Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნების დაცვის პრობლემები საქართველოში


4 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დროს კი საქართველოში გახურებული ნადირობის სეზონია, რაც,

ნადირობის წესებისა და ბრაკონიერთა სიმრავლის გამო, გარეულ ცხოველთა ძვირფასი ჯიშების მასობრივი განადგურების ხასიათს ატარებს. ესეც რომ არა, გასულ კვირას ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში გაჩენილმა ხანძარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მწვანე საფრით მდიდარ საქართველოში ბუნებას პატრონის ხელი აკლია.

საქართველოში არსებული გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები კარგა ხანია ტეხენ განგაშს იმ განუკითხაობის გამო, რაც ბუნებით მდიდარი ქვეყნის ეკოსისტემას განადგურებით ემუქრება. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე მათ კიდევ ერთხელ გამოიყენეს იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მწვავედ შეეხსენებინათ ეს საფრთხე. გარემოსა და ცხოველთა დაცვის კავშირ “ლობოს” პრეზიდენტმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სტატისტიკა, რომელსაც მათი ორგანიზაცია ფლობს იშვიათ ცხოველთა მკვეთრი დეპოპულაციის თაობაზე, უკიდურესად საგანგაშოა.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა]

ცხოველთა პოპულაციის შემცირება კი საქართველოში ბრაკონიერთა მომრავლებამ გამოიწვია. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლება, ბუნების დაცვითი ოფიციალური სტრუქტურების სახით, და სამართალდამცველი ორგანოები უძლურნი არიან აღკვეთონ ცხოველების უკანონო ხოცვა- ჟლეტა. არ გამოირიცხება კორუფციული გარიგება ნადირობაზე ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის დროსაც.

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა]

იმისათვის, რომ ბუნება და ცხოველთა სამყარო ადამიანის ხელით განადგურებისაგან გადაერჩინა, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ნაკრძალს ეროვნული პარკის სტატუსი მიანიჭა და მათი დაცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანას გაუთანაბრა. ერთ-ერთია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს ამ პარკის დასაცავად სრულყოფილი კვალიფიკაცია და აღჭურვილობა ჯერ კიდევ არ გააჩნიათ, იგი გაცილებით უკეთ დაცულ ტერიტორიად ითვლება. თოფების და ავტომატების ხმის შემცირებას კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ოცი წლის წინ გადახვეწილი ირმის დაბრუნება მოჰყვა. მაგრამ ეს იდილია 26 სექტემბერს დაირღვა. როგორც პარკის დირექტორი ზვიად გოცირიძე ვარაუდობს, გასულ კვირაში ბორჯომ-ხარაგაულის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სწორედ იმ ბრაკონიერების ნახელავი ინდა იყოს, რომლებსაც ირმების განადგურება სურთ.

[ზვიად გოცირიძის ხმა]

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მსგავსად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორიც ფიქრობს, რომ კანონმდებლობა და მისი აღმასრულებლები გაუმართლებელ ლოიალობას იჩენენ ბრაკონიერების მიმართ და მოჰყავს ამის დამადასტურებელი მაგალითი:

[ ზვიად გოცირიძის ხმა]

ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოში, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში, ეგერებმა თითქმის 50 წლის წინ გადაშენებული ქართული ჯიქის კვალს მიაგნეს, ცოტა ხანში კი ამ უნიკალური პოპულაციის ფოტოობიექტივზე აღბეჭდვაც მოხერხდა. მაგრამ თუ ხელისუფლების მხრიდან ბუნების დაცვის კონტროლი არ გამკაცრდა, ბუნების დამცველები შიშობენ, რომ ბრაკონიერთა ტყვიამ, შესაძლოა, არც ეს უნიკალური ჯიშის ცხოველი დაინდოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG