Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში


კვირას, 3 ოქტომბერს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა ვლადისლავ არძინბას ხანგრძლივი მმართველობის პერიოდი.

აფხაზთა ინფორმაციით, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 70-80-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა და ძირითადი ხმები ორ კანდიდატს - რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშს - შორის გადაანაწილა. ორშაბათს აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ შეეძლოთ იმის დაზუსტება, ხაჯიმბასა და ბაღაფშს შორის რომელი უნდა წარმოვიდგინოთ გამარჯვებულად. ეგზიტ-პოლის შედეგები, რომლის მიხედვით გამარჯვებული ხაჯიმბა უნდა იყოს, რადიკალურად განსხვავდება ბაღაფშის საარჩევნო შტაბის წინასწარი მონაცემებისგან. ამ უკანასკნელის მიხედვით, გამარჯვებული ბაღაფშია.

აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალური მონაცემებით შეიძლება. ეს არაოფიციალური მონაცემები კი ორგვარია: რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს გავრცელებული ეგზიტ-პოლის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ვლადისლავ არძინბას ფავორიტი რაულ ხაჯიმბაა, მეორეზე - სერგეი ბაღაფში. ამ უკანასკნელის საარჩევნო შტაბის მონაცემებით, რაც, ფაქტობრივად, ხმათა პარალელური დათვლის შედეგებს ეყრდნობა, გამარჯვებული ბაღაფშია. აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სავარაუდო გამარჯვებულის დასახელება ჯერ არ შეუძლიათ. ჩვენს შეკითხვას, ლიდერობს თუ არა რაულ ხაჯიმბა, ისე როგორც ამაზე ეგზიტ-პოლის გავრცელებულ შედეგებშია მითითებული, აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს:

[აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ხმა] “ის, რაც რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, ჩვენგან არ მოდიოდა. გავრცელებული შედეგები ჩვენს მონაცემებს არ ეყრდნობოდა. “

საარჩევნო კომისიაში კონკრეტულს არაფერს ამბობენ. თუმცა კონკრეტული მაჩვენებლებით ლაპარაკობენ ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია “ამომრჩეველთა ლიგა სამართლიანი არჩევნებისთვის”. მისმა წარმომადგენელმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ ჩვენთან საუბარი დაიწყო იმის ხაზგასმით, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები აფხაზეთში:

[ნადეჟდა ვენედიქტოვას ხმა] “მე თავად ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც ჟურნალისტი და როგორც ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენელი. ჩვენთან ერთად ამას აკეთებდნენ ამომრჩეველთა პოლიტიკური აქტივობის მხარდამჭერი კლუბის წევრები, რომლებიც არჩევნებზე დასაკვირვებლად პარლამენტმა მოიწვია. ისინიც ადასტურებენ, რომ არჩევნები წარიმართა ნორმალურად და სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ამომრჩეველთა ლიგამ სერგეი ბაღაფშის შტაბთან ერთად მოახდინა ხმათა პარალელური დათვლის ორგანიზება. ბაღაფში ლიდერობს 51 პროცენტით. ხაჯიმბას 32 პროცენტი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს მონაცემები შეესაბამება სინამდვილეს. “

ნადეჟდა ვენედიქტოვას ჩვენ დღის 2 საათისთვის ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ სოხუმში ბაღაფშის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბაღაფშის გამარჯვების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაშიც ადასტურებდნენ.

[გოგა ხაინდრავას ხმა] “ ჩვენი ინფორმაციით, გაიმარჯვა ბაღაფშმა, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადასტურდეს ის ინფომაცია, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს. ჩვენი ინფორმაციით, გუდაუთაც მოიგო ბაღაფშმა, გალზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. “

გალის რაიონთან დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ნათქვამი სოხუმშიც დაადასტურეს. ამომრჩეველთა ლიგის ინფორმაციით, გალის რაიონის ამომრჩეველთა 80 პროცენტმა ხმა სწორედ სერგეი ბაღაფშს მისცა.
4 ოქტომბერს სოხუმში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ პიკეტი გამართეს ოპოზიციის, ბაღაფშის, წარმომადგენლებმა და საარჩევნო კომისიაში თავმოყრილი მონაცემების სასწრაფო გამოქვეყნება მოითხოვეს. მონაცემები კი ჯერჯერობით არ ხმაურდება. ჩერნომორენერგოს დირექტორის სერგეი ბაღაფშის მომხრეების გარდა, გამარჯვებას კაგებეს სკოლაგამოვლილი რაულ ხაჯიმბას მომხრეებიც ზეიმობენ. ქართველი ექსპერტები კი მთელი ამ გაუგებრობების ფონზე აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG