Accessibility links

logo-print

რამდენად მოსალოდნელია ვარდების „აფხაზური“ რევოლუცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვისაც კი ნათელი ხდება, რამდენად ჰგავს 3 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი სიტუაცია აფხაზეთში ნოემბრის თბილისის მოვლენებს:

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვა. საუბარია არჩევნების გაყალბებაზე, ანუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაუზუსტებელ საარჩევნო სიებსა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე. ოპონენტები სოხუმში ეგზიტპოლების შედეგებს იშველიებენ საკუთარი კანდიდატის გამარჯვების დასამტკიცებლად. - ასე იყო ნოემბრის თბილისშიც. ნოემბრის მოვლენების მსგავსად, სოხუმში ოპოზიცია მოითხოვს არჩევნების შედეგების ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას და ა.შ. და ა.შ. თუმცა თბილისში სხვადასხვა მოსაზრებაა იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა სოხუმში მოვლენები თბილისის სცენარით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება არ აღიარებს 3 ოქტომბერს აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ბუნებრივია, რომ თბილისში ყურადღებით აკვირდებიან სოხუმში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აფხაზეთში - შეეგუება ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას თუ შეეცდება ამომრჩევლის ხმების დაცვას, როგორც ეს ერთი წლის წინ თბილისში მოხდა.
იმ მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ეჭვობს, აფხაზეთში შესაძლებელი იყოს ნოემბრის მოვლენების განმეორება:
[ აკაკი ასათიანის ხმა] „ ჯერ ერთი, იქ უფრო კონტროლირდება ვითარება. და მეორე - საქართველოდან საფრთხის მოლოდინში, ისინი გამწვავებაზე არ წავლენ - არც ოპოზიცია და არც რუსეთი არ დაუშვებს ამას. მაგრამ მოხდება სხვა რამ: ხაჯიმბა ერთ-ორ წელიწადში თავად მიიყვანს სიტუაციას გამწვავებამდე.“
მოძრაობა „კმარას“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა თუთბერიძის, აზრით, მოვლენების განვითარება ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი - რამდენად წარმატებულად იმუშავა ოპოზიციამ არჩევნების წინ, ანუ რამდენად შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება საკუთარი არჩევანის დაცვის აუცილებლობაში და მეორე - არსებობს თუ არა აფხაზეთში ლიდერი, რომელიც შეძლებს, ასე ვთქვათ, „გაბრაზებული ამომრჩევლების“ დარაზმვას. ყოველ შეთხვევაში, თეა თუთბერიძის თქმით, თბილისში “ვარდების რევოლუციის” წარმატება, ძირითადად, სწორედ ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა:
[თეა თუთბერიძის ხმა] „ კმარა” ძალიან ბევრს აკეთებდა, მაგრამ ჩვენ რომ არ გვქონოდა იდეაში, ვინ შეიძლება ყოფილიყო შევარდნაძის გადადგომის შემდეგ ხელისუფლებაში, ვინ შეიძლება გამხდარიყო პრეზიდენტი ან თუნდაც რომელი გუნდი მოვიდოდა - ამის გარეშე აზრი არ ექნებოდა არაფრის გაკეთებას. შალვა ნათელაშვილის იმედად არავინ არ მოახდენდა რევოლუციას ამ ქვეყანაში.“
თავად ლეიბორისტთა ლიდერი ხელისუფლების პოლიტიკას აფხაზეთში გამართული არჩევნების მიმართ მოღალატურს უწოდებს და მიაჩნია, რომ ოფიციალურ თბილისს შეეძლო უფრო აქტიური ყოფილიყო წინასაარჩევნო დღეებში.
აფხაზეთში რევოლუციის - და, სხვათა შორის, არა ხავერდოვანი რევოლუციის - შესაძლებლობას არ გამორიცხავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომლის აზრითაც, მოვლენების განვითარების ლოგიკა უახლოეს ორ-სამ დღეში გაირკვევა:
[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „ გავიხსენოთ, როგორ შეიქმნა „ამცახარა.“ ორი წლის წინ არძინბას გადაგდებაც უნდოდათ, იმდენად გამწარებულები იყვნენ. და მხოლოდ და მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ - ავად არის, მალე არჩევნები მოდის, მაინც გავიმარჯვებთო, ამით მოხდა ამ ხალხის მოთაფვლა. ახლა ძალიან აღრენილები არიან. რა გამოვიდა - არჩევნებში გაიმარჯვეს, მეორე ტურსაც არ აძლევენ და პირში ჩალაგამოვლებულებს ტოვებენ. ხალხს იარაღი აქვს სახლში და ხალხი მშიერია. ანუ ხაჯიმბა მათ ან „იყიდის“, რაც შეუძლებლად მეჩვენება, ან დაიწყება გამოსვლები.“
ასეა თუ ისე, 3 ოქტომბერს აფხაზეთში გამართული არჩევნები მეტად საინტერესო აღმოჩნდა თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი მომენტის გამო: სერგეი ბაღაფშმა რომ ხმების სოლიდური რაოდენობა მიიღო, კარგ ნიშნად უნდა იყოს აღქმული. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვის მიერ ხელდასხმულ კანდიდატს აფხაზეთში უკრიტიკოდ აღარ იღებენ.
XS
SM
MD
LG