართველი ექსპერტების დასკვნით, ის, რომ კანდიდატთა ერთი ნაწილი აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრობას ეწინააღმდეგება, თბილისისთვის დამაიმედებელ სიმპტომად ვერ ჩაითვლება. რუსეთი, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში რეალურად აკონტროლებდა აფხაზეთის ტერიტორიას, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას.




პრესის მიმოხილვის ბოლოს კი იმაზე, თუ რას ელის ხელისუფლება 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. სწორედ ამ კითხვით მიმართა 2 ოქტომბრის გაზეთმა „ახალმა თაობამ“ რამდენიმე ქართველ პარლამენტარს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ედვარდ სურმანიძემ გაზეთს განუცხადა:


ჩვენ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დანიშნულ არჩევნებს არ ვცნობთ. ამ არჩევნებს არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, იმიტომ რომ არა მარტო ჩვენ, არამედ საერთაშორისო სტრუქტურები, ცივილიზებული სახელმწიფოები მის შედეგებს არ აღიარებენ. ეს არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სატყუარაა საკუთარი ხალხის მიმართ.
XS
SM
MD
LG