Accessibility links

logo-print

რელიგიურ ორგანიზაციათა დისკრიმინაციის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეუდგა მსჯელობას, მიიღოს თუ არა განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციის, თავისუფლების ინსტიტუტის, სარჩელი.

განჩინებას სასამართლო 7 ოქტომბერს გამოიტანს. მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოს კანონმდებლობის ნორმას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს ავალდებულებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდნენ. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებს ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმად მიაჩნიათ. რატომ და რას მოასწავებს მისი შეცვლა რელიგიური ორგანიზაციებისათვის?

საქართველოს კონსტიტუცია მიღების დღიდან რელიგიური ჯგუფების საკითხს ღიად ტოვებდა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობა საკონსტიტუციო შეთანხმების მიღების შემდეგ, ასე თუ ისე, მოწესრიგდა. სხვა რელიგიურ ჯგუფებს, ანუ, საქართველოს პირობებში, უმცირესობებს, პრობლემა დარჩათ. პრობლემის ერთ, პრაქტიკულ, ასპექტს მოსარჩელე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი მელაძე ასე განმარტავს:

[მელაძის ხმა] “რელიგიური ორგანიზაციები ამ სახელმწიფოში არსებობენ და საქმიანობასაც ეწევიან, რისთვისაც სჭირდებათ კონკრეტული იურიდიული მექანიზმები. მაგალითად, ჰუმანიტარული საქმიანობის გასაწევად, რაიმეს დასაბეჭდად, საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის უნდა არსებობდეს ორგანიზაცია. პრაქტიკული საქმიანობისთვის მათ სჭირდებათ იურიდიული სტატუსი. სამწუხაროდ, ბევრი რამ კანონგარეშე კეთდებოდა, ანუ აკეთებდა რელიგიური ორგანიზაცია და ფიქსირდებოდა, როგორც კერძო პირის ნამოქმედარი.”

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კერძო პირს აქვს უფლება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმე განახორციელოს, ვთქვათ, ქველმოქმედება გასწიოს. რელიგიური ორგანიზაციები კი, რომელთაც სახელმწიფო ავალდებულებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ, ამ უფლების რეალიზებას მოკლებულნი იყვნენ.

[მელაძის ხმა] “საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაცია გულისხმობს რამდენიმე მომენტს. ერთი: ის უნდა იყოს დარეგისტრირებული კანონით ან შეიქმნას აღმასრულებელ ორგანოთა ნორმატიული აქტის საფუძველზე. ასეთი აქტების გამოცემა არაკონსტიტუციურია, რადგან, თუ პრეზიდენტი იტყვის, შეიქმნას, ვთქვათ, ბაპტისტური ეკლესია, ამით დაირღვევა კონსტიტუციის მე-9 მუხლი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის შესახებ.”

საქართველოს კონსტიტუცია 26-ე მუხლით იძლევა გაერთიანების თავისუფლების გარანტიას. რეგისტრაცია სწორედ გაერთიანების თავისუფლების დადასტურებაა. გაერთიანება შეიძლება როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე საერთოდ, რეგისტრაციის გარეშე. როცა სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას რეგისტრაცია გაიარონ კერძო სამართლის იურიდიული პირის რანგში, ხოლო დაურეგისტრირებელ ორგანიზაციებს არა აქვთ საშუალება იურთიერთონ სახელმწიფოსთან, ეს, მოსარჩელეთა აზრით, არჩევანის თავისუფლების წართმევაა.

[მელაძის ხმა] “ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება. დღეს არჩევანის საშუალება, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, კანონით აღარ არსებობს. კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ჩვენი მოთხოვნის არსიც ესაა: კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს.”

სამიოდ დღეში გაირკვევა, განიხილავს თუ არა სასამართლო თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელს. აქამდე ჩვენ მოწმენი ვიყავით სასამართლოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვისა: ყოფილი დეპუტატის შარაძის მოთხოვნით, სასამართლომ რეგისტრაცია გაუუქმა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას. საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ახალწარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით დაახლოებით 6 თვეში გამოიტანს.
XS
SM
MD
LG