Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის 5-ე საერთაშორისო კინოფესტივალი


5 ოქტომბერს თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველში",

საზეიმოდ გაიხსნება თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც, ტრადიციულად, 6 დღეს გაგრძელდება. ფესტივალზე 80-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებაა განსაზღვრული.

თბილისის მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორის, კინოხელოვნების ცენტრ “პრომეთეს”, ოფისი იმავე შენობაშია, სადაც ჩვენ, რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს თანამშრომლები, ვმუშაობთ. ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ჩვენთვის იოლი იყო. გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა ინტერვიუს ჩაწერა ამ ხალხთან. ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე “პრომეთეს” მესვეურები ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებდნენ.

[ხმაური. მომზადება ფესტივალისთვის]

ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. კინოფესტივალზე, რომელსაც თავისი საკონკურსო პროგრამა აქვს, რომელიც 80 ფილმის ჩვენებას გეგმავს, აპირებს მოაწყოს საიუბილეო საღამოები, დისკუსიები, კონფერენციები, სულ ხუთიოდე ადამიანი მუშაობს... თანაც, ფაქტობრივად, უხელფასოდ – დღემდე თბილისის მერიამ, რომელიც შარშან ფესტივალის მთავარი სპონსორი იყო, მხოლოდ ნაწილობრივ გადარიცხა თანხა “ოქროს პრომეთეს” ანგარიშზე... ნაწილობრივ გადარიცხა ფული საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმაც... არადა, საქართველოში, სადაც დღესაც ამაყობენ “კინემატოგრაფიული წარსულით”, ასეთი დონის კინოფესტივალი არ იმართება – “ოქროს პრომეთე” ერთადერთი კინოფორუმია, რომელიც კინოს მოყვარულებს საშუალებას აძლევს ნახონ არაკომერციული ფილმები, ძველი კინოშედევრები... შეხვდნენ მსოფლიოში სახელგანთქმულ კინემატოგრაფისტებს. ფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე აღნიშნავს, რომ დღეს მთელ მსოფლიოში კინოფორუმის სახეს სწორედ მოწვეული სტუმრები ქმნიან... ამიტომ არასდროს ღიზიანდება, როცა ეკითხებიან: “ვინ იქნება წლევანდელი ფესტივალის სტუმარი... კინოვარსკვლავებიც ჩამოგყავთ?” გაგა ჩხეიძე ნერვიულობს მაშინ, როცა ახსნას იწყებს – რატომ ვერ ჩამოდიან ფესტივალზე კინოვარსკვლავები:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “ადამიანს ორ დღეში ვერ ჩამოიყვან... ერევნიდან კიდევ ჩამოიყვან, მაგრამ პარიზიდან, ლონდონიდან როგორ უნდა ჩამოიყვანო? ივლისში რომ დაემტკიცებინათ... კინოცენტრს ბოლომდე ჯერ არ გადმოურიცხავს ფული... მერიამ ნახევარი გადმორიცხა.”

როცა ფესტივალზე კინოვარსკვლავი არ ჩამოდის, ისღა გრჩება, რომ კარგი ფილმები აჩვენო და ასე დააინტერესო მაყურებელი. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებითად უკვე დამკვიდრდა ასეთი ტრადიციაც. მაგრამ იმ ფესტივალებზე ორგანიზატორებს დარბაზის პრობლემა ნაკლებად აქვთ. თბილისში კი არ არსებობს არაკომერციული კინოთეატრი. დედაქალაქის კინოდარბაზების მფლობელებს თავიანთი გეგმები, თავიანთი “ბიზნესი” აქვთ. როგორც არ უნდა უყვარდეთ კინო, მათ ვერავინ აიძულებს კომერციულად მომგებიანი ფილმი, რომელიც სულ რამდენიმე დღით აქვთ შეძენილი, ეკრანიდან მოხსნან და ამ ფილმის ნაცვლად ფესტივალის პროგრამაში ჩართული ექსპერიმენტული სურათი უჩვენონ. გაგა ჩხეიძე, ამ თვალსაზრისით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალის ცენტრალურ ღონისძიებად მიიჩნევს ბერლინის კინოფესტივალთან არსებული “ახალგაზრდული კინოს ფორუმის” დამფუძნებლების, გერმანიის დედაქალაქის უძველესი მუნიციპალური კინოთეატრის, “არსენალის”, დირექტორების - ულრიჰ და ერიკა გრეგორების - კონფერენციას “მუნიციპალური კინოთეატრები”, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში. შესაძლებელია, სწორედ ამ კონფერენციაზე გაირკვეს, ვისი საკუთრებაა დღეს თბილისის კინოთეატრები და რატომ ვერ ხერხდება მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის შექმნა საქართველოში.

მეხუთე საერთაშორსი კინოფესტივალის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ “ოქროს პრომეთეს” “ბატონიც” და “პატრონიც” თბილისის მერია უნდა იყოს... ისე, როგორც კანში, ბერლინსა თუ ვენეციაში ხდება ეს... არადა, ფაქტია, რომ კინოფესტივალი კვლავაც კერძო კომპანიების მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის სპონსორებს შორის გაგა ჩხეიძე განსაკუთრებით აღნიშნავს “ოქროს პრომეთეს” ოფოციალური გადამზიდის, “საქართველოს ნაციონალური ავიახაზების”, დამსახურებას, თანაც გვთხოვს, “საქართველოს ნაციონალური ავიახაზები” – “აირზენაში” არ აგვერიოს:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “პეტერბურგში აქვთ ფრენა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეისი, რადგან ფილმები ჩამოდის ამ გზით, შეკვეთილია რუსეთიდან... ისევ, რა თქმა უნდა, პრობლემაა ამ ფილმების ჩამოტანა საქართველოში... გაურკვეველი სიტუაციაა ფრენების მხრივ... გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგშია, შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, თუმცა არა მგონია, რომ ის პრობლემები, რომელიც შარშან გვქონდა ორგანიზაციის თვალსაზრისით, წელსაც განმეორდეს.”

დიახ, შარშან სწორედ გადაზიდვის პრობლემის მოუგვარებლობამ, რასაც კიდევ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუარესება და რუსული ბიუროკრატია დაემატა, ბოლო დღეს აურია ყველაფერი ფესტივალის პროგრამაში – კონკურსგარეშე ჩვენებიდან ამოვარდა რამდენიმე ფილმი, რომელიც რუსმა მებაჟეებმა საზღვარზე გააჩერეს. წელსაც კონკურსგარეშე პროგრამის მნიშვნელოვანი წილი რუსულ კინოგაქირავებაზე მოდის. მაგალითად, ფესტივალი იხსნება კინოთეატრ რუსთაველში ამერიკელი რეჟისორის სპაიკ ლის ფილმით “25-ე საათი”... თუმცა “ოქროს პრომეთეს” უკვე აქვს რუსეთის საბაჟოსთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება; ფესტივალის ორგანიზატორები გვარწმუნებენ, რომ წლევანდელ პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება... ამიტომ ფესტივალის გახსნამდე რადიო “თავისუფლებას” შეუძლია გირჩიოთ საკონსკურსო და კონსკურსგარეშე პროგრამის რომელი ფილმები უნდა ნახოთ აუცილებლად თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ესაა, პირველ რიგში, ევროპაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების სურათები: ზაზა რუსაძის “ბანდიტები” და ნინო კირთაძის “გადაეცით ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ”, აგრეთვე ალექსანდრე სოკუროვის “მამა და ვაჟიშვილი”, დაი სიჯიეს საფრანგეთში გადაღებული ულამაზესი სურათი “ბალზაკი და პატარა ჩინელი მკერავი ქალი”, ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, ფინელი რეჟისორის აკი კაურისმიაკის “კაცი წარსულის გარეშე”, სკანდალების მოყვარული ესპანელი კინემატოგრაფისტის ბიგას ლუნას “ზღვის ხმაური”... რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება საკონკურსო პროგრამაც, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ათი ფილმია ჩართული... სამწუხაროდ, კონკურსში არაა ქართული ფილმი, თუმცა ფესტივალის დღეებში მაინც გაიმართება ახალი ქართული სურათების პრემიერები... კერძოდ, ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული 8 მოკლემეტრაჟიანი სურათის ჩვენება. ყველა ფილმი “პირველი სიყვარულის” თემაზეა გადაღებული.

თბილისის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებსაც გამოეხმაურება. ნატო ვაჩნაძის დაბადების მეასე წლისთავთან დაკავშირებით დიდი ხნის შემდეგ თბილისში ხელახლა უჩვენებენ კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს გადაღებულ სურათს “ამოკი”... დიდი ხნის შემდეგ შესაძლებელი გახდება სერგო ფარაჯანოვის 4 ფილმის ჩვენება. გაგა ჩხეიძის თქმით, საქართველოში უკვე მოვიდა თაობა, რომელსაც ფარაჯანოვის სურათები არასდროს უნახავს:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღვნიშნოთ ფარაჯანოვის დაბადების 80 წლისთავი. მოეწყობა საღამო, მიძღვნილი მისი შემოქმედებისადმი – ჩვენ ვაჩვენებთ ფილმს, რომელიც წარმატებით უჩვენეს წელს კანის ფესტივალზე – გიორგი ფარაჯანოვის ფილმს... ვუჩვენებთ ფარაჯანოვის ოთხ მხატვრულ ფილმს... მოეწყობა განხილვა ამ ფილმების და მისი ნამუშევრების მცირე გამოფენა შარდენის ქუჩაზე – ორგანიზატორია ფარაჯანოვის ფონდი... სირთულეებთან არის დაკავშირებული ერევნიდან ექსპონატების ჩამოტანა. მოგეხსენებათ, მუზეუმიდან ექსპონატების წამოღება რთულია, მით უმეტეს, ერევნიდან, სადაც ძალიან უფრთხილდებიან ფარაჯანოვის დატოვებულ მემკვიდრეობას.”

ერევანში ფარაჯანოვის მემკვიდრეობასაც უფრთხილდებიან და ეროვნული კინოხელოვნების აღორძინებაზეც ზრუნავენ. თუმცა ვერც ერევანში და ვერსად მსოფლიოში ვერავინ ახერხებს “ხუთი კაცით” საერთაშორისო კინოფესტივალის მოწყობას... თანაც, უფულოდ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG