Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ელიტური საზოგადოების” პირველი სამხედრო შეკრების ერთი დღე


16 სექტემბრიდან სოფელ ოსიაურის

განაპირას მდებარე ტერიტორიაზე საველე შეკრებას გადის ქართველ რეზერვისტთა პირველი ბატალიონი. ქვედანაყოფი, ძირითადად ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სხვადასხვა დონის მოხელეებისგანაა დაკომპლექტებული. თუმცა, ამავე ბატალიონში რეზერვის სამსახურს გადის პარლამენტის რამდენიმე წევრი და თვით საქართველოს პრეზიდენტის ძმაც, რის გამოც სოფელი ოსიუარი ამ დღეებში პრესის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მაგრამ რას წარმოადგენს სინამდვილეში, ელიტური საზოგადოების ფართოდრეკლამირებული სამხედრო შეკრება? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ქართველ რეზერვისტებთან ოსიაურის საველე ბანაკში ორი დღე დავყავი.

[ხმა -რეზერვისტების მარში]

მე-16 დღეა, ასე იწყება რეზერვისტთა ნომერ პირველი ქვედანაყოფის ყოველი დღე ოსიაურში. ოცეულებად დაყოფილი 350 ქართველი რეზერვისტი ვალდებულია ადგეს დილის ექვს საათზე, ირბინოს 2-3 კილომეტრი და ჩაატაროს სხვადასხვა სახის ფიზიკური ვარჯიში, ამას მოსდევს საუზმე, სხვადასხვა სახის თეორიული და სპეციალური მეცადინეობა, სამწყობრო მომზადება და საბრძოლო იარაღის ტიპების შესწავლა. ოსიაურში განლაგებულ საველე ბანაკში ყველაფერი სამხედრო განაწესს ექვემდებარება, რომელსაც ეროვნული გვარდიის სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად რეზერვისტთა ბატალიონის მეთაური, პარლამენტარი დავით კირკიტაძე ადგენს. პარლამენტარი მეტაური არ მალავს, რომ მისი ბატალიონი ბრძოლისათვის ემზადება.

[დავით კირკიტაძის ხმა]

დავით კირკიტაძის გარდა სარეზერვო შეკრებას ოსიუარის ბანაკში პარლამენტის ექვსი წევრი გადის. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ანუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კურსის მხარდამჭერები არიან. გაპრეზიდენტებამდე, სააკაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, რომ სამხედრო სამსახური პრესტიჟული გახდიდა და ბოლოს მოუღებდა იმ მანკიერ ტრადიციას, როდესაც არმიაში მხოლოდ დაბალი ფენების წარმომადგენლები მსახურობდნენ. ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, ამბობს პრეზიდენტ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი, რომელიც რეზერვისტთა სამხედრო ბანაკში მეტყვიამფრქვევის სპეციალობას ეუფლება.

[დავით სააკაშვილის ხმა]

ოსიაურში ქართველ რეზერვისტებთან გატარებული ორი დღის განმავლობაში თავად მეც უამრავ ადამიანს დავუმეგობრდი. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისელი კახა ნემსიწვერიძე. იგი თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის ოცეულებისაგან შემდგარ ასეულს მეთაურობს. სწავლისგან თავისუფალ დროს ყველაზე ხმამაღალი სიცილი სწორედ იმ კარავში დგას, სადაც კახა ნემსიწვერიძე და მისი ხელქვეითები ცხოვრობენ. ქუთაისელების საველე შეკრებას საკუთარი სალაღობო ისტორიებიც ახლავს.

[კახა ნემსიწვერიძის ხმა]

მაგრამ სულ რაღაც ოთხი დღის წინ სახუმაროდ არავის ეცალა. რეზერვისტთა ბატალიონის ასეულები მორიგეობით გადაისროლეს ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. სტიქიის მძვინვარებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას სჭირდება მომზადებული რეზერვი. ქართველი რეზერვისტები სამი დღის განმავლობაში ფაქტიურად შიშველი ხელებით, ნიჩბებით, ბარებითა და ნაჯახები ებრძოდნენ ხანძარს და გარკვეულ ფართობზე მოახერხეს კიდეც მისი ლოკალიზება. ყველაზე ბოლოს ბორჯომ-ხარაგაულის სტიქიური უბედურების ზონა რეზერვისტთა მესამე ასეულმა დატოვა. მე მქონდა საშუალება დათუეთად წოდებულ მთაზე პარასკევს მომენახულებინა ღია ცის ქვეშ მყოფი მებრძოლები. მათ შორის პარლამენტის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, რომელიც სხვებთან ერტად აქრობდა ცეცხლს.

[ალექსანდრე შალამბერძის ხმა]

შაბათს, ჩემი მივლინების ბოლო დღეს რეზერვისტები ოსიაურიდან გორში მანქანებით გადაიყვანეს. იქ გორის სერჟანტთა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გრაფიკის თანახმად მათ სასროლეთზე ნორმატივები უნდა ჩაებარებინათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარსატორცნებიდან სროლაში.

[სროლის ხმა]

გორის სასროლეთზე მე გავიცანი რეზერვისტთა ბატალიონის მსროლელი, გარდაბნელი ხატიბ ბაბაევი. იგი ხუთ თავის თანამამამულესთან ერთად საკუთარი ნებით ჩაეწერა ამ ბატალიონში, რათა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი სამშობლო დაიცვას.

[ხატიბ ბაბაევის ხმა] “ სამშობლოს დაცვა სჭირდება, ჩემი სამშობლო კი საქართველოა. გვინდა დავიცვათ საქართველო და ჩვენი შვილები. ამისთვის კი საბრძოლო საქმის შესწავლაა საჭირო. მომავალში ყველას ვეტყვი, რომ ჩვენ აქ კარგად გვეპყრობოდნენ, რომ ყველანი ერთმანეთთან მეგობრულად ვცხოვრობდით.”

16 ოქტომბერს რეზევრისტთა პირველი საველე შეკრება ოსიაურში დასრულდება. 350 ადამიანი, რომელიც ერთ თვე ეუფლებოდა საბრძოლო ხელოვნებას, თავის ძირითად სამოქალაქო სპეციალობას დაუბრუნდება. პარალელურად კომპლექტდება რეზერვისტთა კიდევ ერთი ბატალიონი, რომელიც ერთთვიან შეკრებას ამჯერად საჩხერეში გაივლის. წლის ბოლომდე კი საქართველოს სამი რეზერვისტთა მომზადებული ბატალიონი ეყოლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG