Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებამ ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო


მაშინ, როდესაც კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, საქართველოს მთავრობამ ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა გაიხსენა და მის წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყო.

თემის აქტუალიზება პირდაპირაა დაკავშირებული რთვლის დროს ყურძნის ჩაბარებისას წარმოქმნილ სირთულეებთან. სწორედ ფალსიფიცირებული ღვინის ფართოდ გავრცელების გამო გახდა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის წამგებიანი კახეთში მოწეული ხარისხიანი და ძვირად ღირებული ყურძნის შესყიდვა-გადამუშავება. შესაბამისად, ღვინის მწარმოებელთა ნაწილმა აზერბაიჯანიდან დაიწყო უფრო იაფფასიანი ყურძნის შემოტანა. საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ უკვე აღკვეთა ერთი ასეთი ფაქტი.

საქართველოს ხელისუფლებას კახეთში მოწეული ყურძნის დიდი მოსავლის ჩაბარების პრობლემა დღემდე ვერ გადაუწყვეტია და თავის მართლების მიზნით ასეთ განცხადებებსაც კი აკეთებს:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”ყურძენი არის გაცილებით მეტი, ვიდრე არის მოთხოვნა ქარხნების მხრიდან.”

ეს იყო კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილი. მისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია პრობლემის სიმწვავეს ღვინის ფალსიფიკატორებს აბრალებს. სწორედ მათ გამოუცხადა ომი საქართველოს მთავრობამ. არის პირველი შედეგებიც. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს საგანგებოდ აცნობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე აღკვეთა აზერბაიჯანიდან შავი ყურძნის შემოტანის ფაქტი. სწორედ ასეთი ყურძენი გამოიყენება ფალსიფიცირებული ღვინის მასალად.

[სოსო ბაჩიაშვილი] ”სპეციალური მასალა არსებობს. მე მაქვს ეს ინფორმაცია - რუსეთის საბაჟოს მონაცემები. იქ ნახავთ ისეთ მწარმოებლებს, რომლის სახელწოდება საერთოდ არავინ არ იცის. არიან ისეთი მწარმოებლები, რომლებსაც მიმღები განყოფილება არ აქვთ ქარხანაში და გააქვთ ძალიან დიდი რაოდენობით; თანაც იმიტომ, რომ გააქვთ, ასე ვთქვათ, ჩალის ფასად.”(სტილი დაცულია)

ეს იყო სოსო ბაჩიაშვილი, მანავის ღვინის მარნის დირექტორი. მის მსგავსად, სხვა ღვინის მწარმოებლებიც იძულებულნი არიან ფალსიფიკატორებისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით თავადაც ჩალის ფასად გაყიდონ ძვირად ღირებული პროდუქცია. ეს კი დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს კახეთის რეგიონში განლაგებულ ღვინის ქარხნებს.

[სოსო ბაჩიაშვილი] ”თუ პატიოსანმა საწარმომ უნდა მიიღოს მოგება 100 დოლარი, იღებს მოგებას 20-30 დოლარს.”

არადა, სწორედ როგორც სოსო ბაჩიაშვილი ამბობს, ”პატიოსანი” ღვინის მწარმოებლების ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული კახეთში მოწეული ყურძნის შესყიდვის ბედი.

ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ლევან მხეიძე ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში ღვინის ფალსიფიცირების პრობლემა დავიწყებას მიეცემა:

[ლევან მხეიძის ხმა] ”რეალურად შედეგი უკვე გვაქვს. ეს შედეგი ისაა, რომ საქართველოში იკლო აზერბაიჯანიდან ყურძნის შემოტანამ. ეს საკითხის ერთი მხარეა. საკითხის დანარჩენ პრობლემატიკაზეც ვმუშაობთ და რაღაც შედეგები გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ შედეგებს ვერ დავასახელებთ. თუმცა წვრილი მეწარმეების გარდა, ფალსიფიკაციას მსხვილი მეწარმეებიც სჩადიან.”

თუმცა კი ძნელი წარმოსადგენია შუა რთველში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ დაწყებულმა ბრძოლამ რთვლის შედეგებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეძლოს. კახელი მევენახეებისთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოწეული ყურძნის მოსავლის ლიკვიდურ ფასად გაყიდვა.
XS
SM
MD
LG