Accessibility links

სურსათზე სამომხმარებლო ფასები იზრდება. - ფასწარმოქმნის თავისებურებები საქართველოში


“ვარდების რევოლუციით” მოსული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო. პირველი ეტაპი

ერგნეთის ბაზრობის ჩაკეტვასა და კონტრაბანდული საქონლის წილის მკვეთრ შემცირებას დაუკავშირდა, მეორე კი ერგნეთის გავლით შემოსული პროდუქციის მარაგის ამოწურვას. ქართული წარმოების საკვები პროდუქტების ფასწარმოქმნის პროცესებზე კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიამ როგორღაც დიდად ვერ იმოქმედა. საკვები პროდუქტების სარეალიზაციო ფასი ზრდის დინამიკით გამოირჩევა. თავად მეწარმეები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ. მე ერთ-ერთ მათგანს, “პოულტრი ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს თამაზ კალანდაძეს, ვესაუბრე.

[თამაზ კალანდაძის ხმა]” ჩვენ, ფაქტობრივად, ქათმის ხორცს ვყიდით თვითღირებულებით.იმის გამო, რომ ჩვენ აბსოლუტურად ნატურალურ კვების პროდუქტებს ვაძლევთ ჩვენს ფრინველს, ეს გვიჯდება, ფაქტობრივად, იმ ფასად, რა ფასადაც ვყიდით ჩვენ ფრინველს. გამიგეთ, ასეთივე მდგომარეობაა კვერცხთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენი პროდუქცია არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა.”

საუბარია კოდის ქათამსა და კვერცხზე. როგორც “პოულტრი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი თამაზ კალანდაძე ამბობს, საქართველოში არსებულ სოციალურ ფონზე პროდუქციის თვითღირებულების ფასებში რეალიზება საწარმოს პრიორიტეტია. თუმცა სულ სხვა ვითარებაა სარეალიზაციო ობიექტებში -მაღაზიებში, ბაზრებში.

[გამყიდველის ხმა]” მოემატა, კი. კოდის ქათამი კილო იყო 4 და 30 და გახდა 4 და 80.”

[გამყიდველის ხმა]”კოდა გვაქვს. კვერცხიც გაძვირდა.არ ვიცი, რატომ გაძვირდა, არ ვიცი. შეიძლება ცოტა შემოდის. დიდი ხანია. ერთი თვეა კოდის კვერცხზე ვმუშაობთ მარტო. მომხმარებელი კმაყოფილია ამით და ამიტომ გვირჩევნია ჩვენი საქონელი გავყიდოთ, ვიდრე შემოვიტანოთ.”

კოდის ქათმისა და კვერცხის მწარმოებელი ფირმა მომხმარებელთათვის ახალი სერვისის დაწესებას გეგმავს. უახლოეს ხანში ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების აბონენტებს ფირმა დაუგზავნის ყოველდღიურ შეტყობინებას ქათმისა და კვერცხის ფასების შესახებ. რაც შეეხება უკვე არსებულ ვითარებას, პროდუქციაზე ფასების ზრდას “პოულტრი ჯორჯია” სადისტრიბუციო ქსლისა და უშუალოდ მაღაზიების ხელმღძვანელთა თვითნებობას მიაწერს:

[რეალიზატორის ხმა]” ძირითადად, ყველაფერი გაძვირდა, რადგანაც უკვე ვეღარ შემოდის, “ლევი” საქონელს რომ უძახდნენ, და ყველაფერს განბაჟება სჭირდება და ფასებმა მოიმატა.ჩვენც, შესაბამისად, ცოტ-ცოტა პროცენტს ვუმატებთ, რომ ზარალი არ ვნახოთ. ბრინჯმა - სადღაც 10 თეთრით, კვერცხმა - 2 კაპიკით. შაქარი იგივეა, ფაქტობრივად. ფქვილებმა დაიწია, პირიქით, გაიაფდა. ასევე ქართული პროდუქცია მატულობს ჩვენს ბაზარზე და ეს სასიამოვნოცაა და ფასებსაც არეგულირებს, ასე თუ ისე.”

უკანასკნელ წლებში კვების მრეწველობის ქართული კომპანიებიდან, სულ მცირე, ერთი ათეული წარმატებული ფირმის დასახელება ნამდვილად შეიძლება: სანტე, ამალთეა, ნიკორა, გრები და სხვები.

[მომხმარებლის ხმა]”მისასალმებელია, რომ ჩვენი ქართული პროდუქცია ადგილს იკავებს ქართულ ბაზარზე და იმედია, რომ მომავალში ქართული პროდუქცია უცხოეთშიც გავა. მხოლოდ ქართული შევიძინე.”

მაგრამ ქართული პროდუქცია მაინც შედარებით ძვირია, ვიდრე კონტრაბანდული და არაკონტრაბანდული გზით უცხოეთიდან შემოტანილი საქონელი. ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ამას ობიექტური მიზეზებით ხსნის:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა]”პირველი ის, რომ ქართული პროდუქცია, ძირითადად, კეთდება უცხოეთიდან შემოტანილი მასალების ხარჯზე. არა მარტო ტექნოლოგიები, პირველადი მასალაც. საქართველოში, მაგალითად, არ არსებობს ფაქტობრივად, რძის მოკრეფის ინფრასტრუქტურა. მეორე, პატარა მოცულობის წარმოება ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე გიგანტი”

დაბოლოს, ქართული პროდუქციის ფასწარმოქმნაზე მოქმედებს საგადასახადო კოდექსიც, რომლის კორექტირების მთავარი მიზანი საქართველოში წარმოების გაფართოება და ხელშეწყობა უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG